Facebook Twitter

საქმე №ას-1206-1151-2013 10 ივლისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. პ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს.მ.-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. პ.-ემ მოპასუხე ს. მ.-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ.ქუთაისში, ნ.-ას ქუჩის N... შესახვევის №../..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა.

2. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მოპასუხესთან ერთად ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-3 შესახვევის #..-ში მდებარე ბინაში. 1993 წელს მოპასუხემ თავის სახელზე განახორციელა ზემოაღნიშნული ბინის პრივატიზაცია, ხოლო 1994 წელს პრივატიზებული ბინა გაუცვალა თავის დას ამ უკანასკნელის კუთვნილ ბინაში - მდებარე ქ.ქუთაისში, ნ.-ს ქუჩის პირველი შესახვევის №../..-ში. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე, მან, მოპასუხესთან ერთად, მოიპოვა თანასაკუთრების უფლება ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-3 შესახვევის #...-ში მდებარე ბინაზე, ვინაიდან იგი წარმოადგენდა მოპასუხის (დამქირავებლის) ოჯახის წევრს (არასრულწლოვან შვილს), ჩაწერილი იყო ზემოხსენებულ ბინაში და ცხოვრობდა დამქირავებელთან ერთად. მოსარჩელის მოსაზრებით, ვინაიდან იგი პრივატიზებული ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა, მას გაცვლით მიღებულ ბინაშიც ეკუთვნოდა 1/2 წილი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული, ქ.ქუთაისში, ნ.-ს ქუჩის პირველი შესახვევის №../..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 50%-ის (1/2 წილის) მესაკუთრედ.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე არის მოპასუხის შვილი. იგი დაიბადა 197.. წლის 8 ოქტომბერს. მოსარჩელე 1977 წლიდან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მოპასუხესთან ერთად ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში.

4.2. 1994 წლის 10 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის №107 დადგენილების თანახმად, მოპასუხეს უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა – მდებარე ქ.ქუთაისში, ფ.-ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში, 27.53კვ.მ საცხოვრებელი ფართითა და დამხმარე სათავსოებით.

4.3. 1994 წლის 23 მარტის გაცვლის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ ქ.ქუთაისში, ფ.-ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე ბინა გაუცვალა თავის დას ქ.ქუთაისში, ნ.-ს ქუჩის პირველი შესახვევის №../..-ში მდებარე ბინაში, საცხოვრებელი ფართით 31.32კვ.მ.

4.4. 1994 წლიდან მოსარჩელე მოპასუხესთან ერთად ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ნ.-ს ქუჩის პირველი შესახვევის №../..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილებაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, როგორც მოპასუხის (დამქირავებლის) ოჯახის წევრმა და სადავო ფართში ჩაწერილმა პირმა, მოპასუხესთან ერთად მოიპოვა თანასაკუთრების უფლება ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე ბინაზე.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ გაცვლის ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხე წარმოადგენდა ასევე თავისი არასრულწლოვანი შვილის (მოსარჩელის) ინტერესებსაც და ამ უკანასკნელის კუთვნილი წილი გაუცვალა თავის დას, შესაბამისად, მოსარჩელემ მოიპოვა საკუთრების უფლება გაცვლილ ბინაზეც.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. მ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ მიიჩნია, რომ სადავო ბინა არ წარმოადგენდა იმ უძრავ ნივთს, რომელზეც მოსარჩელეს შესაძლებელია ჰქონოდა საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულების შემდეგ დადებული გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ბინა აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში, შესაბამისად, მოსარჩელემ დაკარგა ამ ბინაზე წილის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან იგი არ იყო პრივატიზაციით მიღებული ქონება.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სულ სხვა სფუძვლით უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან ბინების გაცვლისას აუცილებელი იყო ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობა, მოსარჩელე კი, როგორც დადგენილია მოცემულ საქმეზე, გაცვლის დროს არასრულწლოვანი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. მოსარჩელე არის მოპასუხის შვილი. იგი დაიბადა 1977 წლის .. ოქტომბერს. მოსარჩელე 1977 წლიდან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მოპასუხესთან ერთად ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში.

12.2. 1994 წლის 10 თებერვლის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის №107 დადგენილების თანახმად, მოპასუხეს უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა – მდებარე ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში, 27.53კვ.მ საცხოვრებელი ფართითა და დამხმარე სათავსოებით.

12.3. 1994 წლის 23 მარტის გაცვლის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე ბინა გაუცვალა თავის დას ქ.ქუთაისში, ნ.-ას ქუჩის პირველი შესახვევის №../..-ში მდებარე ბინაში.

12.4. 1994 წლიდან მოსარჩელე მოპასუხესთან ერთად ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ნ.-ას ქუჩის პირველი შესახვევის №../..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი, შესაბამისად, ეს გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილებაზე და ამ დადგენილების გამოყენების შედეგად უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგავროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის პრივატიზაციის დროს, ბინაში კანონით დადგენილი წესით ჩასახლებული და მცხოვრები ყველა პირი (ბინის დამქირავებლები და ამ დამქირავებლის ოჯახის წევრები), მათ შორის არასრულწლოვანიც, ითვლება ბინის თანამესაკუთრედ, იმისდა მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე განხორციელდება ბინის პრივატიზაცია (იხ. სუსგ, 31.03.2009წ., საქმეზე #ას-997-1196-08).

16. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107-ე დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელემ, როგორც მოპასუხის (დამქირავებლის) ოჯახის წევრმა და სადავო ფართში ჩაწერილმა პირმა, მოპასუხესთან ერთად, თანასაკუთრების უფლება მოიპოვა ქ.ქუთაისში, ფ.-ის ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე ბინაზე.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ კანონის საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნული ბინის 1/2 ნაწილზე და, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ნივთი მთლიანად მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა საჯარო რეესტრში, მოსარჩელეს არ დაუკარგავს საკუთრების უფლება მის კუთვნილ წილზე. მართალია, მესამე პირებთან ურთიერთობაში სადავო ბინის ერთადერთ მესაკუთრედ მოპასუხე მიიჩნეოდა, მაგრამ პრივატიზაციაზე უფლების მქონე პირთა შიდა ურთიერთობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი გავლენას ვერ მოახდენდა და ვერ შეცვლიდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელეც ამ ბინის თანამესაკუთრე იყო. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილის („თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“) გამოყენება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ედავება არა უძრავი ქონების შემძენ მესამე პირს, არამედ იმ პირს, ვინც პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ნივთი მთლიანად თავის საკუთრებაში აღრიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინის 1/2 ნაწილზე მოსარჩელემაც მოიპოვა საკუთრების უფლება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს შეეძლო მხოლოდ მისი თანასაკუთრების წილის და არა საერთო საკუთრების ბინის (საზიარო საგნის) სრულად განკარგვა (სამოქალაქო კოდექსის 959-ე მუხლის პირველი წინადადება - „თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად“). განსახილველ შემთხვევაში, გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე საზიარო საგნის გასხვისებით, მოპასუხემ განკარგა არა მარტო მისი თანასაკუთრების წილი, არამედ მოსარჩელის კუთვნილი წილიც, ხოლო სადავო ქონების გაცვლის შედეგად მიღებული შესრულების (შეძენილის) მხოლოდ თავის საკუთრებაში აღრიცხვით, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე.

19. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული კონდიქციური ვალდებულება, ვინაიდან მოპასუხე მოსარჩელის ქონებრივი ინტერესების ხელყოფით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, კერძოდ, მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თავის საკუთრებაში აღრიცხა მოსარჩელის კუთვნილი სადავო ბინის 1/2 წილი.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა უნდა დაეფუძნოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლსა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებას („უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე . . .“).

22. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან მან მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შესაგებელი დაგვიანებით წარადგინა, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოპასუხემ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე (სასამართლოს მთავარ სხდომაზე) მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე (იხ. ს.ფ. 253-255), ამასთან, მას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ვერ შეძლო მან ამის გაკეთება საქმის მომზადების სტადიაზე და გააჩნდა თუ არა საპატიო მიზეზი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხემ უნდა მიუთითოს საქმის მომზადების სტადიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (იხ. სუსგ, 28.05.2009წ., საქმეზე #ას-21-358-09; 13.04.2007წ., საქმეზე #ას-863-1219-06).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი), კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი) და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილი). კანონის აღნიშნული დარღვევა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - მდებარე ქ.ქუთაისი, ნ.-ას ქუჩა, .. შესახვევი, #.., ბინა #. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.........) – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

27. მითითებული ნორმის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი ვალდებულია, შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ამ დროს მხედველობაში მიიღება არა მარტო საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟი, არამედ, ის ხარჯებიც, რომლებიც გაიღეს მხარეებმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმეთა განხილვისას.

28. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს (მოსარჩელეს) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს: სარჩელზე – 240.00 ლარი (იხ. ს.ფ. 15,18), სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50.00 ლარი (იხ. ს.ფ. 17), ხოლო საკასაციო საჩივარზე – 400.00 ლარი (იხ. ს.ფ. 351-352). კასატორს გადახდილი აქვს ასევე შემდეგი საპროცესო ხარჯები: სასაქონლო ექსპერტიზის ხარჯი - 100.00 ლარი (იხ. ს.ფ. 22-26, 701), საჯარო რეესტრში ინფორმაციის მოპოვების ხარჯი - 35.00 ლარი (იხ. ს.ფ. 66-70), საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 530.00 ლარი (ს.ფ. 65).

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, წაგებულ მხარეს – მოპასუხეს მოგებული მხარის – მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფაზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად - 690.00 (240+400+50) ლარი, მოპასუხეს ასევე სრულად უნდა დაეკისროს სასაქონლო ექსპერტიზის ხარჯი - 100.00 ლარი და საჯარო რეესტრში ინფორმაციის მოპოვების ხარჯი - 35.00 ლარი. რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი არ შეიძლება იყოს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტზე მეტი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დავის საგნის ღირებულების (15900:2=7950) 4% შეადგენს 318.00 ლარს, მაგრამ საკასაციო სასამართლო მოპასუხეს 300 ლარზე მეტს ვერ დააკისრებს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა საადვოკატო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯის ასანაზღაურებალად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარზე მეტი თანხის დაკისრება იქნებოდა მოპასუხისათვის საუარესოდ შებრუნება.

30. საერთო ჯამში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1125.00 (690+100+35+300) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

31. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. პ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. გ. პ.-ე ცნობილ იქნეს ს. მ.-ას საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების - მდებარე ქ.ქუთაისი, ნ.-ას ქუჩა, .. შესახვევი, #.., ბინა #.. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #03.04.07.073.01.020) – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

5. ს. მ.-ას გ. პ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯების ასანაზღაურებლად;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი