№ას-236-223-2015 17 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. რ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ძირითადი თანხის 2150 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 94.5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. რ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2012 წლის 15 ივნისს თ. რ-ესა და ს. გ-ეს შორის დაიდო იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება 15 000 აშშ დოლარზე, ერთი წლის ვადით, თვეში 3 % -ის სარგებლის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ს. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე 1) ქ. ბათუმი, დასახლება კ-ი, 1086.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი .....; 2) ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ე-ე - კ-ი 20002.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი .... ს. გ-ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა გათვალისწინებულ ვადებში, რის გამოც თ. რ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მიღწეული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე მის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი იყო 17 350 აშშ დოლარი და მას თანხა გადასახდელი აღარ ჰქონდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ს. გ-ისათვის თ. რ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. გ-ეს თ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 94.5 აშშ დოლარის გადახდა, თ. რ-ეს ს. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 29.54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსით, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 15 ივნისს ს. გ-ესა და თ. რ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე თ. რ-ემ მოპასუხე ს. გ-ეს ასესხა 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 12 თვის ვადით ყოველთვიურად 3% სარგებლის გადახდით.
ამავე ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად თ. რ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ იქნა მსესხებლის, ს. გ-ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება, მდებარე: 1) ქ. ბათუმი, დასახლება კ-ი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1068 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ....; 2) ქ. ბათუმი, დასახლება ე-ე-კ-ი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2002 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ....
კრედიტორი მხარის მითითებისა და დადასტურების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ს. გ-ემ მოსარჩელე თ. რ-ეს გადაუხადა პირველი სამი თვის პროცენტი (ერთი თვის პროცენტი შეადგენდა 450 აშშ დოლარს) ანუ, 1350 დოლარი, ხოლო შემდეგ, 2013 წლის ივნისში გადაუხადა 6 000 ( ექვსი ათასი) აშშ დოლარი და 2013 წლის 18 ივლისს და 29 აგვისტოს 10 000 ( ათი ათასი ) აშშ დოლარი, სულ გადაუხადა 17 350 (ჩვიდმეტი ათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი. 2013 წლის 18 ივლისსა და 29 აგვისტოს 5000-5000 აშშ დოლარის გადახდის ქვითრები თავად მოპასუხე მხარემ წარმოუდგინა სასამართლოს. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 1 წლიანი პროცენტიანი ვალიდან ს. გ-ემ გადაიხადა მხოლოდ პირველი სამი თვის პროცენტი 450 * 3 = 1350, ხოლო გადასახდელი დარჩა 9 თვის პროცენტი, ე.ი. 4650 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯამში 17 350 აშშ დოლარის გადახდით ს. გ-ემ სრულად დაფარა ძირი 15 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 1350 აშშ დოლარი. ანუ დარჩენილი 2150 აშშ დოლარიდან 0.07%-ის გათვალისწინებით 120 დღეზე მას გადასახდელი ჰქონდა შემდეგი თანხები: ოქტომბრის 450 აშშ დოლარის 0.07% * 30 დღეზე - 9,45 აშშ დოლარი; ნოემბრის თვის 900 აშშ დოლარის 0.07% * 30 დღეზე - 18,9 აშშ დოლარი; დეკემბრის თვის 1350 აშშ დოლარის 0.07% * 30 დღეზე - 28,35 აშშ დოლარი; იანვრის თვის 1800 აშშ დოლარის 0.07% * 30 დღეზე - 37,8 აშშ დოლარი, სულ 94 აშშ დოლარი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ძირითადი თანხის ნაწილში თ. რ-ის სარჩელი ნაცვლად 3050 აშშ დოლარისა დაკმაყოფილდა 2150 აშშ დოლარით, რაც თ. რ-ის მიერ სააპელაციო წესით არ იქნა გასაჩივრებული. დადგინდა ასევე, რომ ხელშეკრულების დარღვევისა და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 120 დღეს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ მოპასუხე მხარე (იმავდროულად აპელანტი) ვერ ადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მის მიერ თ. რ-ის წინაშე ვალდებულება შესრულებული იქნა.
პალატამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას მიიჩნია, რომ მოცემული დავა უნდა მოწესრიგებულიყო სასესხო ხელშეკრულების სამართლებრივი ნორმებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით.
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის დროს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენდა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არასამართლიანი იყო პირგასამტეხლოს სახით 516 აშშ დოლარის დაკისრება. შესაბამისად გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნებოდა პირგასამტეხლოს თანხის 0.07%-ით განსაზღვრა, ვადაგადაცილებულ 120 დღეზე, რაც ძირითადი თანხის გათვალისწინებით, საბოლოოდ შეადეგენდა 94.5 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ს. გ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ძირითადი თანხის 2150 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 94.5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგი დასაბუთებით:
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ სააპელაციო სასამართლოში დაყენებული იყო შუამდგომლობა მოსარჩელისაგან იმ დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ, რომელიც მათ შორის შედგა საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს, და რომელიც ადასტურებდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ახალ პირობაზე ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ არბიტრაჟის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს ს. გ-ემ თ. რ-ეს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი. აღნიშნული ფაქტი იგნორირებული იქნა სასამართლოს მიერ, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
კასატორის აზრით, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებაზე და არა მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე შედგენილი ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე, 361-ე და 417-ე მუხლები. მას უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 427-ე მუხლით და 429-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. გ-ის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისაგან მტკიცებულების სახით იმ დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ს. გ-ე და თ. რ-ე მათ შორის დადებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს გ-ის მიერ 6000 აშშ დოლარის გადახდისა და შემდგომ კიდევ 10 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ მათ შორის ვალის ურთიერთობა შეწყდებოდა. კასატორის განმარტებით, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება მოსარჩელესთან, რის გამოთხოვაზეც სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესის თანახმად, რომელიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილში, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
განსახილველ საქმეში მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელესა და მას შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღეს გ-ის მიერ 6000 აშშ დოლარის გადახდისა და შემდგომ კიდევ 10 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ მათ შორის ვალის ურთიერთობა აღარ იარსებებდა. მოსარჩელე უარყოფს როგორც აღნიშნული შეთანხმების დადების, ისე ამ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტის მასთან ყოფნის ფაქტს.
შეთანხმების არსებობა წარმოადგენს მოპასუხის სასარგებლო გარემოებას, შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. ამრიგად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხესა და მას შორის დამატებით შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია და ასეთი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი მასთან არ იმყოფება, მოპასუხემ სასამართლოს სარწმუნოდ უნდა დაუდასტუროს შეთანხმების შემცველი დოკუმენტის არსებობის ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს არ გააჩნია რაიმე პროცესუალური შესაძლებლობა მოსარჩელეს დაავალდებულოს ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც მასთან არ იმყოფება. მოპასუხის მხოლოდ განცხადება, რომ დოკუმენტი არსებობს და იმყოფება მოსარჩელესთან, ხოლო მოპასუხეს დოკუმენტის ასლი დაეკარგა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.12.2014 წ. სხდომის ოქმი 13:03:58 – 13:07:11), არ არის საკმარისი სასამართლოსთვის, რათა მან მტკიცებულება გამოითხოვოს მოწინააღმდეგე მხარისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინება მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ უარის თქმის თაობაზე მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება), რომელშიც განმარტებულია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულება და მიზანი. ასევე, მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობები, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს და ამასთან, გაუმართლებლად არ უნდა ხელყოს თავად კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ს. გ-ეს დაუბრუნდეს მის (პირადი ნომერი: .....) მიერ 2015 წლის 17 მარტის №6288931 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე