Facebook Twitter

საქმე №ას-1081-1031-2014 16 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.დ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ტ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.დ–მ მოითხოვა ნ.ტ–თვის მის სასარგებლოდ 9 230 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც 6 500 აშშ დოლარი ვალდებულების შესასრულებელი ძირითადი თანხაა, ხოლო 2 730 აშშ დოლარი კი ექვსი თვის სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2013 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.ტ–ს მ.დ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 500 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2 730 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ტ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ.ტ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 8 ნოემბერს მ.დ–მ ნ.ტ–ს 1 წლის ვადით ასესხა 6 500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 7%-იანი სარგებლით.

5.1.2. სესხის დაბრუნების ვადა დადგა 2011 წლის 8 ნოემბერს. მხარეები საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან, მიუხედავად ამისა, აპელანტი მ.დ–ს 2013 წლის თებერვლამდე ყოველთვიურად უხდიდა 455 აშშ დოლარს.

5.1.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 8 ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე, ნ.ტ–მა მ.დ–ს სულ 15X455=6 825 აშშ დოლარი გადაუხადა.

5.1.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც „სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“. საკასაციო სასამართლომ ის თანხა, რომელიც მოვალეს კრედიტორისათვის გადახდილი ჰქონდა სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მიიჩნია ძირითადი ვალდებულების ანგარიშში გადახდილად და შესაბამისად, შეამცირა მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.

5.1.5. მ.დ. არ უარყოფდა, რომ ნ.ტ. მას 2013 წლის თებერვლამდე ყოველთვიურად უხდიდა 455 აშშ დოლარს. აპელანტი კი განმარტავდა, რომ მას ვალდებულება კრედიტორის მიმართ სრულად ჰქონდა შესრულებული.

5.1.6. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის სრულად ჰქონდა დაბრუნებული ნასესხები თანხა _ 6 500 აშშ დოლარი. 2011 წლის 8 ნოემბრის შემდეგ მოვალის მიერ გადახდილი თანხა ძირითად ვალში არ ჩაითვლებოდა, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სესხი დაიდო 1 წლით, თუმცა მხარეები უფლებამოსილი იყვნენ, გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა, ოღონდ ეს უნდა მომხდარიყო წერილობით და დამოწმებულიყო სანოტარო წესით, რაც მხარეებს დადგენილი ფორმით არ განუხორციელებიათ. მ.დ–მ ვერც ვადის ზეპირად გაგრძელება დაამტკიცა, რადგანაც უდავოდ იყო დადგენილი და საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ მხარეები ერთმანეთს სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ აღარ შეხვედრიან და ხელშეკრულების ახალი პირობები არ შეუთანხმებიათ. ამ პირობებზე აპელანტს არ შეთანხმებია არც მოწმედ დაკითხული ფ.დ., რომელიც იყო შუამავალი მხარეთა შორის, თუმცა, პალატის შეფასებით, შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მას ძალა მაინც არ ექნებოდა, რადგან ფ.დ–ს სესხის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისა და შეცვლის უფლება არ ჰქონდა და ეს მან თავადაც განმარტა.

5.1.7. სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ 2011 წლის 8 ნოემბრის შემდეგ აპელანტი თავის ვალდებულებას მოწინააღმდეგე მხარის წინაშე ნაწილ-ნაწილ ასრულებდა, ხოლო მ.დ. ამ შესრულებას იღებდა. რადგან ნ.ტ–მა მ.დ–ს სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გადაუხადა ნასესხებზე მეტი თანხა, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, სასესხო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო შესრულებით.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.დ–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები ერთმანეთს სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ აღარ შეხვედრიან, ხოლო მეორე მხრივ, ადგენს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმდნენ ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე, რომელსაც იღებდა კრედიტორი. საქმეში ამ გარემოების საპირისპირო მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რადგანაც მოვალე კრედიტორს შუამავლის მეშვეობით 2013 წლის თებერვლის ჩათვლით უხდიდა სესხის 7%-ს, ხოლო გამსესხებელმა ძირის დაბრუნება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მსესხებელმა შეწყვიტა სარგებლის გადახდა და შუამავლის მეშვეობით მხარეებმა 2013 წლის 24 ივლისს გააფორმეს ვალდებულების წერილობითი აღიარება. ეს მტკიცებულება მოპასუხემ თავად დაურთო საქმეს.

6.1.2. სასამართლომ გვერდი აუარა მოპასუხის შესაგებელში მითითებულ გარემოებას, რომ იგი 15 თვის განმავლობაში იხდიდა სარგებელს, რომელიც შეთანხმებული 7% იყო და ჯამში გადახდილი ჰქონდა 6 825 აშშ დოლარი. ამ გარემოებების შეუფასებლობით სააპელაციო პალატამ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე და 249-ე მუხლები, არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლით, ნაცვლად 361-ე მუხლისა.

6.1.3. საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელი სწორედ 7%-ს უხდიდა კრედიტორს, დასტურდება მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლისა.

6.1.4. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, სადაც ნ.ტყეშელაშვილმა აღიარა პროცენტისა და არა ძირის გადახდის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ.დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მხარეები 2010 წლის 8 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, 1 წლის ვადით შეთანხმდნენ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაზე, სესხის დაბრუნების ვადა დადგა 2011 წლის 8 ნოემბერს და ამის შემდგომ მხარეები სარგებლის გადახდაზე კანონით დადგენილი წესით არ შეთანხმებულან, მიუხედავად აღნიშნულისა, მსესხებელი 2013 წლის თებერვლამდე იხდიდა სარგებელს _ 455 აშშ დოლარს, რამაც ჯამში 6 825 აშშ დოლარი შეადგინა.

1.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ გადახდილი სარგებელი ძირ თანხად უნდა ჩათვლილიყო, ასეთ ვითარებაში კი, მხარეთა შორის ვალდებულება შეწყვეტილად მიიჩნეოდა, რადგანაც მოვალემ დააბრუნა სესხი.

1.5. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება.

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების გაგრძელებისა თუ შემდგომი პროცენტის გადახდის ვალდებულების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელიც მას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების წარდგენით უნდა განეხორციელებინა, რადგანაც უდავოა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია წერილობით, სანოტარო ფორმის დაცვით, ამავე წესით დამოწმებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ვადის გაგრძელებას დაადასტურებდა, მას არ წარმოუდგენია, სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლი კი, ხელშეკრულების ნამდვილობას კანონით ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფორმის დაცვას უკავშირებს, რაც სრულად ვრცელდება ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხოლო ამ ფორმის დაუცველობა გარიგების ბათილად ცნობას იწვევს (სკ-ის 59.1 მუხლი).

1.7. ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელებიათ, სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე მხარეთა შეთანხმება. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება, მოცემულ შემთხვევაში, მ.დ–ს ეკისრებოდა. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, რომლითაც გამიჯნულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 403-ე მუხლებით გათვალისწინებული სარგებელი და სწორად შეაფასა მოვალის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ თანხის გადახდის ფაქტი ძირითადი ვალდებულების ანგარიშში (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი).

1.8. საკასაციო პალატა დაუსაბუთებელ შედავებად მიიჩნევს კასატორის მითითებას საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე, რადგანაც მხარის ამგვარი განმარტება საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებას არ წარმოადგენს. პალატა განმარტავს, რომ სარჩელისა და შესაგებლის შინაარსის განმსაზღვრელი საპროცესო ნორმები ითვალისწინებს მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებების მითითებას, ასევე, მათ მოსაზრებას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი ნორმა უნდა იქნას გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).

1.9. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.10. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ.დ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ.ი–ის მიერ 2014 წლის 20 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 569,40 ლარის 70% _ 398,58 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.დ–ს (პ/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) თ.ი–ის მიერ 2014 წლის 20 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 569,40 ლარის 70% _ 398,58 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური