საქმე №020211415807808 28 ივლისი, 2015 წელი
№ას-273-261-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ს-ემ მოპასუხე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის: ა. შესრულებული სამუშაოს ღირებულების 45306.75 ლარის, ბ. პირგასამტეხლოს 2399.7 ლარისა და გ. დარაჯისათვის გადასახდელი თანხის 2160 ლარის დაკისრება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანა ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 45306.75 ლარის გადახდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით:
1. ხონის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხონის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ 2013 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.
2013 წლის 2 სექტემბრის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ი/მ ა. ს-ემ გაიმარჯვა ტენდერში.
2013 წლის 11 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ი/მ ა. ს-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა (ა. ს-ე) აიღო ვალდებულება, ქ.ხონში ცენტრალური ბულვარის შემორაგვის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მომსახურების გაწევა.
დადგენილი იყო, რომ აღნიშნული ვადა 2013 წლის 22 ოქტომბერს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით გაგრძელდა 2013 წლის 1 ნოემბრამდე.
ქ.ხონში ცენტრალური ბულვარის შემორაგვის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით გაწერილ იქნა ის სამუშაოები და მათი ღირებულება, რაც უნდა შეესრულებინა ი/მ ანა ს-ეს. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენდა 47994 ლარს.
პროექტის თანახმად, ღობის ვერტიკალური ელემენტები დამზადებული უნდა ყოფილიყო ლითონის კვადრატით, ზომით 20X20 მმ.
ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იყო, რომ ა. ს-ემ შეასრულა ქ. ხონში ცენტრალური ბულვარის შემორაგვის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაწეული სამუშაოების შესრულებამ შეადგინა 45306.75 ლარი.
ამავე დასკვნის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ანა ს-ემ სათანადოდ არ შეასრულა სახელშეკრულებო პირობები. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ადგილზე დათვალიერებით დაფიქსირდა შეუსაბამობა საპროექტო მონაცემებსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის, კერძოდ, წარმოდგენილი ღობის სექციის ნახაზის მიხედვით, ვერტიკალური ელემენტები დამზადებული უნდა ყოფილიყო ლითონის კვადრატით, ზომებით 20X20 მმ. ფაქტობრივად, აღნიშნული ელემენტები დამზადებული იყო კვადრატული მილით, ზომებით 20X20 მმ. ღობის სექციები არ იყო დამონტაჟებული დადუღებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანა ს-ემ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაწოდა ნაკლის მქონე ნივთი, რაც შემკვეთს ანიჭებდა უფლებას მოსარჩელე მხარესთან ხელშეკრულება შეეწყვიტა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ, ვინაიდან, შესრულების ნატურით უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, მოპასუხე მხარეს მოსარჩელისთვის უნდა აენაზღაურებინა მიღებული შესრულების ღირებულება.
დადგენილი იყო, რომ ა. ს-ის მიერ გაწეული და შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 45306.75 ლარი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 45306.75 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, ვინაიდან, პროექტით გათვალისწინებული ღობე უნდა გაკეთებულიყო ლითონის კვადრატით, ზომით 20X20, რეალურად კი ღობე დამზადდა კვადრატული მილებით. 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ხონის გამგეობამ მოსარჩელეს უარი უთხრა შერულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე იმის გამო, რომ სამუშაო განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რკინა-კვადრატის ნაცვლად მილ-კვადრატით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ (მენარდემ) დაამზადა ნაკლის მქონე ნივთი, ამიტომ შემკვეთმა (მოპასუხემ) უარი უთხრა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე ნაკეთობის ნაკლის გამო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პარეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამზადებული ნივთის ხასიათიდან გამომდინარე გამორიცხული იყო მისი დაბრუნება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ნატურით დაბრუნების ნაცვლად, მართებულად დააკისრა მოპასუხეს ფულადი ანაზღაურება, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის შინაარსიდან.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, საკასაციო პალატა მასზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ეს საკითხი მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი