Facebook Twitter

საქმე №010258915950303 10 ივლისი, 2015 წელი

№ას-261-248-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ქ. ქ-ი, ნ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. უ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ-. გ-ემ მოპასუხე ვ. უ-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა აღნიშნული სადგომის საბაზრო ღირებულების – 30000 ლარის 75%-ის, 7500 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, მ-. გ-ესთან ერთად, საქმეში მოსარჩელედ ჩაება ი. გ-ე.

მოგვიანებით იმავე სასამართლოში სარჩელი წარადგინეს მესამე პირებმა დამოუკიდებელი მოთხოვნით ნ. და ქ. ქ-ებმა მოპასუხე ვ. უ-ის მიმართ და მოითხოვეს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 30000 ლარის 75%-ის, 7500 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. ი. გ-ისა და მ-. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირების – ნ. ქ-ისა და ქ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

3. მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – ნ. ქ-სა და ქ. ქ-ს ვ. უ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7500 ლარის გადახდა;

4. ნ. ქ-ი და ქ. ქ-ი ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ღრმაღელის ქ.N98-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (საკ.ო კოდი ...) შპს „კ.ის“ აზომვითი ნახაზის მიხედვით, 49.57კვ.მ საცხოვრებელი სადგომისა და 7.16კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ-. გ-ემ და ი. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით:

1. მ-. გ-ისა და ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ-. გ-ისა და ი. გ-ის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე მ-. გ-ემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ვ. უ.ის წინააღმდეგ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, მ-. გ-ესთან ერთად, საქმეში მოსარჩელედ ჩაება ი. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, მოპასუხე ვ. უ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მოპასუხის მხარეს მესამე პირად ქ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე და 89-ე მუხლებით.

მოპასუხის მხარეს მესამე პირებად დამოუკიდებელი საარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩაებნენ ქ. ქ-ი, ლ. ქ-ი და ნ. წ-რი.

მესამე პირებს – ქ. ქ-ს, ლ. ქ-სა და ნ. წი-რს, გაეგზავნათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. სასამართლომ მესამე პირებს განუსაზღვრა 5-დღიანი ვადა სასამართლოსთვის თავიანთი მოსაზრების წარმოსადგენად.

2013 წლის 31 მაისს ნ. ქ-მა (წ-რი) და ქ. ქ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვ. უ-ის მიმართ და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მათ მიერ დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ საკუთრების უფლების გადაცემა მოითხოვეს.

მესამე პირების სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. ამდენად, ქ. ქ-ი და ნ. წ-რი (ქ-ი) საქმეში წარმოდგენილი იყვნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ხოლო ლ. ქ-ი მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – მოპასუხის მხარეზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საქმეში მესამე პირებად ჩაბმული ნ. და ქ. ქ-ების მიერ 2013 წლის 31 მაისს წარმოდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის, მ-. გ-ისა და ი. გ-ისათვის გადაგზავნის და, შესაბამისად, მათთვის ამ დოკუმენტების ჩაბარების შესახებ დასტურს.

ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი იყო მოსარჩელე მ-. გ-ის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა სასამართლოსაგან მოპასუხის ვ. უ-ისა და მესამე პირების ნ. ქ-ისა და ქ. ქ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადაცემას, რადგან აღნიშნული მასალები მათ არ მიუღიათ.

განსახილველ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2013 წლის 27 ივნისს მიმდინარე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში.

საქმეზე წარმოდგენილი მ-. გ-ის წარმომადგენლის, ნ. ჩ-ის შუამდგომლობიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელეების – მ-. გ-ისა და ი. გ-ისათვის მხოლოდ 2013 წლის 2 ივლისს გახდა ცნობილი, ანუ მას შემდეგ, რაც ადგილი ჰქონდა საქმიდან ქსეროასლების გადაღებას, ნ. და ქ. ქ-ების სარჩელის შინაარსი, ვ. უ-ის შესაგებლის პასუხი, ასევე, მათ მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თაობაზე და აღნიშნული მასალები თავდაპირველ მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 394-ე და მე-4 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და 42-ე მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაურღვევია, რადგან მესამე პირების სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენდა ვ. უ-ი და არა მ-. გ-ე და ი. გ-ე, შესაბამისად, ამ უკანასკნელთ სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები არ უნდა გადასცემოდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებისა და მესამე პირების ინტერესები (სარჩელის მოთხოვნები) ერთმანეთს უპირისპირდებოდა, ორივე მხარეს გააჩნდა ინტერესი, მიეღო საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. რეალურად ისინი ერთმანეთის მოწინააღმდგეები იყვნენ, ერთ-ერთის სარჩელის დაკმაყოფილება ავტომატურად გამორიცხავდა მეორის სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით დადასტურდა, რომ საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა მოსარჩელეთათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების უგულებელყოფას, კერძოდ, მ-. გ-ესა და ი. გ-ეს შესაძლებლობა არ მიეცათ, სრულყოფილად გაცნობოდნენ საქმის მასალებს (ჩაებარებინათ მესამე პირების სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები) და, შესაბამისად, სათანადო შეპასუხებისა თუ საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის გზით მიეღოთ ზომები თავიანთი უფლებების დასაცავად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება გააუქმა და მ-. გ-ისა და ი. გ-ის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ქ-მა და ქ. ქ-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციისდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლები.

კასატორების მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილ სარჩელში მოპასუხედ ვ. უ-ი იყო მითითებული, მოსამართლემაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების სრული დაცვით სარჩელი და თანდართული საბუთები გადაუგზავნა სარჩელში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს. გარდა ამისა, მესამე პირების ჩაბმიდან 3 თვის განმავლობაში პროცესი შეჩერებული იყო, მ-. გ-ესა და ი. გ-ეს ეცნობათ საქმეში მესამე პირების ჩაბმის თაობაზე, შესაბამისად, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. 1998 წლისთვის მ-. გ-ესა და ი. გ-ეს შეწყვეტილი ჰქონდათ სადავო ფართის ფაქტობრივი ფლობა. შესაბამისად, ისინი ვერ მიიჩნევიან „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებად. რაც შეეხებათ კასატორებს, ისინი 1995 წლიდან დღემდე სარგებლობენ სადავო საცხოვრებელი სადგომით, რეგისტრირებული არიან აღნიშნულ ფართში, იხდიან კომუნალურ გადასახადებს და აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენი., რომ დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირების სარჩელი და თანდართული მასალები სასამართლოს არ გაუგზავნია მოსარჩელეების - ი. გ-ისა და მ. გ-ისათვის. კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეებს არც უნდა გაგზავნოდათ მესამე პირების სარჩელი და თანდართული მასალები, ვინაიდან ისინი მესამე პირების სარჩელში მოპასუხეებად არ იყვნენ დასახელებულნი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელეებისა და დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირების ინტერესები (სარჩელის მოთხოვნები) ერთმანეთს უპირისპირდება, კერძოდ, ორივე მათგანს დამოუკიდებელი ინტერესი გააჩნია დავის საგნის მიმართ. რეალურად ისინი ერთმანეთის პროცესუალური მოწინააღმდეგეები არიან, ვინაიდან ერთის სარჩელის დაკმაყოფილება ავტომატურად გამორიცხავს მეორის სარჩელის დაკმაყოფილებას და პირიქით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა სრულყოფილად გაცნობოდნენ საქმის მასალებს (ჩაებარებინათ მესამე პირების სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები) და, შესაბამისად, სათანადო შეპასუხებისა თუ საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის გზით მიეღოთ ზომები თავიანთი უფლებების დასაცავად.

გაზიარებული ვერ იქნება ასევე კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო საქმეში მესამე პირების ჩაბმის თაობაზე და მათ საკმარისი დრო ჰქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების საქმეში ჩაბმის თაობაზე, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ პირების მიერ შეტანილი სარჩელისა და თანდართული მასალების თაობაზე მოსარჩელეებმა არ იცოდნენ და ვერც ეცოდინებოდათ, ვინაიდან სასამართლოს მათთვის არც მესამე პირების სარჩელი გაუგზავნია და არც ის უცნობებია, რომ ასეთი სარჩელი შეტანილი იყო სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. ქ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქ-ისა და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი