№ა-226-ბ-2-2015 30 ივლისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ე. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჩ-ე, ნ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1. ე. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე რ. ჩ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 59618 აშშ დოლარის გადახდა;
3. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1. რ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ჯ-ის სარჩელი რ. ჩ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
4. ე. ჯ-ეს რ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3928 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
ე. ჯ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განცხადების საფუძვლები:
ე. ჯ-ემ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინება ჩაიბარა 2014 წლის 25 დეკემბერს. ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში მონაწილეობდა მოსამართლე ვასილ როინიშვილი. დასახელებულ მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რადგან იგი ე. ჯ-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ზედამხედველ პროკურორს წარმოადგენდა, რომელმაც განმცხადებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მისცა, ხოლო შემდეგ გაამართლა. აქედან გამომდინარე, მითითებული მოსამართლე ე. ჯ-ის საქმეს მიუკერძოებლად ვერ განიხილავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ე. ჯ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:
ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;
გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ე. ჯ-ემ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინება ჩაიბარა 2014 წლის 25 დეკემბერს. ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში მონაწილეობდა მოსამართლე ვასილ როინიშვილი. დასახელებულ მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რადგან იგი ე. ჯ-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ზედამხედველ პროკურორს წარმოადგენდა, რომელმაც განმცხადებელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მისცა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გამართლდა. აქედან გამომდინარე, მითითებული მოსამართლე ე. ჯ-ის საქმეს მიუკერძოებლად ვერ განიხილავდა.
საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები განმცხადებელს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინება, რომლითაც იკრვევა, რომ ე. ჯ-ე წაყენებული ბრალდებების ნაწილში გამართლდა, ნაწილში კი დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამასთან, საქმის მასალებით არ ირკვევა, თუ რა შეხება ჰქონდა მოსამართლე ვ.როინიშვილს ამ საქმესთან. გარდა ამისა, განცხადების შინაარსითაც გაურკვეველი რჩება, თუ რა კავშირი აქვს განმცახდებლის მიერ ნახსენებ სისხლის სამართლის საქმეს საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ სამოქალაქო საქმესთან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების არსებობა რომც დასტურდებოდეს, არ არსებობს მოსამართლის აცილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამ ნორმის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ ასაბუთებს მოსამართლის საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტს. მითითებული გარემოება ასევე არ ქმნის ამავე მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ჯ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი