Facebook Twitter

№ას-1301-1239-2014 30 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. გ-ე, გ. გ-ე (კანონიერი წარმომადგენელი თ. გ-ე) (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწორება საპროცესო ხარჯების მხარეთათვის განაწილების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. შ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში თ. გ-ისა და გ. გ-ის მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა თ. გ-ისათვის თანხის გადახდის ვადაგადაცილებით სარჩელის წარდგენამდე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 4887,5 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო სარჩელის წარდგენიდან - ყოველთვიურად 287,5 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება თანხის (23 000 აშშ დოლარის) გადახდის ვალდებულების შესრულებამდე, შემდეგი დასაბუთებით:

2012 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებით ნ. შ-ემ თ. გ-ეს სამი თვის ვადით სარგებლის გარეშე 23 000 აშშ დოლარი ასესხა. იმავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით თ. გ-ის კუთვნილი, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1208 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....) დაიტვირთა. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ნ. შ-ემ, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სარჩელით სასამართლოს მიმართა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი თ. გ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად 23 000 აშშ დოლარი დაეკისრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. შ-ის სარჩელი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის ნაწილში. მიუხედავად დასახელებული გადაწყვეტილებისა, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა, თ. გ-ემ ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონება ჩუქების ხელშეკრულებით შვილიშვილზე - გ. გ-ეზე გაასხვისა. თანხის გადახდის დაყოვნებით მიღებული ზიანის ოდენობა ბანკთაშორისი საკრედიტო საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ოდენობის - წლიური 15%-ის გათვალისწინებით უნდა იქნეს დაანგარიშებული, შესაბამისად, თანხის დროულად მიიღების შემთხვევაში მოსარჩელეს შეეძლებოდა, თვეში 287,5აშშ დოლარი სარგებელი მიეღო (23 000 აშშ დოლარის 15% / 12 თვე). ამდენად, ვალდებულების შესრულების დროიდან - 2012 წლის 28 აპრილიდან სარჩელის წარდგენამდე - 2013 წლის 25 სექტემბრამდე მოსარჩელე 4887,7 აშშ დოლარის სარგებელს მიიღებდა, ასევე, სარჩელის წარდგენიდან ყოველთვიურად - 287,5 აშშ დოლარის სარგებელს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს სარგებლის გადახდის მოთხოვნის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ხელშეკრულება სესხისათვის პროცენტის გადახდას არ ითვალისწინებს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის დროისათვის მიუღებელი სარგებლის სახით 4887.5 აშშ დოლარის ანაზღაურება და სარჩელის წრდგენიდან ყოველთვიურად 287.5 აშშ დოლარის გადახდა სესხის ძირითადი თანხის - 23 000 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე. იმავე გადაწყვეტილებით, სესხის ძირითადი თანხის, საპროცესო ხარჯებისა და მიუღებელი სარგებლის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ხელვაჩაური რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1208 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....) იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: 1. თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლი თ. გ-ე) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა, 3. ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 4. თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დროისათვის 3258.33 აშშ დოლარის ანაზღაურება და სარჩელის აღძვრის შემდეგ ყოველთვიურად 191.66 აშშ დოლარის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის სრულად გადახდამდე დაეკისრა, 5. დავალიანების ძირითადი თანხის - 23 000 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლისა და საპროცესო ხარჯების უზრუნველსაყოფად იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ქონება - 1208 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:

2012 წლის 27 იანვარს, მოსარჩელე ნ. შ-ესა და მოპასუხე თ. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. შ-ემ, 3 თვის ვადით, კერძოდ, 2012 წლის 27 აპრილამდე, თ. გ-ეს 23 000 აშშ დოლარი ასესხა;

2012 წლის 27 იანვრის უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხელვაჩაურში, სოფელ გ-ში მდებარე, თ. გ-ის საკუთრებაში არსებული, 1208.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 297.36 კვ.მ შენობა-ნაგებობანი (საკადასტრო კოდი: .....);

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ 23 000 აშშ დოლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 1132 ლარისა და ადვოკატისათვის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე ნ. შ-ეს ეთვა უარი;

2013 წლის 22 თებერვალს, თ. გ-ესა და გ. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც, თ. გ-ის საკუთრებაში არსებული 1208 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 297,36 კვ.მ შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: .....) გ. გ-ეს გადაეცა;

გ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია შემდეგი მონაცემებით: განაცხადის რეგისტრაციის ნომერი - ....., რეგისტრაციის თარიღი - 2013 წლის 22 თებერვალი, უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2013 წლის 28 თებერვალი, ქონება - ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გ-ში მდებარე 1208 კვ/მ (დაზუსტებული ფართობი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: .....), 297,36 კვ.მ შენობა-ნაგებობა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 2013 წლის 22 თებერვალს. ქონებაზე, 2012 წლის 27 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 2 თებერვალს რეგისტრირებულია იპოთეკა;

სესხის თანხის გადაცემა მოსარჩელე ნ. შ-ის მიერ განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე - 2012 წლის 27 იანვარს;

თ. გ-ეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თანხის სამი თვის განმავლობაში დაფარვის ვალდებულება არ შეუსრულებია;

სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ გაიზიარა და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს მიუღებელი თანხის წლიური 10%-ით, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, გონივრული ოდენობაა და შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (Nას-1207-1152-2013). შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუღებელი შემოსავალი თვეში 191,5 აშშ დოლარს (23 000 აშშ დოლარის 10% /12 თვე) შეადგენს;

სესხის თანხა - 23 000 აშშ დოლარი თ. გ-ეს ნ. შ-ისათვის უნდა დაებრუნებია 2012 წლის 27 აპრილისათვის, რაც არ განუხორციელებია. ნ. შ-ემ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სასამართლოში 2013 წლის 25 სექტემბერს წარადგინა. მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის წარდგენის დღემდე გასულია 17 თვე;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი გარემოებების შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 411-ე მუხლით და მიიჩნია, რომ თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის დროისათვის 3258,33 აშშ დოლარის ანაზღაურება (17*191,5=3258,33,აშშ დოლარს), სარჩელის აღძვრის შემდეგ კი, ყოველთვიურად 191,66 აშშ დოლარის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე.

სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე და 302-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. გ-ემ და გ. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა თ. გ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მთლიანად გაუქმება, ასევე, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მიუღებელი შემოსავლისა და საპროცესო ხარჯების გადახდის უძრავ ქონებაზე იძულებით აღსასრულებდა მიქცევის ნაწილში, და გადაწყვეტილების მე-6-9 პუნქტით განსაზღვრული საპროცესო ხარჯების ხელახალი გადანაწილება, შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული, №ას-1207-1152-2013 უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების, ასევე, იგივე შინაარსის №ას-1701-1685-2011 გადაწყვეტილების შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებები, რომელთა შესრულების ვადაგადაცილებისათვის მოვალეს თანხის გადახდა დაეკისრა, იყო სარგებლიანი, კერძოდ, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ პროცენტზე. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება არის უპროცენტო და მხაარებს არ აქვთ დათქმული ვალდებულების დარღვევის გამო რაიმე პასუხიმგებლობა (პროცენტი, პირგასამტეხლო და ა.შ). შესაბამისად, როცა პასუხისმგებლობის საკითხი დგება, იგი უნდა გადაწყდეს კანონის საფუძველზე, ანუ, სამოქალაქო კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვული ზიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. იმავე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია, რა იყო ნ. შ-ის მოთხოვნა. კერძოდ, მოთხოვნა იყო იპოთეკით დატვირთული ქონების ნატურით გადაცემა, რაც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო ნ. შ-ეს ზემდგომ ინსტანციებში აღარ უდავია. დასახელებული გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 წლის შემდგომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა გამორიცხავს ზიანის მიყენებას თ. გ-ის ბრალით. ნ. შ-ემ არასწორად აღძრა თავდაპირველი სარჩელი, მას დროულად არ მოუთხოვია ზიანის ანაზღურება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რის გამოც განსახილველი დავის საგნად არსებული ზიანის მიღებაში ბრალი თავად მიუძღვის. როცა სასესხო ურთიერთობა უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით, ხოლო მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს და კრედიტორმა იცის, რომ მოვალეს ვალდებულების შესრულების საშუალება არ გააჩნია, რის ადეკვატურათაც კრედიტორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცდილობს უზრუნველყოფილი ქონებით მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ფაქტია, რომ აქ ზიანის დადგომაში უფრო მეტი წილი კრედიტორს მიუძღვის. იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ, თუკი მოვალე ვადას დაარღვევს, კრედიტორს უფლება ეძლევა, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფილი ნივთით და არ დაელოდოს, თუ როდის გაუჩნდება მოვალეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა. ხშირია შემთხვევები, როცა ბანკები თუ მევახშეები უზრუნველყოფილი ქონებით ბოროტად სარგებლობენ და სარჩელის აღძვრას შეგნებულად აჭიანურებენ (უზრუნველყოფილი ქონების ღირებულების ფარგლებში), რათა მხარეებს დააკისრონ მეტი პროცენტი თუ პირგასამტეხლო. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამატებითი ვადის დაწესება აუცილებელი არაა, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, ანდა ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ამდენად, კრედიტორის განმარტება, რომ მის მიმართ ვალდებულება არ სრულდება და ამით ზიანს განიცდის, საფუძველს მოკლებულია;

ნ. შ-ეს სააღსრულებო ბიუროში შეტანილი აქვს სააღსრულებო ფურცელი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდგომ პროცენტის და საურავის დაკისრება წყდება. აქედან გამომდინარე, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ეს სარგებელი უნდა დაეკისროს, მაშინ იგი 2013 წლის 2 აგვისტომდე - სააღსრულებო ბიუროში 23 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე უნდა დაეკისროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერ წარმომადგენელ თ. გ-ის) საკასაციო საჩივარი დავის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებით წარდგენილი პრეტენზიების ნაწილში სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ხოლო სასამართლო ხარჯების მხარეთათვის განაწილებასთან დაკავშირებით წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში - დაუშვა და ზეპირი მოსმენის გარეშე მისი არსებითად განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ისა და გ. გ-ის (კანონიერი წარმომადგენლის - თ. გ-ის) საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების მხარეთათვის განაწილებაზე პრეტენზიის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებები შემდეგი სახით განისაზღვრა:

„6. დაეკისროს თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

7. დაეკისროს თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ 1242,5 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;

8. დაეკისროს ნ. შ-ეს თ. გ-ის სასარგებლოდ 65 ლარის გადახდა;

9. დაეკისროს ნ. შ-ეს თ. გ-ის სასარგებლოდ 355,9 ლარის გადახდა“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. იგივე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, საპელაციო საჩივრისათვის უნდა იქნეს გადახდილი ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხის ოდენობით, ხოლო იგივე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრის დროისათვის მიუღებელი შემოსავლის - 4887.5 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე, სარჩელის წარდგენის დროიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ყოველთვიურად 287.5 აშშ დოლარის ოდენობით სესხის ძირითადი თანხის - 23 000 აშშ დოლარის სრულად დაფარვამდე (ს.ფ. 186-191);

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა სრულად გაასაჩივრეს;

აპელანტებმა - თ. გ-ემ და გ. გ-ემ სააპელაციო საჩივრისათვის ბაჟი 812,85 ლარის ოდენობით გადაიხადეს (ს.ფ. 220);

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დროისათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 3258.33 აშშ დოლარის ოდენობით დაეკისრა, ხოლო სარჩელის აღძვრის დროიდან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ყოველთვიურად 191.66 აშშ დოლარის ოდენობით სესხის ძირითადი თანხის სრულად გადახდამდე დაეკისრა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის 66,67% დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო საჩივრის - 33,33%.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნ. შ-ის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები - სარჩელისათვის გადახდილი ბაჟი და ადვოკატის მომსახურების საფასური მოწინააღმდეგე მხარეს უნდა აენაზღაურებინა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად - 66,67%-ს ფარგლებში, ხოლო აპელანტ თ. გ-ის მიერ გაწეული ხარჯი - სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოწინააღმდეგე მხარე ნ. შ-ის მიერ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში ნ. შ-ემ სარჩელისათვის გადაიხადა ბაჟი 242 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1), ხოლო იურიდიული მომსახურების საფასური - 500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 40). მოპასუხე თ. გ-ეს კი მის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, ხოლო 1242,5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, რაც არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო დანაწესს. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელისთვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს სახელმწიფო ბაჟის 242 ლარის 66.67%-ს - 161,3 ლარს; ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯი - 500 ლარის 66,67%-ს - 333,3 ლარს, რაც აღემატება სასამართლოს მიერ დაკისრებულ 200 ლარს.

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ნ. შ-ის ვალდებულება, აპელანტებისათვის აენაზღაურებინა სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი ბაჟის - 812,85 ლარის 33,33%, არ აღემატება 270,9 ლარს, თუმცა, ნ. შ-ეს არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისათვის სასამართლო ხარჯის - 65 ლარისა და 355,9 ლარის ანაზღაურების ნაწილში, მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარი კი, ვერ გახდება მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, რის გამოც, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს თ. გ-ისათვის ნ. შ-ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი) შემდეგი სახის ახალი გადაწყვეტილებით: თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 161,3 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. თ. გ-ისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. გ-ეს ნ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 161,3 ლარის ოდენობით;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დანარჩენი პუნქტები დარჩეს ძალაში;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე