Facebook Twitter

საქმე №ას-127-119-2015 22 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. მ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. შ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. შ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. მ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნება 4327 ევროს ოდენობით.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიაში, 2010 წელს გაიცნო ა.-ის რაიონის, სოფელ ა.-ში მცხოვრები ს. მ.-ე, რომელსაც მოსარჩელე იტალიიდან პერიოდულად უგზავნიდა თანხებს იტალიაში გასამგზავრებლად და საჭირო საბუთების მოსამზადებლად, სახელდობრ, 2010 წლის 05 აგვისტოს გაუგზავნა 104,5 ევრო, 16 სექტემბერს - 54,5 ევრო, 30 სექტემბერს -1524 ევრო, 07 ოქტომბერს - 613 ევრი, 14 ოქტომბერს - 2031 ევრო. მთლიანობაში, გაგზავნილი თანხის ოდენობამ შეადგინა 4327 ევრო, რომელიც მოპასუხეს 2011 წლის ბოლომდე უნდა დაებრუნებინა.

მოპასუხემ არ უარყო სადავო თანხების იტალიიდან გამოგზავნის შესახებ სარჩელში მითითებული გარემოება, თუმცა განმარტა, რომ მასსა და მოპასუხეს შორის რაიმე შეთანხმებას სასესხო ურთიერთობაზე (თანხის დაბრუნებაზე) ადგილი არ ჰქონია. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე გაიცნო სკაიპის მეშვეობით და ინტენსიური მიმოწერის შედეგად ერთმანეთი შეუყვარდათ. მოგვიანებით, მოსარჩელემ შესთავაზა მისივე დაფინანსებით სამი თვით იტალიაში თავისთან გამგზავრება. მოპასუხემ შეთავაზება მიიღო და სამი თვით სტუმრად გაემგზავრა მოსარჩელესთან იტალიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩამოვიდა მოსარჩელეც, ხოლო 2012 წლის იანვარში ირივენი კვალავ გაემგზავრნენ იტალიაში. მოგვიანებით კი, პირადი ცხოვრების არათანხვედრი გეგმების გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. მ.-ეს ე. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4327 ევროს ეკვივალენტის ლარის გადახდა.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს. მ.-ემ, რომლითაც მოითხოვა, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინებით ს. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ს. მ.-ეს ე. შ.-საგან მიღებული აქვს 4327 ევრო, რაც დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი ე. შ.-ის მიერ თანხის გამოგზავნისა და ამ თანხის ს. მ.-ის მიერ მიღების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ს. მ.-ისათვის სესხის დავალიანების გადახდის დაკისრება 4327 ევროს ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებით და განმარტა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რაც გამორიცხავდა მათ შორის არსებული ურთიერთობის კვალიფიკაციას უსაფუძვლო გამდიდრებად.

ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხე) მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამომრიცხველი საწინააღმდეგო არგუმენტი სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტმა (მოპასუხე) სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა 624-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და განმარტა, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია სესხის სამართლებრივ ურთიერთობებში გამოსაყენებელი მტკიცების სტანდარტი ე.ი. ის მინიმალური მტკიცებულებები, რომელიც სესხის სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისათვის უნდა წარმოადგინოს მოსარჩელემ. კერძოდ, ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც იმას ნიშნავს, მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში, არასაკმარისი მტკიცებულებაა და საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც. ასეთად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე ან ნებისმიერი სხვა წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოდავე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, ე. შ.-ი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, კერძოდ, კი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ვალდებულება 4327 ევროზე, გარდა მოწმეთა ჩვენებისა, ასევე უთითებს მის მიერ გახორცილებულ ფულად გზავნილებსა და მოპასუხე ს. მ.-ის მიერ თანხის მიღების მიღების დამადასტურებელ საბანკო ამონაწერებზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად აპელანტიც (მოპასუხე) არ უარყოფდა ფაქტს ე. შ.-ის მიერ თანხის გამოგზავნის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენდა მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობდა (სკ-ის 361-ე მუხ.) და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად უთითებდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, არამედ წერილობით მტკიცებულებებზეც, რასაც მოპასუხე ვერ აქარწყლებდა (ვერ უთითებდა ე. შ.-ის მიერ თანხის გამოგზავნის მომენტისათვის, თუ არა სესხად გაცემული თანხის, არამედ, სხვა საფუძვლით მისი გაცემის მიზნობრიობაზე), ამიტომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, რომლის საფუძველზე ს. მ.-ეს მართებულად დაეკისრა ე. შ.-ის სასარგებლოდ 4327 ევროს ეკვივალენტის ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი წარადგინა ს. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასესხო ურთიერთობად. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თანხის გადმოგზავნის შესახებ ფულად გზავნილებით, რომელსაც არც მოპასუხე (აპელანტი) არ უარყოფდა დადგენილად მიიჩნია, რომ ამ თანხის გადმოგზავნის მიზნობრიობა იყო სესხი. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სასესხო ურთიერთობის შეფასებისათვის აუცილებელი გარემოებების არსებობა, კერძოდ, ნაკისრი ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სადავო თანხების დაბრუნების ვალდებულება, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ თანხის გადაცემა, მით უფრო, მხარეთა შორის არსებული ახლო (თითქმის ცოლ-ქმრული) ურთიერთობიდან გამომდინარე, არ იყო საკმარისი მტკიცებულება სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის. აქვე, კასატორმა განმარტა, რომ იგი სადავოდ ხდიდა თანხის გარკვეული ნაწილის ე. შ.-ის მიერ გადმოგზავნის ფაქტსაც, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით თანხის გამომგზავნად არ არის მითითებული ე. შ.-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით ს. მ.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ საქმეზე დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ე. შ.-მა, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიაში, 2010 წელს სოციალური ქსელის („სკაიპი“) მეშვეობით გაიცნო ა.-ის რაიონის, სოფელ ა.-ში მცხოვრები მოპასუხე - ს. მ.-ე.

დადგენილია, რომ ს. მ.-ე გაემგზავრა და გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა იტალიაში.

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე. შ.-ს მოპასუხე ს. მ.-ისათვის სხვადასხვა დროს გაგზავნილი აქვს თანხები, სახელდობრ, 2010 წლის 05 აგვისტოს გააგზავნა 104,5 ევრო, 16 სექტემბერს - 54,5 ევრო, 30 სექტემბერს -1524 ევრო, 07 ოქტომბერს - 613 ევრო, 14 ოქტომბერს კი, - 2031 ევრო. მთლიანობაში, გაგზავნილი თანხის ოდენობამ შეადგინა 4327 ევრო. აღნიშნული ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერებით. მითითებული თანხების მიღების ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მხოლოდ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა თანხის ოდენობა და განმარტა, რომ „104 ევროს გამოგზავნის შესახებ წარმოდგენილ ამონაწერში გამომგზავნის ვინაობად არ იყო მითითებული ე. შ.-ი, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია“, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ეს საკითხი არ დაუყენებია თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, ამიტომ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მოპასუხე (აპელანტი) აღარ სარგებლობდა თანხის (104 ევრო) ოდენობაზე შედავების პროცესუალური უფლებამოსილებით (სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწ.). შესაბამისად, ამ ნაწილში, საპროცესო ნორმების დარღვევაზე კასატორის პოზიცია საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. მ.-ე გაემგზავრა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში.

დადგენილია, რომ ე. შ.-მა ს. მ.-ეს 2013 წლის 18 დეკემბერს სასარჩელო წარმოების წესით მოსთხოვა მის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი თანხების უკან დაბრუნება და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობა, რომლის შესრულების (თანხის დაბრუნება) ვალდებულება მოპასუხეს ჰქონდა 2011 წლის ბოლომდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ იგი უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებამდე რაიმე ფორმით შეეცადა მოპასუხის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (თანხის დაბრუნების) შესრულებას.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ს. მ.-ე არ უარყოფს ე. შ.-ისაგან სხვადასხვა დროს თანხის მიღების (იტალიიდან გამოგზავნის) შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის იმ პოზიციაზე, რომლითაც იგი სადავოდ ხდის ე. შ.-ის მიერ მისთვის გადაცემული (იტალიიდან გამოგზავნილი) თანხების (4,327 ევროს) მიზნობრიობას და განმარტავს, რომ „მხარეთა შორის არსებული ახლო (თითქმის ცოლ-ქმრული) ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაცია, მით უფრო, იმ სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სადავო სასესხო ურთიერთობის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ თანხის გადაცემის (გამოგზავნის) ფაქტის დადგენა, არამედ ამასთან ერთად ერთმნიშვნელოვნად უნდა დგინდებოდეს გადაცემული (გაგზავნილი) თანხის უკან დაბრუნების შესახებ დაპირება, რასაც მოცემულ შემთხვევაში, არც ადგილი ჰქონია და ამაზე არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია“.

ამდენად, ს. მ.-ის კასაციის საფუძვლები (მიზეზები) მდგომარეობს იმაში, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ, ფულადი გზავნილების ამსახველი საბანკო ამონაწერები და მათზე დაყრდნობით არასწორად დაადგინა მხარეთა შეთანხმება სესხის ზეპირ ხელშეკრულებაზე, რომელმაც მოცემულ საქმეზე გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან).

მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე ე. შ.-ის მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატის მითითებით კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. ამ თვალსაზრით, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ „ვინაიდან სადავო სასესხო ურთიერთობის დასადასატურებლად ე. შ.-მა მიუთითა არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, არამედ ამავდროულად, წარმოადგინა ფულადი თანხის იტალიიდან გამოგზავნისა და ამ თანხის ს. მ.-ის მიერ მიღების ამასახველი საბანკო ამონაწერები, მოსარჩელემ შეასრულა მტკიცების ტვირთის ის მინიმალური სტანდარტი, რაც სამოქალაქო კოდექსის 624-ე და 361-ე მუხლებით დადგენილი წესით ევალებოდა კრედიტორს“.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა მოწმეთა ჩვენებასა და საქმეში წარმოდგენილ ფულადი თანხის იტალიიდან გამოგზავნისა და ამ თანხის ს. მ.-ის მიერ მიღების ამასახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს ე. შ.-სა და ს. მ.-ეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსსა და ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.

საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი).

ამდენად, სასესხო ვალდებულებების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად და სამართალწარმოების ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის აღწერილობით (ნორმატიული შემადგენლობით): „სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“. განსახილველი ნორმის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.

რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადებაზე, რომელშიც სწორედ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე - ე.შ.-ი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე - ს.მ.-ესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი).

მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას.

ამდენად, როგორც აღინიშნა მოპასუხე ს. მ.-ესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უფრო, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის იტალიიდან გადმოგზავნის გზით ს. მ.-ისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიაციისათვის) მხოლოდ ს. მ.-ის სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და ს. მ.-ის მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენდა მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი) უმართებულოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელე - ე. შ.-მა, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიაში, 2010 წელს სოციალური ქსელის („სკაიპი“) მეშვეობით გაიცნო ა.-ის რაიონის, სოფელ ა.-ში მცხოვრები მოპასუხე - ს. მ.-ე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე. შ.-ს მოპასუხე ს. მ.-ისათვის სხვადასხვა დროს გაგზავნილი აქვს თანხები, სახელდობრ, 2010 წლის 05 აგვისტოს გააგზავნა 104,5 ევრო, 16 სექტემბერს - 54,5 ევრო, 30 სექტემბერს -1,524 ევრო, 07 ოქტომბერს - 613 ევრო, 14 ოქტომბერს კი, - 2,031 ევრო. მთლიანობაში, გაგზავნილი თანხის ოდენობამ შეადგინა 4,327 ევრო.

დადგენილია, რომ ს. მ.-ე გაემგზავრა და გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა იტალიაში.

ე. შ.-მა ს. მ.-ეს 2013 წლის 18 დეკემბერს სასარჩელო წარმოების წესით მოსთხოვა მის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი თანხების უკან დაბრუნება და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობა, რომლის შესრულების (თანხის დაბრუნება) ვალდებულება მოპასუხეს ჰქონდა 2011 წლის ბოლომდე. თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ იგი უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებამდე რაიმე ფორმით შეეცადა მოპასუხის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (თანხის დაბრუნების) შესრულებას, იმის მიუხედავად, რომ შესრულების ვალდებულებიდან გასული იყო ზუსტად ორი წელიწადი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ს. მ.-ე არ უარყოფს ე. შ.-ისაგან სხვადასხვა დროს თანხის მიღების (იტალიიდან გამოგზავნის) შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა სხვაგვარად ხსნის ე. შ.-ის მიერ მისთვის გადაცემული (იტალიიდან გამოგზავნილი) თანხების (4327 ევროს) მიზნობრიობას და განმარტავს, „მხარეთა შორის არსებული ახლო (თითქმის ცოლ-ქმრული) ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო თანხის გადმოცემაზე, როგორც სესხზე საუბარი, ვინაიდან მხრეთა შორის იმჟამად არსებული ახლო ურთიერთობა თავისთავად გამორიცხავდა ამ თანხის უკან დაბრუნებაზე რაიმე ფორმით შეთანხმებას“.

მართალაც საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე. შ.-მა ისე განახორციელა ყველა ფულადი ტრანზაქცია მოპასუხის (კასატორი) სასარგებლოდ, რომ გაგზავნის დანიშნულებად სასესხო ურთიერთობის არსებობაზე არსად მიუთითებია. ყოველივე ეს კი, იმ პირობებში, რომ როგორც მოსარჩელე განმარტავს, თითქოს რომ „მან სოციალური ქსელის („სკაიპი“) მეშვეობით გაიცნო ა.-ის რაიონში მცხოვრები ს. მ.-ე, რომელსაც სურვილი ჰქონდა გამგზავრებულიყო იტალიაში, რისთვისაც დახმარება სთხოვა ე. შ.-ს და ესესხა ფული“, ნაკლებად სავარაუდოა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის საკასაციო პალატა საჭოროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ჩუქების სამართალურთერთობის თავისებურებებზე:

ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა.

ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან.

ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა. თითოეული ადამიანი თავისი სამართლებრივი სივრცის გამგებელია და მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს ამ სივრცეში შეღწევის უფლება. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს. მართალია, ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და ეს ხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს მას.

განსახილველი დავის არსის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს კეთილგანწყობილი ურთიერთობა გააჩნდა მოპასუხესთან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ს. მ.-ე გაემგზავრა და გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა იტალიაში. ასევე დადასტურებულია, რომ სადავო თანხები ს. მ.-ეს პერიოდულად ეგზავნებოდა რაიმე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მინიშნების გარეშე. ყოველივე აღნიშნული საკასაციო პალატას აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ე. შთირიშვილს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, გამოეხატა ს. მ.-ის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა თუნდაც ჩუქების ხელშეკრულების დადებაში (სკ-ის 524-ე მუხ.), რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და თავისთავად მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმებისა და შესაბამისად, ე. შ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, ე. შ.-ს ს. მ.-ის სასარგებლოდ უნდა დეკისროს საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლო ანაზღაურების მიზნით, 495.60 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 04 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ე. შ.-ს დაეკისროს ს. მ.-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 495.60 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე