Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2062-შ-43-2015 30 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - დ. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ....... გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ........9 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2003 წლის 16 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ა იცხოვრებს მოსარჩელე ა. პ-თან, მოპასუხე დ. ნ-ამ აიღო ვალდებულება, 2015 წლის 1 აპრილიდან გადაიხადოს ბავშვის რჩენისათვის დაკისრებული 60 000 ფორნიტი ყოველი თვის 10 რიცხვამდე, განისაზღვრა ბავშვისა და მამის ურთიერთობის საკითხი, ხოლო მეუღლეებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შენარჩუნება, ამასთან, განქორწინებას დაეთანხმა მოპასუხე (დ.ნ-ა).

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ. ნ-ამ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები. მათ უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, როს გამოც იგი 2015 წლის 30 მარტიდან ძალაშია შესული. დ.ნ-ას განმარტებით, განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებულია ბუდაპეშტის ტერიტორიაზე, ხოლო შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დგინდება რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინებით დ.ნ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს 12.06.2015წ. განჩინება, ასევე საქმის მასალები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს ა.პ-ს, ხოლო შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ა.პ-ისი სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ განქორწინების ნაწილში დ.ნ-ას შუამდგომლობა ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ....... გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ........ გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2003 წლის 16 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ა იცხოვრებს მოსარჩელე ა.პ-თან, მოპასუხე დ. ნ-ამ აიღო ვალდებულება, 2015 წლის 1 აპრილიდან გადაიხადოს ბავშვის რჩენისათვის დაკისრებული 60 000 ფორნიტი ყოველი თვის 10 რიცხვამდე, განისაზღვრა ბავშვისა და მამის ურთიერთობის საკითხი, ხოლო მეუღლეებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შენარჩუნება, ამასთან, განქორწინებას დაეთანხმა მოპასუხე (დ.ნ-ა).

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ. ნ-ამ და მოითხოვა განქორწინების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და განხილვაში მონაწილეობდნენ მხარეები. მათ უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, როს გამოც იგი 2015 წლის 30 მარტიდან ძალაშია შესული. დ.ნ-ას განმარტებით, განქორწინების ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებულია ბუდაპეშტის ტერიტორიაზე, ხოლო შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დგინდება რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება ასევე მოწინააღმდეგე მხარის ჯეროვანი ინფორმირების ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების ნაწილში ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ....... გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ნ-ას შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ...... გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ბუდაპეშტის IV და XV რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის ... გადაწყვეტილება მეუღლეების: დ. ნ-ასა და ა. პ-ის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური