Facebook Twitter

საქმე №330210013274544

საქმე №ა-1857-ა-11-2015 3 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ს.“

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ჯ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს.ს“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს.ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის მარტის, აპრილისა და მაისის სახელფასო დავალიანების – 3300 ლარის, ასევე, სარჩელის აღძვრამდე (2013 წლის 16 ივლისამდე) ყოველი დაყოვნებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა, რაზეც შპს „ს.-მ“ შეიტანა საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით შპს „ს.-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „ს.მ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს.-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

შპს „ს.-მ“ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება მხარისათვის გადასაცემად მომზადდა 2015 წლის 6 თებერვალს. აღნიშნული დროისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა უკვე გასული იყო. 2015 წლის იანვარში მომხსენებელი მოსამართლე ნ.ნ.-ის თანაშემწემ განუმარტა მხარეს, რომ დასაბუთებული განჩინება მომზადდა დაგვიანებით და საქმეს დაერთვებოდა მოსამართლის მიერ დასაბუთებული აქტი.

მხარემ განმარტა, რომ წარმოდგენილ განცხადებას დაერთო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნ. ნ.-ის თანაშემწე თ. ი.-ის მიერ შედგენილი №2ბ/...-14 აქტი, რომლითაც დასტურდება განჩინების დაგვიანებით მომზადებისა და მხარისათვის გადაცემის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლები და მიაჩნია, რომ შპს „ს..ს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.

მოცემულ შემთხვევაში შპს „ს..მ“ ასეთ მტკიცებულებად მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნ. ნ.-ის თანაშემწე თ. ი.-ის მიერ შედგენილი №2ბ/...-14 აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის დასაბუთებული განჩინება მომზადდა და მხარეებს გადაეცა დაგვიანებით, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, შპს „ს.-ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება განმცხადებლისათვის სასურველ შედეგს გამოიღებდა და საკასაციო საჩივარი განუხილველად არ დარჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული განჩინებით საკასაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა შპს „ს.-ს“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, კერძოდ, საკასაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი ხ. მ.-ა (ტ. 2, ს.ფ.37-43). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ, გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2015 წლის 23 იანვრისა. აღნიშნულის მიუხედავად, არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორის წარმომადგენელმა – ხ. მ.-ამ გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩიაბარა 2015 წლის 10 თებერვალს.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 24 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 13 თებერვალს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა წარდგენილიყო 2014 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შპს „ს.-ს“ წარმომადგენელმა ხ. მ.-ამ შეიტანა 2015 წლის 27 თებერვალს (ტ. 2, ს.ფ.60-67) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება მოამზადა და მხარეს გადასცა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რამაც გამოიწვია შპს „ს.-ს“ მიერ საკასაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას მითითებული აქტის შინაარსის გათვალისწინება შპს „ს.-ს“ სასარგებლოდ გავლენას იქონიებდა საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე და მის განუხილველად დატოვებას არ გამოიწვევდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს.-ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება შპს „ს.-ს“ საკასაციო საჩივარზე განახლდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.-ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინება და საქმის წარმოება შპს „ს.-ს“ საკასაციო საჩივარზე განახლდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური