საქმე №ას-1031-989-2014 13 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ.თ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ.გ–მა მოითხოვა მიყენებული ზიანის _ 5 720 ლარის ანაზღაურების რ.თ–თვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
რ.თ–მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ნ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
3.12. რ.თ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 5 720 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით რ.ჩ–ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.1. გასაჩვრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობას მასზე, რომ ნ.გ. ზიანს არ მიიღებდა ამ უკანასკნელს ავტომობილი რომ არ გადაეცა მთვრალი გ.გ–თვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მიუთითებდა ისეთ გარემოებაზე, რომელიც უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით, მაგრამ ეს მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც დ.გ–ის შესახებ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოები სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია.
4.1.2. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ავტოსაგზაო შემთხვევისას რ.თ–ის უდანაშაულობა და საქმე იყო შეწყვეტილი ამნისტიის აქტით, რომლის არარსებობის პირობებში აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა, დაედგინა მისი ბრალის არარსებობა. სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2013 წლის 22 იანვრის ქ.თბილისის პროკურატურის დადგენილებაზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული იყო, რომ აპელანტი რ.ჩ. გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. გამოძიებით დადგენილ გარემოებად კი აღნიშნული იყო, რომ აპელანტმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. ამდენად, ცხადი ხდებოდა, რომ აპელანტის ბრალის საკითხი გამოძიებით იმთავითვე დადგენილ იყო. ამნისტიის აქტით მას ამ ბრალის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი აღარ დაეკისრა. აქედან გამომდინარე, აპელანტის განმარტება, რომ მისი ბრალი არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, უსაფუძვლო იყო.
4.1.3. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ დელიქტურ პასუხისმგებლობას ახასიათებს მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის – დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი.
4.1.4. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის არსებობის ფაქტი დადგენილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2012 წლის 9 ივლისის N.... დასკვნით, სადაც აღინიშნა, რომ „ავტომობილის „ბმვ“ სახ. NLVL-.... აღდგენა შესაძლებელია და მისი აღდგენისათვის საჭირო თანხა შეადგენს 5 720 ლარს“. რაც შეეხებოდა მიზეზობრივ კავშირს, იგი დადასტურებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2012 წლის 19 ივლისის №.... დასკვნით, რომლის თანახმადაც, რ.ჩ–ს შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
4.1.5. აპელანტის ბრალის საკითხი დადასტურებული იყო 2013 წლის 22 იანვრის დადგენილებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2012 წლის 19 ივლისის №.... დასკვნით. აპელანტმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ იგი მოქმედებდა მართლზომიერად, რაც გამორიცხავდა მის სამოქალაქო პასუხიმგებლობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.1.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, ავტომობილის რეგისტრაციიდან მოხსნა თავისთავად არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან საექსპერტო დასკვნით დადგენილი იყო, რომ ავტომობილის აღდგენის ღირებულება შეადგენდა 5 720 ლარს, რაც, ბუნებრივია, გასხვისებისას ამ ოდენობითვე შეამცირებდა ავტომობილის ფასს. ამდენად, ზიანის, როგორც ქონებრივი დანაკლისის მოცულობა, მიუხედავად ავტომობილის რეგისტრაციიდან მოხსნისა, შეადგენდა საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული ავტომობილის აღდგენის ღირებულებას.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.თ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
5.1.1. სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა ამნისტიის აქტის საფუძველზე და კასატორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა, იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდებოდა საქმის წარმოება, მოპასუხეს შესაძლებლობა ექნებოდა, დაედასტურებინა საკუთარი უდანაშაულობა. მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა არ გაუსაჩივრებია, ხოლო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ეს შედეგი მისი ბრალით არ დამდგარა. გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე შუამდგომლობდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას, რადგანაც ნ.გ–ის კუთვნილი ავტომობილის მძღოლი იყო მთვრალი, რის გამოც, დააჯარიმეს კიდევაც, ეს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ უარყო და გამოითხოვა მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც მოპასუხის უდანაშაულობის დამტკიცებას გაართულებდა. ამდენად, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლებით.
5.1.2. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე და საკასაციო საჩივარს დაურთო ამავე ბიუროს მიმართვის ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ.თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის მიმყენებლისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, ამ თვალსაზრისით პალატამ შეაფასა როგორც საქმეზე დასაშვებად ცნობილი ექსპერტიზისა და საპატრულო პოლიციის აქტები, ისე ამნისტიის აქტის საფუძველზე გამოტანილი წინასაწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალური სამართლის ნორმის _ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილის იურიდიული შემადგენლობა.
1.4. კასატორის პრეტენზია ეხება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორ შეფასებასა და ამ გზით მოპასუხის პასუხისმგებელ პირად არასწორად მიჩნევას, ასევე, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის შეუფასებლობას.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თაობაზე და განმარტავს, რომ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ვერ გამოიწვევდა, რადგანაც დადგენილებით პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას საფუძვლად არა მისი მართლზომიერი ქმედება, არამედ ამნისტიის აქტი დაედო. რაც შეეხება ბრალეულობას, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საპროცესო დოკუმენტი, ბუნებრივია, არ წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებას, არამედ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებათაგან ერთ-ერთია, რომელსაც სასამართლო აფასებს ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, თუმცა ამ მტკიცებულებაში ასახული ბრალეული ქმედების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
1.7. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ მისი შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე არ გაიზიარა და მხოლოდ ის მტკიცებულებები დაურთო საქმეს, რომელიც გაართულებდა მისი არაბრალეულობის მტკიცებას, დაუსაბუთებელია, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოს 28.05.2013წ. სხდომის ოქმის, ასევე ამ სხდომაზე მიღებული განჩინების თანახმად, სწორედ მოპასუხის შუამდგომლობით იქნა გამოთხოვილი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მთლიანი სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას ამ დასკვნის გამაქარწყლებელი რა მტკიცებულებითი ძალა ექნებოდა, უფრო მეტიც, კასატორი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის მხოლოდ ის ნაწილი გამოითხოვა, რაც მისი უდანაშაულობის მტკიცებას ართულებდა. პალატა მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით განსაზღვრული ე.წ „შერეული ბრალის“ არსებობის თაობაზე.
1.8. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
1.9. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დელიქტურ ვალდებულებაში მოსარჩელის ბრალის არსებობა, რაც ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიების დაუშვებელ შედავებად მიჩნევის წინაპირობაა.
1.10. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება და ფაქტების დადგენა არ ხდება, აღნიშნული განპირობებულია საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებით და ახალი მტკიცებულების საქმისათვის დართვის ამკრძალავ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საპროცესო ნორმა _ 407-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამასთან, შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვისა და საქმისათვის დართვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
1.11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.12. ამდენად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას რ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
1.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართვის ასლი 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 59).
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს N4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ რ.თ–ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს N4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. რ.ჩ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართვის ასლი 1 (ერთი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 59).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე