¹ ბს-870-456(კს-05) 25 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ს-ემ ქობულეთის რ-ის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში მოსახლეობის დაბეგვრის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. 04.06.04წ. საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათბირზე განუცხადა, რომ აჭარის ა/რ დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 29.05.04წ. ¹22 დადგენილებით გამოცხადდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია, რის გამოც განთავისუფლებულია სამუშაოდან. თ. ს-ემ 15.06.04წ. წერილობით მიმართა საგადასახადო ინსპექციას და მოითხოვა სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება, რაც ვერ მიიღო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია არ მომხდარა, იგი გადავიდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სამუშაოდან უკანონოდ გაათავისუფლეს, რის გამოც სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
რაიონულ სასამართლოში საქმეზე მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ ქობულეთის რ-ის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 09.11.04წ. გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელის უწინდელ სამსახურებრივ უფლებამოსილებებში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 21.02.05წ. განჩინებებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დარჩა. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს 21.02.05წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ. აღნიშნული კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 28.03.05წ. განჩინებით ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის რ-ის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექცია გარდაიქმნა რ-ის ზონალურ საგადასახადო ინსპექციად, ფაქტიურად მოხდა არა ორგანიზაციათა ლიკვიდაცია, არამედ _ მათი რეორგანიზაცია ისე, რომ ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ გააგრძელა იგივე საქმიანობა, რასაც ასრულებდა სახელმწიფო ინსპექცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ს-ის სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის და შკკ-ის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. ს-ეს სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება არ ჩაბარებია, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული განჩინება გამოტანილია საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანი შესწავლისა და იურიდიული დასაბუთების გარეშე. კასატორის განმარტებით, აჭარის ა/რ საპრეზიდენტო საბჭოს 29.05.04წ. დადგენილებით ლიკვიდირებული იქნა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტი და მის სისტემაში შემავალი ქ.ბათუმისა და რაიონების საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციები, მათ შორის ქობულეთის საგადასახადო ინსპექცია. კასატორი აღნიშნავს, რომ თ. ს-ე სამსახურიდან განთავისუფლდა აჭარის ა/რ სამინისტროებისა და დეპარტამენტების სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 09.08.04წ. ¹93 ბრძანებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით 2005წ. ოქტომბრიდან ფუნქციონირება შეწყვიტა ბათუმის საოლქო, ქობულეთის ზონალურმა და რაიონების ინპექციებმა, მათ ნაცვლად შეიქმნა ბათუმის საგადასახადო ინსპექცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფარგლები. კასატორი მიუთითებს, რომ ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპიური დებულების” მე-8 მუხლის შესაბამისად, ბათუმის საგადასახდო ინსპექციის უფროსს, მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, მოადგილეებსა და რაიონებში შექმნილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის განყოფილების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი, ხოლო სხვა საჯარო მოსამსახურეებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე. Aაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება თ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ პერიოდში მოქმედი ფინანსთა მინისტრის 28.05.03წ. ¹256 ბრძანებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების” I მუხლის I და II პუნქტების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთიან ცენტრალიზებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც შედგებოდა ცენტრალური აპარატისგან, ავტონომიური რესპუბლიკების, მსხვილ გადამხდელთა, საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციებისგან. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.02წ. ¹567 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, რომლის საფუძველზეც გამოიცა ფინანსთა მინისტრის 28.05.03წ. ¹256 ბრძანება, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიული აქტებით. ამდენად, საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურის დამტკიცება, საგადასახადო ორგანოთა გარდაქმნა ან გაუქმება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. ფინანსთა მინისტრის 28.01.04წ. ¹38 ბრძანებით დადგინდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია, ფინანსთა მინისტრის 19.05.04წ. ¹336 ბრძანებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში შეიქმნა მითითებული უწყების ზოგიერთი ტერიტორიული ორგანო, მათ შორის ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, განისაზღვრა მათი სამოქმედო ტერიტორია და უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-4 მუხლის თანახმად, საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონის ნორმები. აღნიშნული კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. მითითებული მუხლის 97-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოხელე არ შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ.ს-ისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. ს-ე 1992 წლიდან მუშაობდა ქობულეთის საგადასახადო ინსპექციაში მოსახლეობის დაბეგვრის განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. 04.06.04წ. ქობულეთის ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათბირზე განუცხადა მოსარჩელეს, რომ ქობულეთის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის გამო 30 ივნისიდან სხვა თანამშრომლებთან ერთად იგი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილად არის ცნობილი, რომ ზემოაღნიშნული ქმედების შემდეგ თ.ს-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება საერთოდ არ ყოფილა გამოცემული. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლება უნდა გაფორმდეს ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. სამსახურიდან მოსამსახურის გათავისუფლების სხვა ფორმას, მათ შორის, სიტყვიერად სამსახურიდან გათავისუფლებას, კანონმდებლობა არ იცნობს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის IX თავი აწესრიგებს მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებას, რომელიც კანონის 92.1 მუხლის შესაბამისად ასევე ბრძანებით ან განკარგულებით ფორმდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. ს-ე ქობულეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მოსახლეობის დაბეგვრის განყოფილების ...ის თანამდებობიდან ოფიციალურად არ განთავისუფლებულა და სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისაგან უკანონოდ იქნა ჩამოცილებული.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 09.11.05წ. გადაწყვეტილებით, რომელიც ამჟამად გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული, თ.ს-ე აღდგენილ იქნა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით დადგინდა თ. ს-ის სამსახურებრივი უფლებამოსილებისგან უკანონოდ ჩამოცილების ფაქტი და მოპასუხეებს ფაქტობრივად მისი სამსახურში დაშვება დაევალათ.
საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ქობულეთის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ, დღეისათვის რაიონებში საგადასახადო ინსპექციების მსგავსი წარმონაქმნები აღარ არსებობენ, ამდენად შეუძლებელია თ. ს-ის უწინდელ თანამდებობაზე განმწესება. ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით დადგინდა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში საგადასახადო ინსპექციების, მათ შორის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქობულეთის განყოფილება. ამდენად, ქობულეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია სადღეისოდ გარდაქმნილია ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ქობულეთის განყოფილებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ თ. ს-ის სამსახურში დაშვება ბათუმის საგადასახადო ინსპექციის ქობულეთის განყოფილებაში.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით დამტკიცებული “ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების” მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებში მოხელეთა დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ ფინანსთა მინისტრსა და მის გამგებლობაში შემავალ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს გააჩნიათ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაევალათ თ.ს-ის არა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ _ მისი უწინდელ სამსახურებრივ უფლებამოსილებებში აღდგენა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა მის ადგილზე დანიშნული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.
ყოველივე ზემოთაღიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.04.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.