Facebook Twitter

საქმე №330210013349885 28 ივლისი, 2015 წელი

№ას-186-173-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრისა და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე შპს „ს.ს“ მოსარჩელე შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 25381.60 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს „ს.ს“ მოსარჩელე შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2013 წლის 30 ივლისიდან ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. შპს „ს.ს“ მოსარჩელე შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაევალა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 278.15 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. შპს „ს.ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს.მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ზემოხსენებული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლო სხდომა.

2014 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა შპს „ა-. ო. ღ-ის ც-მა“. განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ს.ის“ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, 39915.60 ლარის ფარგლებში.

განცხადების საფუძვლები:

შპს ,,ს.ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ გააჩნია შესასრულებლი ვალდებულებები, რომლებიც დადასტურებულია საქალაქო ან/და სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილებით, ასევე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ, მათი ოდენობა 2014 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით 515362.35 ლარს შეადგენს. მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულებები მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია. შპს „ს.ს“ დაგროვილი აქვს დიდი ოდენობით გადასახდელი თანხები, როგორც შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ მიმართ, აგრეთვე, შპს „თ.ის“ მიმართ.

როგორც განმცხადებლისთვის გახდა ცნობილი, კოპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და არ აპირებს არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, მოპასუხის საკუთრებაში არსებული წილები სხვადასხვა ვალდებულებების აღსრულების მიზნით დაყადაღებულია და მოვალეთა რეესტრში ირიცხება. ამასთან, დღესდღეობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ს.ს“ საკუთრებაში არანაირი სახის უძრავი ქონება არ ერიცხება. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის შპს „ს.ის“ გადახდისუუნარობის გამო აღსრულება ვერ მოხერხდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით:

შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს, და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, აგრეთვე, მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. მეწარმე სუბიექტის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეუშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები. ამდენად, იურიდიული პირის პირად ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება ისეთ სამართლებრივ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვეღარც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა „დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით, ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის“ პირველი და მე-2 მუხლებით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია. შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა შეექმნას საქმიანობის საფრთხე, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას შეეშლება ხელი. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით კი ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც სადაზღვევო კომპანიაა, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არათუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიას, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს, თუცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა სუბსიდიური ხასიათიასაა. ძირითადი მოტივაცია კი, თუ რატომ არ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ყადაღა დადებული, იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი, იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო, როდესაც მოპასუხე და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას შეუწყობს ხელს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარდგენილი განცხადება არ დააკმაყოფილა.

ზემომითითებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა-. ო. ღ-ის ც-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-. ო.ღ-ის ს. ც-ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონც-ირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ კი იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მომთხოვნი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მან უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი (მოსარჩელე) უთითებდა, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ი“ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის შპს „ს.ის“ გადახდისუუნარობის გამო აღსრულება ვერ მოხერხდებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.

ამდენად, საჩივრის ავტორს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა დაედასტურებინა, რომ შპს „ს.ი“ ისეთ ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა, რომლებიც სამომავლოდ გადაწყვეტილების აღსრულებას ობიექტურად ხელს შეუშლიდა.

მართალია, განცხადებაზე თანდართული მასალებით იკვეთება, რომ მოპასუხეს შეუსრულებელი ვალდებულებები გააჩნია, თუმცა მათ კანონიერებაზე მიმდინარეობს სასამართლო დავები და აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიას მათი დაფარვის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის – შპს „ა. ო.ღ-ის ს. ც-ის“ მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სრულყოფილად დასაბუთებული არ არის, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ იგი მართებულად არ დააკმაყოფილა.

საკასაციო სასამართლო ყურადღება მიაქცევს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობის იმ ნაწილზე, სადაც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „დაზღვევის შესახებ” კანონის მე-13 მუხლზე, ამ მუხლის შესაბამისად, მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები: ა. კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე; ბ. სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით; გ. სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან; დ. კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ე. აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა, ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 აპრილის №04 ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას. ამავე წესის მე-2 მუხლის მიხედვით კი, საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისთვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა. სიცოცხლის დაზღვევა – 2 200 000 ლარი; ბ. დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 2 000 000 ლარი; გ. გადაზღვევა – 2 200 000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია. შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას საქმიანობის საფრთხე არ უნდა შეექმნას, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას ხელი შეეშლება. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით, ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც სადაზღვევო კომპანიაა, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არათუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიის, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ძირითადი მოტივაცია, თუ რატომ არ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ყადაღა დადებული, იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელის შემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო, როდესაც მოპასუხე და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას შეუწყობს ხელს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, „ს.ის“ ანგარიშზე ყადაღის დადების ძირითადი მოტივაცია იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელის შემშლელი გარემოებები, ხოლო სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ თუკი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფულად ანგარიშზე ყადაღის დადება გაუმართლებელია (იხ. სუსგ – 2015 წლის 6 თებერვალი, საქმე №ას-114-107-2015).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-. ო. ღ-ის ს. ც-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრისა და 2015 წლის 16 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი