საქმე №ას-1134-1080-2014 17 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ.ბ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.ბ–მ მოითხოვა მას და ა.ა–ს შორის 2006 წლის 11 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ.ქუთაისში, ....... მდებარე უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირება.
2. მოპასუხის პოზიცია:
ა.ა–მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ ლ.ბ. ცხოვრობს სადავო, ქ.ქუთაისი, ..... მდებარე ბინაში, რომელზეც 2006 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ გამყიდველი ლ.ბ. (წარმომადგენელი ხ.ო.), ხოლო მყიდველი ა.ა.
5.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საცხოვრებელი ფართი რეგისტრირებულია ა.ა–ის სახელზე. 2013 წლის 19 დეკემბრის აუდიტორული დასკვნით კი, ქონება შეფასებულია 65 000 ლარად.
5.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ა.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებითა და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის თანახმად, ა.ა. და ხ.ო. ჯგუფური წინასწარი შეთანხმებით ლ.ბ–ის ქონებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ბ–ის სარჩელი. ა.ა–ს დაზარალებულ ლ.ბ–ის სასარგებლოდ 45 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ა.ა–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.ქუთაისში ....... განაჩენის გამოტანის დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
5.1.4. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით და განმარტა, რომ, როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლად არის დადებული. არც ერთ შემთხვევაში არ სურთ მხარეებს ის შედეგი, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. ფაქტობრივად ორივე შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სიმულაციას. მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, იდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ასეთი შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად და დასაფარავად გამოიყენება. თვალთმაქცური გარიგებისას, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა.
5.1.5. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 183-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2006 წლის 11 აგვისტოს ლ.ბ–სა და ა.ა–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა.ა–მა ლ.ბ–გან შეიძინა სადავო უძრავი ქონება. იგი საკუთრების უფლებით აღირიცხა ა.ა–ის სახელზე. ამ უკანასკნელმა სრულად დაიცვა ბინის შეძენისათვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, დასტურდებოდა, რომ ა.ა–მა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზანს _ ბინის შეძენას მიაღწია, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ არ დასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადების ფაქტი და მხარეების მიერ სხვა გარიგების დადების მცდელობა (თვალთმაქცობა).
5.1.6. სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადების თაობაზეც. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობა ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე იგი არ დაიდებოდა. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ იგი განზრახ შეცდომაში შეიყვანეს იმ გარემოებათა თაობაზე, რომელთა ცოდნის შემთხვევაში არ გამოავლენდა თავის ნებას. მოტყუებით დადებული გარიგების განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია არა მხოლოდ მოტყუების ფაქტს, არამედ იმ გარემოებასაც, თუ რაში გამოიხატა მოტყუება, ჰქონდა თუ არა ამას ხელშეკრულების დადებისას არსებითი მნიშვნელობა, ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც დაადასტურებდნენ მოტყუების ფაქტს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებისა.
5.1.7. დადგენილი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სადავო ხელშეკრულება წარმომადგენლის მეშვეობით დადო, ხოლო წარმომადგენელის მოტყუების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
5.1.8. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, ლ.ბ–ის მიერ გაცემული მინდობილობით, ხ.ო–ს გააჩნდა უფლებამოსილება, გაესხვისებინა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელის განმარტებით, მინდობილობა მოტყუებით გაიცა, მას ეგონა, რომ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება ხ.ო–თან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ხელი მოუწერია მინდობილობაზე, მიუხედავად ამისა, ლ.ბ–ს სადაოდ არ გაუხდია მითითებული მინდობილობა და არ მოუთხოვია მისი ბათილობა. მოსარჩელე მოთხოვნის დასასაბუთებლად მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე მიუთითებდა, რომლის თანახმადაც ხ.ო–სა და ა.ა–ს შორის შეთანხმება იყო დანაშაულებრივი ხასიათის, რაც გამორიცხავდა მყიდველის კეთილსინდისიერებას. სასამართლოს განმარტებით, მითითებული განაჩენი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებული პრეიუდიციული ძალის მატარებელი არ იყო სამოქალაქო საქმის განხილვისას და მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომელზეც მიუთითებდა სარჩელში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლისა, ხოლო 248-ე მუხლით, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მიეკუთვნებინა თავისი გადაწყვეტილებით მხარისათვის ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
5.1.9. პალატამ მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 19 თებერვლის რედაქცია) 30-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება ჰქონდა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარედგინა სამოქალაქო სარჩელი. ამავე კოდექსის 31-ე მუხლით, სამოქალაქო სარჩელს განიხილავდა და წყვეტდა სასამართლო, რომლის განსჯადიც იყო სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 42-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდებოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
5.1.10. ლ.ბ. ა.ა–ის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენდა დაზარალებულს, ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, სასამართლომ განიხილა მისი სარჩელი და დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, განსასჯელს დააკისრა ლ.ბ–ის სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ქონების ღირებულების გადახდა. მითითებული განაჩენი შესული იყო კანონიერ ძალაში, იგი არ გაუსაჩივრებია დაზარალებულს, შესაბამისად, არსებობდა მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობაც. სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, თუმცა ეს მოსაზრება სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა, რადგან მისთვის უცნობი იყო, სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნა და რა საფუძვლით ითხოვდა იგი მის დაკმაყოფილებას, მხარეებს აღნიშნულის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ. ამავე დროს, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ თუკი ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი, ა.ა–ს გადასახდელი ექნება, როგორც უძრავი ქონების ღირებულება კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, ასევე, ჩამოერთმეოდა მის სახელზე რეგისტრირებული ეს ქონება და აღირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებად. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მიღებული ქონებრივი სიკეთე ბევრად მეტი იქნებოდა იმ ზიანის ოდენობაზე, რაც ლ.ბ–ს მიადგა.
5.1.11. პალატამ მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელებზე არ ვრცელდებოდა სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. განსახილველ შემთხვევაში, ლ.ბ–მ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე იდავა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თავად სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოში, შესაბამისად, ამ მუხლის მოთხოვნა მას არ ეხებოდა.
5.1.12. გაზიარებულ იქნა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ლ.ბ. ამჯერად ითხოვდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და მის მესაკუთრედ რეგისტრაციას. ამ მოთხოვნის მიმართ მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები, კერძოდ, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის განსაზღვრულია ექვსი წელი, რომელიც, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. პალატამ მიუთითა 138-ე მუხლზე, 139-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ 2007 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლ.ბ–ის სასარგებლოდ, ა.ა–ს დაეკისრა უძრავი ქონების ღირებულების გადახდა. განაჩენი იმავე დღეს შევიდა კანონიერ ძალაში. სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაწყებულიყო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2013 წლის 13 ოქტომბერს, ლ.ბ–მ კი, სასამართლოს მიმართა 2014 წლის 25 მარტს, ანუ ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაც, მის მოთხოვნას ამ მხრივაც უსაფუძვლოს ხდიდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ.ბ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა გავიდა 2013 წლის 13 ოქტომბერს, რადგანაც 2007 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოებში და კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 10 ნოემბერს, რაც დასტურდება უზენაესი სასამართლოს სააღსრულებო ფურცლით. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაშიც კი, ხანდაზმულობის ვადა არ ითვლება გასულად, რადგანაც სარჩელი სასამართლოში პირველად 2013 წლის 5 სექტემბერს, შემდგომ 2013 წლის 10 დეკემბერს, ხოლო ბოლოს 2014 წლის 25 მარტს იქნა წარდგენილი, ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
6.1.2. არასწორია პალატის მსჯელობა, რომ მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა არ დასტურდება, რადგანაც ხ.ო–მ მოტყუებით მიიღო მოსარჩელისაგან რწმუნებულება და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადეს სადავო გარიგება. მოსარჩელემ არ იცოდა და არც სურდა ამ გარიგების დადება, ხოლო ხ.ო. და ა.ა. მოქმედებდნენ დანაშაულებრივი განზრახვით, რათა მიეთვისებინათ კასატორის ქონება.
6.1.3. კასატორმა სადავო გახადა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა 45 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ განაჩენის გამოტანის დროისათვის ბინის საბაზრო ღირებულება 40 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ.ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ კასატორმა გარიგების მოტყუებით, მოჩვენებით და იძულებით დადების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად.
1.3. კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგანაც მან სასამართლოს სარჩელით მიმართა სამჯერ, 6-თვიანი ვადის დავცით. ამასთანავე, უდავოდ დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 380-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ ამ ახალ ფაქტებზე. გარდა აღნიშნულისა, უდავოდაა გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი (სამოქალაქო სარჩელის ნაწილში) არ გაუსაჩივრებია, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს მის მსჯელობას, ამ განაჩენის ზემდგომი წესით განხილვის შემდეგ კანონიერი ძალაში შესვლის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საფუძველს აცლის მის მტკიცებას, რომ 45 000 ლარის დაკისრების თაობაზე სააპელაციო პალატის დასკვნა არასწორია, რადგანაც 2007 წლის 13 ოქტომბრისათვის სადავო ბინის საბაზრო ღირებულება 40 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება. ამასთანავე, მითითებულ ინსტიტუტს საპროცესო-სამართლებრივი დატვირთვაც გააჩნია, რადგანაც იგი სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი შესაგებელია.
1.7. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია მას და ხ.ო–ს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასეთ შემთხვევაში დავალების ხელშეკრულება ნამდვილად მიიჩნევა და სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საცილო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას განაპირობებს, რადგანაც, ნების გამოვლენის ნაკლის გამო, გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება.
1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც, შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ლ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე