საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ა-2422-ა-12-2015 9 ივლისი, 2015 წელი, თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე მზია თოდუა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ--ა დ--ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 09 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ--ა დ--მ სარჩელი აღძრა თ--რ გ--ის მიმართ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელსეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციისა და საკუთრების მოწმობის გაუქმება. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გასაჩივრდა ნ--ა დ--ის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 მარტის განჩინებით ნ. Dდ--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. დ--ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ნ. დ--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 4 მარტის განჩინება.
2015 წლის 29 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ--ა დ--ემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დამთავრებულ საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა.
თავის მოთხოვნას განმცხადებელი აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში სადაოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება (2000 წლის 26 სექტემბერი, დამოწმებული ნოტარიუს მ. მ--ის მიერ, რეესტრი №2-2452), პალატის ინფორმაციით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 28 მაისის წერილით. განმცხადებლის აზრით, დასახელებული ინფორმაცი სასამართლოში წარდგენილი რომ ყოფილიყო, მიღებული იქნებოდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო გ. დ--ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
მოცემულ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადება არ ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქმე არსებითად არ განუხილავს და ვერც ახალ ფაქტებს მიიღებდა მხედველობაში, რისი კომპეტენცია საპროცესო კანონმდებლობით მას არ გააჩნია. აღნიშნული განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ--ის საკასაციო საჩივარი, რის შედეგადაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 4 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება. რამდენადაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განხილულ უნდა იქნას ოზურგეთის სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. დ--ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ--ა დ--ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. გ--ა დ--ეს დაუბრუნდეს ზ--ბ მ--ის მიერ (პირადი №--) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი tresgeGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მზია თოდუა