საქმე №ას-1337-1375-2014 17 ივლისი, 2015 წელი, ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ს. ა-მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ე. გ-ის მიმართ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ: 1) სესხის - 25 000 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის - 4607 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმა) - 3245,20 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 2) ერთობლივი საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან კუთვნილი წილის - 80 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 3) ავტონაწილების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების - 1110 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; 4) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 11 200 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება; 5) ავტონაწილების დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილის - 19 000 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ მოითხოვა, ასევე, მოპასუხის მიმართ არსებული, 3245,20 აშშ დოლარის ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით (ტომი 1, ს.ფ. 1-10 - სარჩელი, 2013 წლის 21 მარტის სხდომის ოქმი, 15:42:00 – 15:48:40).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2011 წლის სექტემბრამდე ს. ა-ი და ე. გ-ი ეწეოდნენ ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ყიდდნენ ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებს;
2011 წლის დასაწყისში ე. გ-მა თბილისში მდებარე ავტონაწილების მაღაზიიდან წაიღო 1833 ლარის (1833:1.65 = 1110 აშშ დოლარი) ღირებულების ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები, რომლის საფასური არ გადაუხდია;
2011 წლის 9 ივლისს ს. ა-მა სს „პ. ბ-იდან“ სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოიტანა კრედიტი 130 000 აშშ დოლარი 13%-იანი წლიური სარგებლით. აღნიშნული თანხიდან ს. ა-მა ე. გ-ს სახლის მშენებლობისათვის გადასცა 25 000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ თანხასა და მასზე ყოველთვიურად დარიცხულ სარგებელს (25 000 აშშ დოლარის 1,088%) ე. გ-ი დაფარავდა. ე. გ-მა პირობა არ შეასრულა, რის გამოც, სესხის ძირითადი თანხა გადაიხადა ს. ა-მა, ისევე, როგორც გადაიხადა სესხისა და პროცენტის დროულად გადაუხდელობის გამო დაკისრებული ჯარიმა 3245,20 აშშ დოლარი;
ერთობლივი საქმიანობის პერიოდში ამონაგები თანხიდან ე. გ-მა, ს. ა-ის თანხმობის გარეშე, აიღო 80 000 აშშ დოლარი, რითაც ს. ა-მა მიიღო მატერიალური ზიანი. აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა ბანკიდან სესხის აღების საჭიროება. 80 000 აშშ დოლარის ბანკში შეტანის შემთხვევაში ს. ა-ი მიიღებდა, მინიმუმ, წლიურ 7%-იან სარგებელს, რაც 2 წელიწადში შეადგენდა 11200 აშშ დოლარს (80 000 აშშ დოლარის წლიური 7% არის 5600 აშშ დოლარი, 5600 x 2 წელზე =11200 აშშ დოლარი);
2011 წელს დღგ-ს სახით ს. ა-სა და ე. გ-ს გადასახდელი ჰქონდათ 19000-19000 ლარი. ს. ა-მა მისი კუთვნილი 19000 ლარი გადაიხადა. რაც შეეხება ე. გ-ს, მას დასახელებული გადასახადი დღემდე არ გადაუხდია;
ს. ა-ის მიმართ ე. გ-ის დავალიანებას უნდა გამოაკლდეს ე. გ-ის მიერ მისთვის გადაცემული ავტომანქანის ღირებულება - 750 აშშ დოლარი, ასევე, ე. გ-ის მიერ ს. ა-ის შვილის ბაქოში სწავლისა და ცხოვრებისათვის გაწეული ხარჯი - 2584 აშშ დოლარი;
მოპასუხე ე. გ-მა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმაზე მითითებით, რომ მას ს. ა-ის მიმართ რაიმე ფულადი ვალდებულება არ გააჩნია და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც მოსარჩელე მხარემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:
2011 წლის 8 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებით ე. გ-მა („მესაკუთრე“) გამოხატა ნება, რომ სს „პ. ბ-ის“ (კრედიტორი „ბანკი“) წინაშე ი/მ ს. ა-ის („მსესხებელი“) ვალდებულებების (2010 წლის 29 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები) უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთულიყო მისი კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ..... (ტომი 1, ს.ფ. 66-73); ამდენად, ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობების წარმოშობის მომენტში ე. გ-ს მსესხებლის სტატუსი არ ჰქონია;
საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მსესხებელ ს. ა-ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ მოპასუხეზე გადაკისრების ფაქტს. შესაბამისად, 2010 წლის 29 ივნისის N.././.... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებში მოპასუხე ე. გ-ი არ წარმოადგენს სესხის დაფარვაზე ვალდებულ პირს;
საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს. ა-ის მიერ ბანკიდან სესხად აღებული თანხის ნაწილის ე. გ-ზე გასესხების ფაქტს - ანუ ახალი სესხის ხელშეკრულების დადებას. სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტის მტკიცება წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი, მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტი - ს. ა-ის დაკითხვის ოქმი იმავე იურიდიული ძალის დოკუმენტია, როგორც წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელის ახსნა-განმარტება. ამ გარემოებებს უარყოფს მოპასუხე. შესაბამისად, დასახელებული ოქმი არ არის საკმარისი მტკიცებულება საქმეში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. ასეთ მტკიცებულებად სასამართლომ არ მიიჩნია არც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2012 წლის 23 ოქტომბრისა და 2012 წლის 13 ნოემბრის დასკვნები. სასამართლოს მითითებით, ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, რომ ქართულ ენაზე გაშიფრულია მობილურ ტელეფონში არსებული ფონოგრამების შინაარსი, კერძოდ, გაშიფრულია პოლილოგისა და დიალოგის ტიპის საუბრები აზერბაიჯანულ ენაზე, ხოლო დასკვნების დანართში დაფიქსირებულია დიქტორთა ზუსტი რაოდენობა და სქესი. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ის გარემოება, რომ ს. ა-ი და ე. გ-ი წარმოადგენენ აღნიშნული საუბრის მონაწილეებს, დადგენილი არ არის. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელში მითითებული გარემოებები, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადეს აღნიშნული მტკიცებულება და უარყვეს ექსპერტიზის დასკვნებით გაშიფრულ საუბრებში ე. გ-ის მონაწილეობის ფაქტი.
სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად ს. ა-სა და ე. გ-ს შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა და სარჩელით მოთხოვნილ თანხებზე ე. გ-ის ვალდებულებების არსებობა. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, იმისათვის რომ დადგინდეს მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების არსებობა, უნდა დასტურდებოს მხარეთა შორის კონსენსუსი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ უფლება-მოვალეობებზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მას და ე. გ-ს შორის ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობისა და ე. გ-ის ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, როგორც აღინიშნა, სასამართლომ არ მიიჩნია მოსარჩელის დაკითხვის ოქმი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 623-ე, 203-ე, 204-ე, მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ, ვინაიდან არ დადასტურდა ე. გ-ზე ს. ა-ის ვალის ნაწილის გადაკისრების ფაქტი და არც თანხის ახალი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის გადაცემა, ე. გ-ი არ წარმოადგენს სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე ვალდებულ პირს.
სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ, ს. ა-სა და ე. გ-ს შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის წარმოშობის დამტკიცების შეუძლებლობის გამო, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მსჯელობა, რომლის შესაბამისად, ერთბლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 80 000 აშშ დოლარს, 1110 აშშ დოლარსა და 19 000 ლარს. 80 000 აშშ დოლარის ვალდებულების დაუდასტურებლობის პირობებში უსაფუძვლოა, ასევე, მისი გადაუხდელობის საფუძვლით პროცენტის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, მოთხოვნის უფლება.
სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სარჩელი გაქვითვის საფუძველზე ვალდებულების ნაწილობრივ შეწყვეტის ნაწილშიც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების - მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმისა და მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ს. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სადავო განჩინება სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ კანონის დარღვევით გამოიტანა. იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამის გარდა, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრული პირობაც, კერძოდ, ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია კანონსაწინააღმდეგო განჩინების მიღება. სააპელაციო პალატამ კანონდარღვევით წარმართა სასამართლო სხდომები და კანონდარღვევით მიიღო განჩინება;
დავის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით და ფაქტობრივი გარემოებების არასწორი დადგენის გამო სრულიად უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები;
მოსარჩელის მიმართ ვალდებულებებიდან გამომდინარე, ე. გ-მა დაფარა ს. ა-ის შვილის სწავლის ხარჯები, რითაც შეამცირა ს. ა-ისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. ამდენად, სახეზეა ე. გ-ის მხრიდან შესრულება, რაც 361-ე მუხლის თანახმად, ადასტურებს მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების არსებობას;
2012 წლის 23 ოქტომბრის N...-.. და 2012 წლის 13 ნოემბრის N...-... ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები XXXXXXXXX ნომრით არსებული მობილური ტელეფონიდან ამოღებულ N119 და N122 ფაილებთან დაკავშირებით, ასახავს მხარეთა საუბარს, რომელშიც ე. გ-ი ადასტურებს ს. ა-ის მიმართ არსებულ ვალდებულებებს, რასაც ეხება სასარჩელო მოთხოვნები. ამასთან, მტკიცებულების სახით წარდგენილია ს. ა-სა და სს „პ. ბ-ს“ შორის 2010 წლის 29 ივნისს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N.././..... გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მარნეულის რაიონული პოლიციის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია ე. გ-ის მიმართ თაღლითობის ბრალდებით ს. ა-ის კუთვნილი თანხის დაუფლების გამო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მასზე დაიკითხა ე. გ-ი, რომელმაც, დაკითხვის ოქმის შესაბამისად, გამომძიებლის წინაშე დაადასტურა ს. ა-ის მიერ მოცემულ დავაზე მითითებული გარემოებები;
სააპელაციო სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობა. საქმეზე მტკიცებულების სახით წარდგენილ ,,CD’’ დისკზე არსებული ჩანაწერი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ წერილობითი ფორმით არის გაშიფრული და დადასტურებული 2013 წლის 23 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის დასკვნებით. დასახელებული მტკიცებულებებით დასტურდება ს. ა-ის, ე. გ-ის, ქ. ხ-ისა და უ. კ-ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების სიყალბე. ამასთან, აღნიშნული პირები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემისას ადასტურებენ საუბრის მობილურ ტელეფონზე ჩაწერის ფაქტს. შესაბამისი მტკიცებულების სახით დაკითხვის ოქმები ერთვის საქმეს (ს.ფ. 304-308, 283-287). მიუხედავად ამისა, ,,CD’’ დისკის, როგორც მტკიცებულების, გამოყენება დაკავშირებულია სპეციალურ ცოდნასთან. შესაბამისად, მასზე ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექპსერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის შესაბამისად, აპელანტმა მოითხოვა ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა ხმის მიხედვით, ავტომატური შედარების LVIS პროგრამის გამოყენებით ფორმატურ ანალიზზე დაყრდნობით ავტომატურ რეჟიმში პიროვნების იდენტიფიკაციის დასადგენად ,,CD’’ დისკზე არსებულ ხმოვან ჩანაწერთან ს. ა-ის, ე. გ-ის, ქ. ხ-ისა და უ. კ-ის ხმის ტემპრის შედარების გზით. სააპელაციო სასამართლომ ადგილზე ერთწუთიანი თათბირით ისე უარყო შუამდგომლობა, რომ არ მიუთითებია რაიმე სახის საფუძველთან დაკავშირებით;
სააპელაციო პალატამ ყოვლად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. შუამდგომლობა ეხებოდა მოწმის სახით ე. გ-ის, ვ. ი-ის, კ. ხ-ის, უ. კ-ისა და ა. გ-ის დაკითხვას. სარჩელის შინაარსის შესაბამისად, ე. გ-ი უშუალო მონაწილეა სადავო ურთიერთობების და, ამდენად, შეუძლია, გააკეთოს განმარტებები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით. იგი პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, არამედ, იყენებდა უფლებას, საქმე ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით. რაც შეეხება უ. კ-სა და ქ. ხ-ს, ისენი ესწრებოდნენ ს. ა-ის მიერ ე. მ-თან სატელეფონო საუბრის ჩაწერას. საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 23 მარტის სანოტარო აქტი, რომლითაც ქ. ხ-ი აცხადებს, რომ ე. მ-ს მისი თანდასწრებით ვალი არ უღიარებია, მოწმის სახით დაკითხვის ოქმში კი, ასეთი შინაარსის საუბარს არ უარყოფს. სადავო ფულადი ვალდებულების არსებობის დადასტურება ვ. ი-ს შეუძლია. მოსარჩელე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც მოითხოვა მოწმეთა დაკითხვა, თუმცა შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა;
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა საქმის მასალების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა. 2012 წლის 7 დეკემბერს მარნეულის რაიონულ პოლიციაში ს. ა-ის საჩივრის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №031071212002 ე. გ-ის მიერ ს. ა-ის კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. ს. ა-ის დაპატიმრების შემდეგ, 2013 წლის აპრილში, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გაერთიანდა ე. გ-ის მძიმე დანაშაულში ცრუდ დასმენის გამო ე. კ-ისა და სხვა პირთა მიმართ აღძრულ №031040213002 საქმესთან. დასახელებული საქმე მჭირო და პირდაპირ კავშირშია განსახილველ დავასთან, ვინაიდან, სწორედ ამ საქმეში არიან მოწმის სახით დაკითხულნი ე. გ-ი, ქ. ხ-ი, უ. კ-ი, კ-ი და სხვა პირები;
სააპელაციო პალატამ ყოვლად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ხმის ნიმუშის ასაღებად ე. გ-ის საექსპერტო ბიუროში გამოცხადების დავალდებულების თაობაზე. როგორც აღინიშნა, ს. ა-ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ამოღებულ ფაილებზე 2012 წლის 23 ოქტომბერს და 2012 წლის 13 ნოემბერს ჩატარებული ექსპერტიზებით გაშიფრული საუბრებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა სარჩელითა და სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი თანხების გადახდის ვალდებულების არსებობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დანიშნა ექსპერტიზა ხმის მიხედვით ავტომატური შედარების პროგრამული უზრუნველყოფის LVIS გამოყენებით, ფორმატულ ანალიზზე დაყრდნობით ავტომატურ რეჟიმში პიროვნების იდენტიფიცირების მოხდენის თაობაზე, თუმცა ე. გ-ი შეგნებულად თავს არიდებდა საექსპერტო ბიუროში საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის ასაღებად ნებაყოფლობით გამოცხადებას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ექსპერტის მითითების შესრულებაზე - საექსპერტო კვლევის ნიმუშის ასაღებად საექსპერტო დაწესებულებაში გამოცხადებაზე განჩინების გამოტანის კანონიერი საფუძველია;
სააპელაციო პალატამ ყოვლად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ე. გ-ის მოწმის სახით მოწვევისა და სსიპ ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნილი ბიუროს ექსპერტ-სპეციალისტ ა. მ-ას თანდასწრებით დაკითხვის შესახებ. ექსპერტიზის ბიუროში გამოცხადებას ე. გ-ი თავს არიდებდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია, გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით;
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენისათვის ვადის განსაზღვრის თაობაზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელის 2014 წლის 17 თებერვლის N29 წერილობითი მიმართვის საფუძველზე დანიშნა ექსპერტიზა ხმის მიხედვით ავტომატური შედარების პროგრამული უზრუნველყოფის LVIS გამოყენებით ფორმატულ ანალიზზე დაყრდნობით ავტომატურ რეჟიმში პიროვნების იდენტიფიცირების თაობაზე. გამოკვლეული უნდა ყოფილიყო ს. ა-ის ტელეფონოდან N119 და N122 ფაილები ხმოვანი ჩანაწერით, რომელზეც ესპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2012 წლის 13 ნოემბერს მოამზადა ფონოსკოპიური დასკვნა N.... ფიქსირებული ჩანაწერის კვლევისათვის გამოიყო ექსპერტ-სპეციალისტი ა. მ-ა. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 45 დღე - 2014 წლის 15 მაისამდე. 2014 წლის 25 თებერვალს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კასატორს №.... წერილით აცნობა, რომ ექსპერიზის ჩასატარებლად ე. გ-ი უნდა მისულიყო საექსპერტო დაწესებულებაში ხმის ნიმუშის ასაღებად 10 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საექსპერტო კვლევა ნაწილობრივ შეუსრულებელი დაბრუნდებოდა. აღნიშნულის თაობაზე 2014 წლის 1 მარტს, ფოსტის მეშვეობით წერილობითი ეცნობა ე. გ-ს. შეტყობინება ადრესატს 2014 წლის 6 მარტს ჩაბარდა, თუმცა გ-ი საექსპერტო ბიუროში არ გამოცხადებულა. განმეორებითი შეტყობინება გ-ს 2014 წლის 27 მარტს გაეგზავნა, მაგრამ იგი მაინც არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნებს, რითაც ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ინიშნება აღნიშნული ვადა;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ე. გ-ი არ წარმოადგენს სარჩელით მოთხოვნილი ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდაზე ვალდებულ პირს. 2010 წლის 29 ივნისს ,,პ. ბ-ის’’ ცენტრალურ ფილიალსა და ს. ა-ს შორის გაფორმდა N../.... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. მის საფუძველზე 2010 წლის 29 ივნისს სს „პ. ბ-სა“ და ე. გ-ს შორის გაფორმდა №.././.... ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულებების შესახებ, რომლის 1.1 მუხლით ე. გ-მა ს. ა-სა და ბანკს შორის გაფორმებული №.../.... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე მსეხებელთან ერთად სოლიდარული პაუხისმგებლობა იკისრა. სწორედ, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ე. გ-მა, 2011 წლის 8 ივლისის № ....... ხელშეკრულებით ,,პ. ბ-ის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ......). ხსენებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო 2011 წლის 19 ივლისს ,,პ. ბ-სა’’ და ს. ა-ს შორის გაფორმებული №..-.... საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით გამოტანილი 30 000 აშშ დოლარი. ყოველივე ამან გამოიწვია, 2011 წლის 19 ივლისს ცვლილება შესულიყო 2010 წლის 29 ივნისის N.././.... გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში;
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ ს. ა-ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმის, სამოქალაქო საქმეზე მხარის ახსნა-განმარტებასთან გაიგივება, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსთვის არ მიუცია ახსნა-განმარტება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე;
მხარეთა ერთობლივი საქმიანობის ფაქტი დასტურდება მოპასუხე ე. გ-ის 2012 წლის 20 ნოემბრისა და იმავე წლის 15 დეკემბრის მოწმის სახით დაკითხვის ოქმებით;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მტკიცებულებად არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სსიპ ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2012 წლის 23 ოქტომბრისა და 2012 წლის 13 ნოემბრის დასკვნები, რომლითაც გაშიფრულია ტელეფონში არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსი, ვინაიდან დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ საუბრის მონაწილეები იყვნენ ე. გ-ი და ს. ა-ი. აღნიშნული დასკვნების უტყუარობა დასტურდება კ. ხ-ისა და უ. კ-ის 2013 წლის 1 მარტის და ე. გ-ის 2013 წლის 18 თებერვლის ჩვენებებით.
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ს. ა-ის მონაწილეობის გარეშე, რითაც დაარღვია მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული უფლება - თავად მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს წარედგინა ს. ა-ის ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება და მისი წერილობითი განაცხადება 2014 წლის 4 ნოემბრის სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ვალდებულებების არსებობის დასადგენად სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა 2012 წლის 23 ოქტომბრის N.... და 2012 წლის 13 ნოემბრის N..... ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ასახავს მოსარჩელის კუთვნილი, XXXXXXXXX ნომრით არსებული მობილური ტელეფონიდან ამოღებული, მხარეთა საუბრის ამსახველი N119 და N122 ფაილების შინაარსს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ფარულად ჩაწერილი საუბრის შინაარსის ამსახველ მტკიცებულებას, მოპასუხე მხარე უარყოფს ასეთი ჩანაწერის თაობაზე მისი ინფორმირების ფაქტს და მოსარჩელის მიერ მითითებულ აუდიოჩანაწერს უკანონო მტკიცებულებად მიიჩნევს (ტომი 1, ს.ფ. 77 - შესაგებელი). საკასაციო პალატა ეთანხმება დასახელებულ შეფასებას და განმარტავს, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ აქვს იურიდიული ძალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ფარული ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების კანონთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, Nას-1155-1101-2014 საქმეზე უზენაესმა სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა:
„საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია სამართლებრივი სიკეთე - კომუნიკაციის თავისუფლება, რაც გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან[1].
აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს[2].
კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის განსაჯაროვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს. ვინაიდან საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში. მითითებული დასკვნის საფუძველს კი წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1165 რეზოლუციაში „Right to Privacy“ (1998) განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“.[3] თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს სამართალურთიერთობას მტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით წარმოეშობა. ამგვარი სახით მოპოვებულ მტკიცებულებათა ლეგიტიმაციის პირობებში მივიღებთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დამყარებულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციურ ღირებულებათა დაუშვებელ ხელყოფას, რა დროსაც, განსაკუთრებით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებელია. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გარემოების დასადგენად ფარული აუდიო-ჩანაწერი, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, არ შეიძლება იქნას გამოყენებული“.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, ე. გ-ის ვალდებულების დადასტურებაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა ,,პ. ბ-ის’’ ცენტრალურ ფილიალსა და ს. ა-ს შორის გაფორმებული N..... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე სს „პ. ბ-სა“ და ე. გ-ს შორის გაფორმებული №..... ხელშეკრულების (სოლიდარული ვალდებულებების შესახებ) საფუძველზე. დასახელებული მტკიცებულებები მოსარჩელემ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 29 მარტის მთავარ სხდომაზე წარადგინა, თუმცა სასამართლომ არ მიიღო ისინი ამავე სხდომაზე ადგილზე თათბირით გამოტანილი საოქმო განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად საქმის მოსამზადებელ სატადიაზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არარსებობის გამო (ტომი 1, ს.ფ. 152-154, 161-163). დასახელებული საოქმო განჩინება მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ერთად, თუმცა აპელანტის პრეტენზია თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაუსაბუთებლობის საფუძვლით. მტკიცებულებათა მიუღებლობის საფუძვლების საწინააღმდეგო არგუმენტებს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს, ამის გარეშე კი, პრეტენზია მტკიცებულებათა შინაარსის გათვალისწინებასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, მხარეთა ერთობლივი საქმიანობის ფაქტის დასადასტურებლად სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა ე. გ-ის 2012 წლის 20 ნოემბრისა და 2012 წლის 15 დეკემბრის დაკითხვის ოქმებით. საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე ე. გ-ის დაკითხვის ოქმები წარდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარს დაურთო N031040213002 სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ ე. გ-ის 2013 წლის 18 თებერვლის დაკითხვის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 315-318), თუმცა საქმეზე მის დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს. სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა მოწმის სახით ე. გ-ის 2012 წლის 20 ნოემბრისა და 2012 წლის 15 დეკემბრის დაკითხვის ოქმების მტკიცებულებად დაშვებას, რომლებიც სააპელაციო საჩივარს არ ახლავს და არც საქმის მასალებში მოიპოვება. კასატორს ე. გ-ის 2013 წლის 18 თებერვლის დაკითხვის ოქმის მტკიცებულების სახით დაშვება არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოუთხოვია. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სამოქალაქო საქმეთა ეფექტური განხილვის, საქმისწარმოების სიცხადისა და მოწესრიგებულების მიზნით ადგენს ეტაპებს, რომლის მიხედვით, განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და შესაძლებლობები, განახორციელონ თვიანთი ინტერესების რეალიზაცია. მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება, ასევე, მიუთითოს მტკიცებულებებზე, რომელსაც ვერ წარადგენს საპატიო მიზეზით და მოითხოვოს გონივრული ვადა ამ მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის უზრუნველსაყოფად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებისა. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებულობის მართლზომიერებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, მასვე შეუძლია ახალი ფატებისა და მტკიცებულებების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარემ ვერ შეძლო საპატიო მიზეზით, ისევე, როგორც შეუძლია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა დადგენა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სამოქალაქო 380-ე და 385-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, მხარე შეზღუდულია დასახელებული რეგულაციებით და მხოლოდ მათი დაცვით შეუძლია ამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კასატორი პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მიერ მტკიცებულების შინაარსის გათვალისწინებასთან დაკავშირებით იმგვარად, რომ აღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, ხოლო მსგავსი შინაარსის მტკიცებულებასთან (ე. გ-ის 2013 წლის 18 თებერვლის დაკითხვის ოქმთან) დაკავშირებით არ ასაბუთებს მისი წარდგენის მართლზომიერებასა და საქმეზე დართვასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ამდენად, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, სასამართლომ არასწორად შეაფასა ს. ა-ის დაკითხვის ოქმის, როგორც მტკიცებულების იურიდიული ძალა იმაზე მითითებით, რომ მას იგივე პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, რაც მხარის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული პრეტენზიის დასასაბუთებლად კასატორი არ განმარტავს, რა მიზეზით შეიძლება იქნეს განპირობებული ს. ა-ის მიერ დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებისა და სარჩელში მითითებული ახსნა-განმარტების განსხვავება, ან/და რა განსხვავებაა მათ შორის. იმ შემთხევაში, თუ კასატორი გულისხმობს არა მოსარჩელე ს. ა-ის, არამედ მოპასუხე ე. გ-ის დაკითხვის ოქმს, როგორც უკვე განიმარტა, იგი არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო წესით წარდგენილ და დაშვებულ მტკიცებულებას.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიტანა საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც, კასატორმა შესაბამისი საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა. კასატორის პრეტენზია მოტივირებულია იმ გარემოებებზე მითითებით, თუ საქმის გადაწყვეტისათის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები უნდა დამტკიცებულიყო მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელე ს. ა-ის წარმომადგენელმა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას 2013 წლის 15 აპრილის მთავარ სხდომაზე იშუამდგომლა მოწმეთა სახით დაკითხულიყვნენ: ე. კ-ი, უ. კ-ი, კ. ხ-ი, ვ. ი-ი და ნ. ხ-ი, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა ადგილზე თათბირით მიღებული საოქმო განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 140-ე მუხლის საფუძველზე იმაზე მითითებით, რომ შუამდგომლობის ავტორს არ დაუსაბუთებია მოთხოვნის საქმის მოსამზადებელ სტადიაზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (ტომი 1, ს.ფ. 195-197);
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა (ტომი 1, ს.ფ. 267-288);
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწმეებად დაკითხულიყვნენ: ე. კ-ი, უ. კ-ი, კ. ხ-ი, ვ. ი-ი და ნ. ხ-ი, ა. გ-ი და მოპასუხე ე. გ-ი (ტომი 1, ს.ფ. 267-288 - სააპელაციო საჩივარი, ტომი 2, ს.ფ. 01-92 - შუამდგომლობა, 2013 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმი, 16:35:59-16:55:46);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით აპელანტ ს. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 380-ე მუხლების შესაბამისად უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის განმარტებით, მტკიცებულებათა წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეზღუდულია და დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მათი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მასთან დაკავშირებით გამოტანილ განჩინებაზე პრეტენზია დაიშვება შესაბამისი განჩინების გასაჩივრების გზით (2013 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმი, 16:55:57);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში ახალ მტკიცებულებათა დაშვების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარის მიერ იმგვარი საპატიო მიზეზის დასაბუთება, რამაც ამ მტკიცებულებათა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობა გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუ მხარემ იმავე მტკიცებულების დაშვება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა, სასამართლომ კი, არ დააკმაყოფილა იგი, მხარეს ეძლევა საპროცესო შესაძლებლობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მართებულობის გამომრიცხველი არგუმენტაციით, სააპელაციო პრეტენზიების წარდგენის გზით, დაასაბუთოს თავისი ინტერესი. ერთსა და იმავე საკითხზე მოთხოვნის განმეორებით წარდგენა ეწინააღმდეგება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. იმ პირობებში, როცა აპელანტის წარმომადგენელს პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ ე. კ-ის, უ. კ-ის, კ. ხ-ის, ვ. ი-ისა და ნ. ხ-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმედ დაკითხვაზე უარის თქმის მართლზომიერების გამომრიცხველი მოტივაცია სასამართლოსათვის არ წარუდგენია, მის პრეტენზიას დასახელებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევდა დასაშვებად. რაც შეეხება ა. გ-ის მოწმედ დაკითხვას, მისი დაშვება სააპელაციო სასამართლოს შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი დაასაბუთებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი მოთხოვნის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს. ამგვარი მტკიცება განხორციელებული არ ყოფილა და მასთან დაკავშირებულ არგუმენტებს არც საკასაციო საჩივარი შეიცავს.
დაუსაბუთებელია, ასევე, კასატორის პრეტენზია პროცესში მონაწილე მხარის - ე. გ-ის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. მხარის სტატუსი მას ანიჭებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს, მათ შორის, მისცეს სასამართლოს განმარტებანი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების დასადგენად. ახსნა-განმარტების მიცემა მხარის უფლებაა და არა ვალდებულება, ხოლო მისი მოწმედ დაკითხვის საპროცესო შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატამ მართლზომიერად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საექსპერტო კვლევის მიზნით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის - ე. გ-ის ხმის ნიმუშის ასაღებად ექსპერტიზის ბიუროში მისი იძულებით მიყვანის თაობაზე იმაზე მითითებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარისათვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრების მექანიზმს არ ითვალისწინებს (2014 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 13:26:54). პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომლის შესაბამისად, ასეთ მექანიზმს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლი არეგულირებს სასამართლოს დანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ შემთხვევაშიც პირს, რომელიც ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, ეკისრება არა საექპერტო კვლევაში მონაწილეობის ვალდებულება, არამედ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დადასტურების მიზნითაც ექსპერტიზა დაინიშნა, თანახმად ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილისა. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელში მონაწილეობის დასადგენადაც მოითხოვა კასატორმა ექსპერტიზის ბიუროში ე. გ-ის იძულებით მიყვანა მისი ხმის ნიმუშის ასაღებად, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, მას ვერცერთ შემთხვევაში მიენიჭებოდა მტკიცებულების ძალა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ე. გ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის (N031071212002) გამოთხოვის თაობაზე. საქმის მასალების შესაბამისად, იგივე შუამდგომლობა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა (ტომი 1, ს.ფ. 121-122), რაც არ დაკმაყოფილდა 2013 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით (ტომი 1, ს.ფ. 102-104). აღნიშნული განჩინება საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ (ტომი 1, ს.ფ. 267-288 - სააპელაციო საჩივარი), თუმცა სააპელაციო საჩივრის შესაბამისი პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაუსაბუთებლობის გამო. გარდა ამისა, აპელანტმა 2014 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე, განმეორებით დააყენა შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვის თაობაზე იმაზე მითითებით, რომ საქმე გაერთიანდა ე. გ-ის მიმართ აღძრულ N031040213002 სისხლის სამართლის საქმესთან (ტომი 2, ს.ფ. 296-302 - სხდომის ოქმი), რაც არ დაკმაყოფილდა ამავე სხდომაზე ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 380-ე მუხლების შესაბამისად უსაფუძვლობის გამო (2014 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 13:08:19). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით კი არგუმენტირებული პრეტენზია წარდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, თუ არსებითად რა შეიცვალა ორი სისხლის სამართლის გაერთიანებით, ან მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი რა მტკიცებულებები დაემატა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას წარდგენილი შუამდგომლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეს, კასატორს არ მიუთითებია. ერთსა და იმავე საკითხზე მოთხოვნის განმეორებით წარდგენა კი, როგორც აღინიშნა, ეწინააღმდეგება საპროცესო ეკინომიის პრინციპს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ,,CD’’ დისკზე არსებული აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ვინაიდან ფარული ჩანაწერი, რომლის ავთენტურობის დადგენის მიზნითაც მოითხოვა მხარემ ექსპერტიზის დანიშვნა, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და მას ვერცერთ შემთხვევაში მიენიჭებოდა მტკიცებულების ძალა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე და 380-ე მუხლების შესაბამისად მართლზომიერად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრისა და შესაბამისი ვადით საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ვინაიდან, მხარისათვის ვადის მიცემისა და განხილვის გადადების მიზანი ახალი მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა იყო, რაც სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია მისი პირველ ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არარსებობის გამო (2014 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმი, 13:30:05). ექსპერტიზის დასკვნის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე მტკიცებასა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების ამ კუთხით კრიტიკას არც საკასაციო საჩივარი შეიცავს, რის გამოც შესაბამისი პრეტენზია დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, ფარული ჩანაწერი, რომლის ავთენტურობის დადგენის მიზნითაც მხარემ ექსპერტიზას მიმართა, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და მას ვერცერთ შემთხვევაში მიენიჭებოდა მტკიცებულების ძალა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა აპელანტის - ს. ა-ის მონაწილეობის გარეშე, რითაც დაარღვია მისი უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. მხარე თავისუფალია, შეარჩიოს წარმომადგნელი, რომელსაც ენდობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირის საშუალებით შეძლებს თავის უფლებათ მაქსიმალურად რეალიზებას. ამდენად, საქმის განხილვა მხარის წარმომადგენლის მეშვეობით გულისმობს, რომ მხარის ინტერესები პროცესზე სრულად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა მხარე პროცესში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, სასამართლო არ არის ვალდებული, უზრუნველყოს საქმის განხილვა მხარის აუცილებელი მონაწილეობით. სხდომაზე მხარის უშუალო მონაწილეობა მისი უფლებაა, რომლის განხორციელება თვითონ მხარეზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვა დაიწყო 2013 წლის 24 სექტემბრის სხდომით, რომელშიც მონაწილეობდა როგორც აპელანტი ს. ა-ი, ასევე მისი წარმომადგენელი ა. გ-ა (ტომი 2, ს.ფ. 131-139). დასახელებულ სხდომაზე სასამართლომ მოახსენა საქმის არსი და განიხილა აპელანტის შუმდგომლობები. მომდევნო სხდომა დაინიშნა 2013 წლის 3 დეკემბერს, თუმცა მისი გადადება აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მონაწილეობდა სხვა სასამართლო პროცესში. ამავდროულად, სასამართლოს წარედგინა ს. ა-ის ჯანმრთელობის ცნობა, რომლის შესაბამისად, ს. ა-ი თავს გრძნობდა შეუძლოდ (ტომი 2, ს.ფ. 153, 158). აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს სხდომა გადაიდო (ტომი 2, ს.ფ. 156-157). 2013 წლის 13 დეკემბერს დანიშნული სხდომა, ასევე, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო ს. ა-ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო (ტომი 2, ს.ფ. 165-167, 170-171). 2013 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე, რომელშიც მხარეთა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სასამართლომ იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობაზე საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვისა და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ აპელანტის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პროცესში მონაწილეობაზე, რის გამოც სხდომა გადაიდო (ტომი 2, ს.ფ. 173-178). მომდევნო - 2014 წლის 4 მარტის სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც, აპელანტი ს. ა-ი, ასევე, მისი წარმომადგენელი, განხილულ იქნა აპელანტის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 212-217). 2014 წლის 1 აპრილის სხდომაზე აპელანტი ს. ა-ი ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სხდომაზე, რომელიც წარიმართა მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობით, სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობები განიხილა, რის შემდეგაც სხდომა გადაიდო აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (ტომი 2, ს.ფ. 231-240). შემდეგი, 2014 წლის 29 აპრილის სხდომა, ასევე, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო მისი და ს. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (ტომი 2, ს.ფ. 269, 271-273, 275). 2013 წლის 17 ივნისის სხდომა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 281-284). 2014 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა სხდომის გადადება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 296-311). 2014 წლის 4 ნოემბრის სხდომის გადადების თაობაზე განცხადება აპელანტმა ს. ა-მა წარადგინა, რომლითაც მიუთითა, რომ არის დიაბეტიანი, აქვს მაღალი წნევა, ვერ ახერხებს პროცესზე გამოცხადებას, რის გამოც, უნდა გადაიდოს საქმის განხილვა (ტომი 2, ს.ფ. 341-342). სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სხდომა გააგრძელა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან და საქმის განხილვა დაასრულა (ტომი 1, ს.ფ. 334-337). დასახელებული გარემოებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში არცერთი სხდომა არ ჩატარებულა აპელანტის წარმომადგენლის გარეშე. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ცნობებისა და განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტი და მისი წარმომდგენელი ითხოვდნენ სხდომის წარმართვას უშუალოდ აპელანტის მონაწილეობით, თუმცა არ დაუსაბუთებიათ ასეთი მოთხოვნის მიზანშეწონილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის შუამდგომლობების შედეგად სხდომების გადადების გამო საქმის განხილვის დრომ 1 წელს გადააჭარბა (ზეპირი განხილვა დაიწყო 2013 წლი 24 სექტემბერს და დასრულდა 2014 წლის 4 ნოემბერს), საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნები ვერ იქნებოდა მიჩნეული ჯეროვანი სამართალწარმოების ინტერესით განპირობებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ გასაჩივრებული განჩინება მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით ს. ა-ს სააპელაციო საჩივრისათვის დაეკისრა ბაჟის - 6000 ლარის გადახდა, რაც გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის მხოლოდ 30% ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, კასატორ ს. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6000 ლარის 30%-ის - 1800 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1800 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე
[1] H.Krüger, M.Pagenkopf, Art.10, in: M. Sachs (Hrsg.), Grundgesetz: Kommentar, München 2003, Rn.13 უშუალო წყარო: ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, გვ.181
[2] იხ. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება: BVerfGE 34, 238 (246 f); უშუალო წყარო: ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი, 2013, გვ.181
[3] ევროპის საბჭოს ასამბლეის #1165 რეზოლუცია Right to Privacy (1998) http://assembly.coe.int/Main.asp?link=/Documents/AdoptedText/ta98/ERES1165.htm