საქმე №ას-1036-994-2014 2 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ბ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ქ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ბ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ქ–ის მიმართ ნ.ბ–ის სამკვიდროს კანონისმიერი მმართველის - ა.ბ–ის სასარგებლოდ 8 250 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით ა.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ნ.ბ–სა და შ.ქ–ს შორის ზეპირი სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეთა პოზიციითაა განსაზღვრული. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს მხარემ სასამართლოს თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის დამტკიცების მიზნით. ასეთია მტკიცებულებათა დასაშვებობის პროცესუალური პრინციპი, მაგრამ ამ ზოგადი წესიდან არსებობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისი.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ კანონი ადგენს იმ მინიმალურ მტკიცებულებებს, რომელიც უნდა დამტკიცდეს მოსარჩელის მიერ, რათა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა შემდგარად ჩაითვალოს.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა სესხის ხელშეკრულების დადებისათვის არ გაითვალისწინა სავალდებულო ფორმა, თუმცა, კანონით განისაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, კერძოდ, ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც იმას ნიშნავს, მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებაა და საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც. ასეთად შეიძლება განხილულ იქნას, მაგალითად, ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე ან ნებისმიერი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს (მოსარჩელეს) იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნ.ბ–სა და შ.ქ–ს შორის არსებობდა სასესხო ვალდებულება, გარდა მოწმეთა ჩვენებისა, არ წარმოუდგენია და მიუთითებია სხვა წერილობით მტკიცებულებებზე.
ამდენად, რადგანაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენდა მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობდა (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი) და მოსარჩელე ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად უთითებდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადების საფუძველზე, მართებულად არ მიიჩნია დადგენილად მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორის მამამ _ ნ.ბ–მ შ.ქ–ს სესხად გადასცა 5 000 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელს არ დაუბრუნებია. სესხის გადაცემის ფაქტს ადასტურებენ მოწმეები: ლ.ჭ., მ.უ., ც.ქ., თ.გ. და ვ.ს.
2012 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა გამსესხებელი, რომლის სამკვიდროს კანონისმიერი მმართველიცაა ა.ბ. (თანახმად სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის მოწმობისა). მოპასუხე ვალდებულია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 383-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წინაშე შეასრულოს ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა.ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად ის გარემოება დაუდო, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სესხის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა არ დასტურდება, ხოლო ნ.ბ–ის სამკვიდროს მმართველმა კანონით განსაზღვრული მტკიცებულება ვერ წარადგინა, რომელიც ვალდებულების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ სასესხო ურთიერთობის არსებობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 383-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ მის წინაშე უნდა შეასრულოს ვალდებულება.
პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას და 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილთაგან სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არცერთს არ გააჩნია. ერთადერთი საგამონაკლისო ნორმა, რომელიც მტკიცებულებათა შეფასების ამ სტანდარტისგან განსხვავდება, 106-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი და პრეიუდიციული ფაქტებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მათგანი სახეზე არ გვაქვს. აქვე გასათვალისწინებელია 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა, რომელიც იმგვარი ვითარებას შეეხება, როდესაც ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცებისათვის მატერიალური სამართლის ნორმა მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებაზე. სწორედ ამგვარი დანაწესია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი, რომელიც ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობის სადავოობისას მხოლოდ მოწმეთა ჩვენების გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო სასესხო ურთიერთობის არსებობას დაამტკიცებდა, შესაბამისად, კასატორის არგუმენტი ვალდებულების შესრულებასთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაზიარების წინაპირობები.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 10 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 435 ლარის 70% _ 304,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა.ბ–ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 2014 წლის 10 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 435 ლარის 70% _ 304,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე