Facebook Twitter

საქმე №ას-1126-1073-2014 17 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.პ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.თ. (მოსარჩელე), ნ.მ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ.პ–ის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ.თ–მ მოითხოვა ბინის პირვანდელი სახის აღსადგენად 2 387,09 ლარის, ლამინირებული ავეჯისა და სამზარეულოს შესაძენად 2 370 ლარის, სულ _ 4 757,09 ლარის ნ.მ–სა და მ.პ–თვის სოლიდარულად დაკისრება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.თ–ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.პ–ს ლ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 757,09 ლარის, ასევე, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა, ხოლო ნ.მ–თვის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.პ–მ, ლ.თ–მ კი, შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მ.პ–ის სააპელაციო საჩივარი და ლ.თ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

4.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.თ., ნ.მ. და მ.პ. ცხოვრობენ ქ.ბათუმში, ..... და არიან მეზობლები. ლ.თ. ცხოვრობს მე-8 სართულზე მდებარე №106 ბინაში. უშუალოდ, მის ზემოთ, №109 ბინაში ცხოვრობს ნ.მ., ხოლო მ.პ–ის ბინა №108 ნ.მ–ის ბინის მომიჯნავეა.

4.1.2. 2013 წლის ივლისში სახლის მცხოვრებთა ნაწილმა, მათ შორის, მ.პ–მ დაიწყეს სახლის სხვენისა და სახურავის რეკონსტრუქცია და მანსარდების მშენებლობა. მშენებლობისას, მ.პ–ის მიერ დაქირავებულმა პირებმა გამოამტვრიეს სხვენის კედლის ნაწილი და დააზიანეს სახლის სახურავი. მოსული წვიმის წყალი სახურავიდან, ნ.მ–ის ბინის გავლით, ჩავიდა ლ.თ–ის ბინაში და დაასველა ჭერი, კედლები, იატაკი და ავეჯი.

4.1.3. ლ.თ–ის ქონების თავდაპირველი სახის აღსადგენად საჭიროა (2 387,09+2 370) 4 757,09 ლარი.

4.1.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩვრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ლ.თ–ის ბინა დააზიანა მ.პ–მ და არა ნ.მ–მ და სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, სწორედ ის იყო ვალდებული, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.

4.1.5. არ იქნა გაზიარებული მ.პ–ის პოზიცია, რომ ლ.თ–ს ზიანი მიაყენა ამხანაგობა „ძალამ“, რადგანაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც მ.პ. უთითებდა, ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 18 ოქტომბრის №... დადგენილება იყო. დადგენილებით კი, დასტურდებოდა, რომ 2013 წლის ივნისიდან ზემოხსენებული ამხანაგობა ქ.ბათუმში, ....... აშენებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, თუმცა დადგენილებაში არაფერი იყო მითითებული მანსარდების მშენებლობისა და იმის შესახებ, რომ ამხანაგობის მოქმედებამ მესამე პირები დააზარალა.

4.1.6. პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების, ექსპერტის დასკვნისა და ფაქტების კონსტატაციის ოქმის შეფასებით დაადგინა, რომ სახლის სახურავზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, სწორედ, მ.პ–ის მიერ დაქირავებული პირები.

4.1.7. სასამართლომ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მ.პ–მ არ შეასრულა ზემოხსნებული ნორმით დადგენილი ვალდებულება, რის გამოც სწორედ მას უნდა აენაზღაურებინა ლ.თ–თვის მიყენებული ზიანი.

4.1.8. არ იქნა გაზიარებული ლ.თ–ის მოსაზრება, რომ იგი დააზარალა ნ.მ–ც, რადგანაც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის ბინაში, წყლის ჩასვლისას, ნ.მ–ის მიერ სამუშაოების წარმოება, რასაც შეეძლო გამოეწვია სახლის სახურავის დაზიანება. მართალია, ლ.თ–ის სახლში წყალი ნ.მ–ის ბინის გავლით ჩაიღვარა, მაგრამ იგი ამ ბინიდან არ გადაღვრილა. ნ.მ–თვის წყლის ჩადინება ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც მოსარჩელისათვის და, შექმნილ სიტუაციაში, მას ზიანის თავიდან აცილება არ შეეძლო. ასეთ შემთხვევაში კი, სამოქალაქო კოდექსის 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნ.მახარაძის პასუხისმგებლობა გამოირიცხებოდა.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.პ–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკუთარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

5.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

5.1.1. სააპელაციო პალატამ მ.პ–თვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, თუმცა არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც ამ ნორმის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. ამ ნორმის დარღვევა ვერ დასტურდება ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა: ექსპერტის დასკვნა, ექსპერტის, ასევე, მოწმეების დაკითხვა. სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები კი, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია.

5.1.2. არასწორია პალატის მტკიცება, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ამხანაგობა „ძალას“ მიერ ზიანის მიყენებას დაამტკიცებდა. საქმეში წარმოდგენილი ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2013 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით დასტურდება, რომ ყველა თანხმობა და ნებართვა გაცემულია ამხანაგობის სახელზე, რომელიც მშენებლობის დამკვეთი და მწარმოებელია. წინამდებარე დავაზე მოპასუხედ უნდა დასახელებულიყო სწორედ ამხანაგობა, და რადგან მხარემ იგი მოპასუხედ არ დაასახელა, ის მესამე პირად მაინც უნდა ჩაბმულიყო საქმეში, ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმედ დაკითხულ მუშებს არ უთქვამთ, რომ ისინი მ.პ–მ დაიქირავა.

5.1.3. სააპელაციო პალატამ „ბუნათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით დაადგინა კასატორის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა არ დაუდგენია როდის, ან რა ფორმით მიადგა ზიანი.

5.1.4. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ.პ–მ ამხანაგობის სხვა მცხოვრებლებთან ერთად დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, თუმცა არ გამოუკვლევია სასამართლოს, ვინ იყვნენ სხვა პირები. ამასთანავე, სასამართლო ადგენს, რომ კასატორის მიერ დაქირავებულმა მუშებმა, სხვენის კედლის დანგრევისას, დააზიანეს სახურავი, რამაც გამოიწვია მეორე მოპასუხის ბინიდან წყლის ჩადინება, თუმცა არ გამოუკვლევია, წყალი სწორედ იმ მუშების ქმედების შედეგად ჩავიდა თუ არა, რომლებმაც მ.პ–ის სახლის მაღლა გამოანგრიეს სხვენის კედელი. გასათვალისწინებელია, რომ ჭერის, ასევე, ყველა სხვა სამუშაოს აწარმოებდა ამხანაგობის მიერ დაქირავებული მუშები, რომელთა ქმედებამაც დაარღვია ამხანაგობის წევრთა, მათ შორის მ.პ–ის უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ.პ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული განჩინების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინება და მისთვის ზიანის მიყენება განაპირობა მ.პ–ის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებამ, როდესაც კედლის დანგრევისას, მის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დააზიანეს სახურავი. პალატის ეს დასკვნა დამყარებულია, როგორც ექსპერტის დასკვნაზე, ისე ფაქტების კონსტანტაციის ოქმსა და მოწმეთა ჩვენებებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულით კასატორის მხრიდან დაირღვა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

1.4. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკსაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება.

1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ზიანი გამოწვეულია ამხანაგობის ქმედებით, რომელიც სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს საქმეში, რადგანაც, მიუხედავად სამშენებლო დოკუმენტაციის ამხანაგობის სახელზე გაცემისა, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდა მ.პ.. მოწმედ დაკითხულმა ზ.დ–მ, რომელიც მხარეთა მეზობელია, დაადასტურა ეს ფაქტობრივი გარემოება. მ.პ–ის დაკვეთით სამშენებლო სამუშაოების შესრულების ფაქტი დაადასტურეს მოწმედ დაკითხულმა ხელოსნებმა გ.შ–მ და თ.შ–მ (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლს 02.07.2014წ. სხდომის ოქმი).

1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მ.პ–მ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით არა თუ უარყო სარჩელი, არამედ მიუთითა სარჩელში აღნიშნულისაგან განსხვავებულ მოვლენათა განვითარებაზე (მშენებლობის ამხანაგობის მიერ წარმოებაზე), რაც ამ განსხვავებული გარემოების დამტკიცების ვალდებულებას მას აკისრებს. ამ თვალსაზრისით კი, მან მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვებზე მიუთითა, რაც არ აქარწყლებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

1.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თაობაზე საკასაციო პალატის მიერ დამკვიდრებული სტაბილური პრაქტიკისაგან.

1.8. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ.პ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ე–ის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს N.... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.პ–ს (პ/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მ.ე–ის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს N5202159 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე