Facebook Twitter

საქმე №330210014511799 20 ივლისი, 2015 წელი

№ას-269-257-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ია“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ა.ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. დადგინდა, რომ შპს „ს-იას“ მიერ შპს „ა.ის“ მიმართ აღიარებული დავალიანების (531158.88 ლარის) გადახდა განხორციელდეს მე-5 რიგის მოთხოვნათა შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-იამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით:

1. სს „ს-იას“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად;

2. დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, 2015 წლის 14 იანვარს 16 საათზე;

3. მოწინააღმდეგე მხარეს – შპს „ა.ს“ გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები;

4. შპს „ა.ს“ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა ვადა – 5 დღე სააპელაციო საჩივრის და მასზე დართული ასლების ჩაბარებიდან.

2015 წლის 12 იანვარს შპს „ა.მა“ წარადგინა შუამდგომლობა სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი ფიქრობდა, რომ შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა ჰქონდა და სწორედ ამან გამოიწვია შესაგებლის ვადის დარღვევით წარდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით:

შპს „ა.ის“ შუამდგომლობა შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, უწყება მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოება არ არსებობდა, რომელმაც შპს „ა.ს“ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარდგენაში ხელი შეუშალა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 66-ე და 67-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა.მა“.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლო გზავნილი 2014 წლის 26 დეკემბერს ჩაბარდა შპს „ა.ის“ კანცელარიას. ამ დროისათვის ცენტრის იურისტი, ადვოკატი ზ.ნ-ი, შვებულებაში იმყოფებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ა.ი“ წარმოადგენს სამედიცინო პროფილის დაწესებულებას, რომელშიც დასაქმებულების უმეტესი ნაწილი სამედიცინო პერსონალს განეკუთვნება, მცირედი ნაწილი ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს წარმოადგენს, ხოლო სპეციალური ცოდნის/იურიდიული განათლების მქონე თანამშრომელი ზ.ნ-ი შვებულებაში იმყოფებოდა, ვერ მოხერხდა შესაგებლის წარდგენა. აქედან გამომდინარე, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება, ვინაიდან, ცენტრი შესაგებლის წარდგენისათვის სასამართლოს მიერ დადგენილ ხანმოკლე ვადაში მოკლებული იყო თავის დაცვის შესაძლებლობას, ამასთან, იგი იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, შესაგებლის წარდგენისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე 21-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. მოცემული საქმე რთული კატეგორიის საქმეს წარმოადგენს და სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული მიზეზების გამო, ცენტრი ითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე და 215-ე მუხლების საფუძველზე, შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენას 2015 წლის 14 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩანიშნული იყო 2015 წლის 14 იანვარს და შესაბამისად, შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა არ გამოიწვევდა საქმის გაჭიანურებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება და არც აპელანტი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან გაუშვა სააპელაციო შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევას, რასაც იმით ასაბუთებს, რომ შპს „ა.ის“ კანცელარიისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დროს (2014 წლის 26 დეკემბერი), აღნიშნული ცენტრის იურისტი, ადვოკატი ზ.ნ-ი, შვებულებაში იმყოფებოდა, რის გამოც ვერ მოხერხდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიღებული დოკუმენტაციის დამუშავება და შესაგებლის წარდგენა.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შერულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი კერძო სამართლის იურიდიული პირია, შესაბამისად, მან ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის შვებულებაში ყოფნამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ – 2011 წლის 17 ოქტომბერი, საქმე №ას-800-854-2011).

დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შესაგებლის წარსადგენად დანიშნული ვადა საკმარისი არ იყო შესაგებლის მოსამზადებლად. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს წინდახედულება უნდა გამოეჩინა და შესაგებლის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უნდა მიემართა სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ ასეთი თხოვნით კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არც ის დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნული მოქმედების განხორციელება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა აღედგინა შესაგებლის წარდგენის ვადა, ვინაიდან ამ ვადის აღდგენა არ გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, საქმის განხილვა გაჭიანურდება თუ არა. მთავარია, არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, ხოლო, თუ ასეთი არაა, მაშინ ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველიც არ იარსებებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი