№ ას-1082-1032-2014 30 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა. ... ს-ი“(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ... ს-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, 2006 წლის 25 სექტემბერს ლ. ლ-ესა და შპს „ა. ... ს-ის“ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება. 2009 წლის პირველ ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება №2, რომლითაც მოსარჩელის ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 3135 ლარით. 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით მოპასუხეს დაუგროვდა სახელფასო დავალიანება 34 054.86 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა დავალიანების დაფარვა, თუმცა უშედეგოდ. ლ. ლ-ის განმარტებით, სახელფასო დავალიანებაზე დარიცხული 0.07 პროცენტი 2012 წლის ოქტომბრიდან (სახელფასო დავალიანების ნაწილის უკანასკნელი გადახდის თარიღი) 2013 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით შეადგენს 8 024.69 ლარს. ამედნად, იგი ითხოვს მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების - 34 054.86 ლარისა და დაყოვნების ყოველი დღისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის– 8024.69 ლარის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა. ... ს-ის“ ლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 34 054.86 ლარისა და დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის – 34 054.86 ლარის 0.07 პროცენტის – 8 024.69 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით შპს „ა. ... ს-ის“ საჩივარი ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ... ს-იმ“, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით შპს „ა. ... ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 -ე, 2321-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა. ... ს-ის“ ლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 34 054.86 ლარისა და დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის – 34 054.86 ლარის 0.07 პროცენტის – 8 024.69 ლარის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით შპს „ა. ... ს-ის“ საჩივარი ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ა. ... ს-ი“ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, კერძოდ: ა) შპს „ა. ... ს-ის“ მიმართ გაგზავნილ სარჩელში არ იყო თანდართული ის „გზავნილი“, სადაც განსაზღვრული იქნებოდა შესაგებლის წარმოდგენის ვადა და ბ) რ. ზ-ე, რომელმაც ჩაიბარა გზავნილი (სარჩელი და თანდართული დოკუმენტები), არ იყო შპს „ა. ... ს-ის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ა. ... ს-ის“ მიერ მითითებული არგუმენტები და „ა“ პუნქტთან მიმართებით აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები სარჩელში მითითებული ყველა მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტ.1, ს.ფ. 173). საქმეში წარმოდგენილი გზავნილით, ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა (იხ. ტ.1, ს.ფ. 172);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაეცა გზავნილი მიმართვის სახით, სადაც მითითებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის ვადა – ჩაბარებიდან 10 დღე და სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, გადადიოდა საჩივრის ავტორის მხარეზე, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ შესაძლო იყო სასამართლოს მოხელეს დავიწყებოდა სარჩელსა და თანდართულ მასალებზე მიმართვის სახით გზავნილის დართვა, სადაც მითითებული იქნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა.
სააპელაციო პლატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელზე თანდართული მიმართვა (გზავნილი) ამოღებული იყო თავად მოსარჩელის მიერ.
აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 30 ოქტომბერს ლ. ლ-ის წარმომადგენელს მ. ს-ეს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის გასახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (იხ. ტ.1 ს.ფ.174), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან ორი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შესასრულა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, 2 თვის ვადაში უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდებოდა, რომ სასამართლო გზავნილი 2013 წლის 8 ნოემბერს ჩაბარდა შპს „ა. ... ს-ის“ მთავარ გეოლოგს – რ. ზ-ეს (იხ. ტ1, ს.ფ. 176);
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ სარჩელს თან არ ერთვოდა შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „გზავნილი“, რომელიც შესაძლოა კონვერტიდან ამოღებული ყოფილიყო თავად მოსარჩელის მიერ.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „გზავნილის“ გადაცემა ხდება დალუქული კონვერტის სახით. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი წერილი გზავნილს არ ერთვოდა (რასაც აპელანტი ვერ ადასტურებს), მოპასუხის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის და გაერკვია მოცემულ საქმეზე შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კონკრეტული სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან, შეიქმნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც მოპასუხე მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად მიუთითებს სასამართლოს მოხელის ანდა მოსარჩელის მიერ შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „გზავნილის“ დავიწყებას ანდა ამოღებას. სწორედ ამიტომ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომდგენლისათვის მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაცემულ გზავნილს თან ერთვის შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „გზავნილი“, რაც იმავე სახით გადაეცემა მოპასუხეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს საწინააღმდეგო ანდა გამოიჩინოს წინდახედულება და სასამართლოს მეშვეობით დააზუსტოს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ, ვინაიდან სარჩელს არ ერთვოდა შესაგებლის წარმოდგენის ვადის განმსაზღვრელი „გზავნილი“, შესაგებლის წარდგენის ვადა უნდა განსაზღვრულიყო შესაგებლის ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლზე მითითებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „ა. ... ს-ის“ სასამართლო გზავნილი გაეგზავნა და 2013 წლის 8 ნოემბერს ჩაბარდა შესაბამის უფლებამოსილ პირს, როგანიზაციის მთავარ გეოლოგს - რ. ზ-ეს (ტ.1, ს.ფ. 176). ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით;
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლების მქონე პირს, ვინაიდან მას არ ჰქონდა კომპანიისაგან უფლებამოსილება ჩაებარებინა სასამართლო აქტები.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, ვინაიდან ფოსტის წარმომადგენელს ადგილზე არავინ დახვდა, მოპასუხე შპს „ა. ... ს-ის“ ფაქტობრივ მისამართზე მოხდა TNT ფოსტის კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება, რომლის საფუძველზეც, ჩაბარდა სარჩელი შპს „ა. ... ს-ის“ მთავარ გეოლოგს, საკონტაქტო პირად მითითებულ რ. ზ-ეს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ მოპასუხე ახორციელებდა გეოლოგიურ საქმიანობას სხვადასხვა ტერიტორიაზე და ხშირად დირექტორიც არ იმყოფებოდა საქართველოში. სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი კი, წარმოადგენდა შპს „ა. ... ს-ის“ მთავარ გეოლოგს, შესაბამისად, პალატის აზრით, დასახელებული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიისათვის მთავარი გეოლოგი წარმოადგენდა მუშაკს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა, სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირსაც, რომელსაც შეგნებული ჰქონდა გზავნილზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო იმ მომენტიდან, როდესაც რ. ზ-ემ გზავნილი გადასცა უშუალოდ შპს „ა. ... ს-ის“ დირექტორს, რომელიც წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს. სააპელაციო პალატის მითითებით, შესაძლო იყო რ. ზ-ეს გზავნილი უშუალოდ დირექტორისათვის მართლაც მოგვიანებით გადაეცა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვადის ათვლას კანონი უკავშირებს უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარების მომენტს და არა შემდგომში ამ პირის მიერ სხვა უფლებამოსილი პირისათვის ანდა იურისტისათვის სასამართლო გზავნილის გადაცემის მომენტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2013 წლის 8 ნოემბერს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 9 ნოემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 18 ნოემბერს, რაც ცხადყოფდა, რომ მოპასუხეს შესაგებელი სასმართლოში უნდა წარედგინა 2013 წლის 18 ნოემბერს და არა 2013 წლის 20 ნოემბერს, როგორც მან განახორციელა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ... ს-იმ“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები და შეცდომით დაადგინა სარჩელის მოპასუხისათვის ჩაბარების თარიღი. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ჩაბარდა შპს „ა. ... ს-ის“ თანამშრომელს - რ. ზ-ეს, რომელიც არ არის კომპანიის დირექტორი და არც კომპანიის ადმინისტრაციის წევრი, შესაბამისად, რ. ზ-ისათვის სარჩელის ჩაბარების თარიღი - 2013 წლის 8 ნოემბერი, სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა ვინაიდან მას არ ჰქონდა კომპანიისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, ჩაებარებინა სასამართლო აქტები. სარჩელი უფლებამოსილ პირს გადაეცა 2013 წლის 11 ნოემბერს, შესაბამისად, სწორედ ამ დღეს მოექცა სარჩელი რეალურად კომპანიის გავლენის სფეროში და აღნიშნული თარიღიდან ჰქონდა კომპანიას რეაგირების საშუალება.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, რ. ზ-ისთვისაც სასამართლო აქტების ჩაბარება განხორციელდა კანონის დარღვევით, კერძოდ, სარჩელს არ ერთვოდა „გზავნილის“ ფურცელი, რომელშიც მითითებული იქნებოდა შესაგებლის შეტანის ვადა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით კი, კომპანია ვალდებული იყო ემტკიცებინა და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა გზავნილის არარსებობას, ამგვარი მტკიცების ტვირთის დაკისრება მხარისათვის კი, სასამართლოს მხრიდან უსამართლოა. კასატორის აზრით, სასამართლოს მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე იმის დასამტკიცებლად, რომ არსებობს პრეზუმფცია უწყებაში „გზავნილის“ არსებობის შესახებ, არასწორია, ვინაიდან პრეზუმფცია ნიშნავს დაშვებას, რომელიც მიიჩნევა სწორად მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. მოცემულ შემთხვევაში კი, არ არსებობს გზა იმის დასადასტურებლად, რომ სარჩელს რეალურად არ ერთვოდა გზავნილი.
კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციის მიხედვით, როდესაც სახეზეა მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამას ხელს უშლის გარემოებები, რომელიც შესაძლოა მისი უნებური შეცდომით გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს. ამდენად, კასატორის განმარტებით, მას დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაუკარგავს აღნიშნულ საქმეში მონაწილეობის ინტერესი, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ის დღემდე ასაჩივრებს სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს „ა. ... ს-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ... ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ:
განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
2013 წლის 30 ოქტომბერს ლ. ლ-ის წარმომადგენელს მ. ს-ეს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის გასახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე (იხ. ტ.1 ს.ფ.174), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან ორი თვის ვადაში;
სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები სარჩელში მითითებული ყველა მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (ტ.1, ს.ფ. 173). საქმეში წარმოდგენილი გზავნილით ასევე დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა (იხ. ტ.1, ს.ფ. 172);
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადასტურდა, რომ სასამართლო გზავნილი 2013 წლის 8 ნოემბერს ჩაბარდა შპს „ა. ... ს-ის“ მთავარ გეოლოგს – რ. ზ-ეს (იხ. ტ1, ს.ფ. 176); შესაბამისად, მოპასუხისათვის შესაგებლის შეტანის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 9 ნოემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 18 ნოემბერს, რაც ცხადყოფდა, რომ მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2013 წლის 18 ნოემბერს და არა 2013 წლის 20 ნოემბერს, როგორც ეს მან განახორციელა.
საკასაციო სასამართლო მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეს 2013 წლის 20 ნოემბრამდე შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია.
საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები და შეცდომით დაადგინა სარჩელის მოპასუხისათვის ჩაბარების თარიღი, ვინაიდან კასატორის განმარტებით, სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი – რ. ზ-ე, არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, რადგან მას არ ჰქონდა კომპანიისაგან მინიჭებული უფლებამოსილება, ჩაებარებინა სასამართლო აქტები. შესაბამისად, სასამართლოს შესაგებლის წარმოსადგენად ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2013 წლის 8 ნოემბერს (რ. ზ-ისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღიდან), არამედ 2013 წლის 11 ნოემბრიდან, როდესაც რ. ზ-ემ გზავნილი გადასცა უშუალოდ შპს „ა. ... ს-ის“ დირექტორს.
საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ, შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საფოსტო გზავნილი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2013 წლის 8 ნოემბერს ჩაბარდა კომპანიის უფლებამოსილ პირს - შპს „ა. ... ს-ის“ მთავარ გეოლოგს რ. ზ-ეს, რომელიც ორგანიზაციაში ახორციელებდა გეოლოგიურ საქმიანობას სხვადასხვა ტერიტორიაზე.
საკასაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფება შპს „ა. ... ს-ის-თან“ (რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია), სწორედ რომ რ. ზ-ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა, სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი – რ. ზ-ე, არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, რადგან მას არ ჰქონდა კომპანიისაგან მინიჭებული უფლებამოსილება ჩაებარებინა სასამართლო აქტები, ვერ იქნება გაზიარებული.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ რ. ზ-ისთვისაც სასამართლო აქტების ჩაბარება განხორციელდა კანონის დარღვევით, კერძოდ, სარჩელს არ ერთვოდა „გზავნილის“ ფურცელი, რომელშიც მითითებული იქნებოდა შესაგებლის შეტანის ვადა.
აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
საქმის მასალებით, კერძოდ, 2012 წლის 28 ოქტომბრის აქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, გზავნილები სარჩელში მითითებული ყველა მოპასუხისათვის ჩასაბარებლად(იხ. ტ1, ს.ფ. 173). საქმეში არსებული მიმართვით, გზავნილით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (იხ. ტ.1, ს.ფ. 172);
საკასაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მოდავე მხარეთა შორის განაწილების საკითხი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლისა და საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს კანცელარიის შესაბამისი მოხელის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს მოპასუხისათვის ჩასაბარებლად გადაეცა გზავნილი მიმართვის სახით, სადაც მითითებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის ვადა – ჩაბარებიდან 10 დღე და სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, გადადიოდა საჩივრის ავტორის მხარეზე, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ შესაძლო იყო სასამართლოს მოხელეს დავიწყებოდა სარჩელსა და თანდართულ მასალებზე მიმართვის სახით გზავნილის დართვა, სადაც მითითებული იქნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა, ამასთანავე, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ:№ას-1199-1144-2013).
შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა. ... ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2104 ლარის) 70% – 1472.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. ... ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ №.....) 2014 წლის 3 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2104 ლარის 70% – 1472.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე