Facebook Twitter

საქმე №010210114568642 20 ივლისი, 2015 წელი

№ას-310-297-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. კ-ამ მოპასუხე შპს „ს-ს“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. შპს „ს-ს“ მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 26000 ლარის გადახდა;

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სახელფასო დავალიანებაზე პირგასამტეხლოს სახით 0.07%-ის – 25297.3 ლარის ანაზღაურება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს-მ“ და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით:

1. შპს „ს-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება შპს „ს-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით:

1. შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2014 წლის 8 აგვისტოს, მ. კ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს „ს-ს” მიმართ სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე.

სარჩელი და თანდართული საბუთები შპს „ს-ს” ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რის შემდეგაც მან სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნა 2014 წლის 3 ოქტომბერს, 11.00 საათზე.

სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყებები მხარეებს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით.

ს.ფ.55-ზე განთავსებულია შპს „ს-ს” წარმომადგენელ გ.კ-ას განცხადება. ამ განცხადებით გ.კ-ა 2014 წლის 1 ოქტომბერს, ანუ სხდომამდე 2 დღით ადრე, შუამდგომლობით მიმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით, რადგან ამავე დღეს, იგი მონაწილეობას იღებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „პ-+-ის” საქმის განხილვაში.

2014 წლის 3 ოქტომბერს, მ. კ-ას სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე – შპს „ს-ს“ წარმომადგენელი, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, მ. კ-ას სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შპს „ს-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 26000 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 25297.3 ლარის გადახდა.

2014 წლის 20 ოქტომბერს მოპასუხე შპს „ს-მ” საჩივარი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ შპს „ს-ს” წარმომადგენელი გ. კ-ა 2014 წლის 3 ოქტომბერს, 16:30 საათიდან 17:12 საათამდე იმყოფებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მონაწილეობას იღებდა სხვა საქმის განხილვაში და ვერ შეძლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადება, რის თაობაზეც აცნობა სასამართლოს.

საჩივარზე თანდართული ცნობით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს, 16.30 საათიდან 17.12 საათამდე, შპს „პ-+-ის” წარმომადგენელი გ. კ-ა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო საქმის განხილვაში (საქმე №2/ბ-790-14წ. .პს „პ- +ის” სააპეციო საჩივრისა გამო ი. გ-ის მიმათ).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „პ-+”-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 16.00 საათზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებია სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 233-ე მუხლით, კანონმდებელი მხარეს ავალდებულებს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში მიუთითებს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, მომჩივანს ეკისრება, ხოლო ამ გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულია საპატიო მიზეზის არსებობა, საკითხი, როგორც შეფასებითი, ზედმიწევნით საჭიროებს დასაბუთებასა და მოტივაციას. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, სასამართლომ მიიჩნიოს პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა იყოს ობიექტური გარემოებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ მითითებული საპატიო მიზეზი – სხვა სასამართლოში, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მთავარ სხდომაზე მონაწილეობა, გამოწვეულია ობიექტური გარემოებით, რადგან დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომა შპს „ს-ს” წარმომადგენელ გ.კ-ას მონაწილეობით დანიშნული იყო 2014 წლის 3 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ხოლო მ. კ-ას სარჩელის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნული იყო ამავე დღეს 11.00 საათზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით დადგენილი იმპერატიული დანაწესი იმის თაბაზე, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე გამოუცხადებელმა მხარემ დროულად უნდა შეატყობინოს სასამართლოს – მომჩივანის მიერ დაცულია, კერძოდ, შპს „ს-ს” წარმომადგენელმა გ. კ-ამ, რამდენიმე დღით ადრე აცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომ ამავე დღეს იგი მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმის განხილვაში, სადაც შპს „პ-+-ის” ინტერესებს წარმოადგენდა. განმცხადებელმა განცხადებაში იმის თაობაზეც მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის თაობაზე იგი სატელეფონო შეტყობინებით იყო გაფრთხილებული, ამიტომაც მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას მომდევნო სხდომაზე წარადგენდა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ანუ იმის მიუხედავად, რომ მხარემ თავისი საპროცესო მოვალეობა შეასრულა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საჩივრის განხილვისას გ.კ-ამ წარადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მონაწილეობას იღებდა შპს „პ-+-ის”-ის სამოქალაქო საქმის განხილვაში 2014 წლის 3 ოქტომბერს, 16.30 საათიდან.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მართალია, შპს „პ-+-ის” სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 16.30 საათიდან დაიწყო, თუმცა ეს სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16.00 საათზე იყო დანიშნული და იგი გარკვეულ გარემოებების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.

სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელი რჩებოდა საკითხი, შპს „ს-ს” წარმომადგენელი გ.კ-ა 2014 წლის 3 ოქტომბერს, შეძლებდა თუ არა ორივე სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებას, სხდომებს შორის არსებული დროის გარკვეული მონაკვეთით დაშორების გამო. ამდენად, სასამართლოს შესაფასებელი იყო საკითხი, ბათუმიდან ქუთაისში მგზავრობისათვის განკუთვნილი დროს პლუს ის დრო, რაც სასამართლოს მთავარი სხდომის მიმდინარეობისათვის იყო საჭირო, რამდენად იძლეოდა იმის საშუალებას პირი გამოცხადებულიყო ან ვერ გამოცხადებულიყო ორივე ქალაქში მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმიდან ქუთაისში მგზავრობისათვის დაახლოებით 3 საათი იყო საჭირო, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სასამართლოს მთავარი სხდომა დაახლოებით 2 საათი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო (იმ რისკებისა და მიზეზების გათვალისწინებით, რაც არ არის დამოკიდებული არც პროცესის მონაწილე სუბიექტზე და არც მგზავრობის მსურველ ადამიანზე, მაგრამ რაც შეიძლება თან ახლდეს, როგორც მგზავრობას, ისე პროცესის დროულ დაწყებას), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრული დასაბუთების ფარგლებში ექცეოდა შპს „ს-ს” წარმომადგენელ გ.კ-ას არგუმენტი, რომელმაც იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ ვერ მოასწრებდა ორივე ქალაქში, ორივე სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას, ერთი სასამართლო, კერძოდ ბათუმის საქალაქო სასამართლო გააფრთხილა აღნიშნულის თაობაზე სხდომამდე 2 დღით ადრე, ხოლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „გ“ პუნქტითა და ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ. კ-ას გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა მიჩნეულიყო.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მარტოოდენ სასამართლოს ინფორმირება სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ არ შეიძლება გახდეს მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისთვის საკმარისი წინაპირობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო შეეცადა სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა იმ გარემოებით დაესაბუთებინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „ს-ს“ მონაწილეობით მიმდინარე სხვა პროცესი 16.00 საათზე იყო დანიშნული. დასახელებული გარემოება არაფრით დასტურდება, ერთადერთი მტკიცებულება ესაა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მონაწილეობას იღებდა 16.30 საათიდან 17.12 საათამდე. ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11.00 საათზე იყო დანიშნული, მოპასუხეც და მისი წარმომადგენელიც თავისუფლად ასწრებდა არათუ სხდომაზე გამოცხადებას, არამედ მასში მონაწილეობის მიღებას. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიოდ არ უნდა შეფასდეს, აღნიშნული პროცესის გაჭიანურების სურვილით იყო გამოწვეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ გააჩნდა, ვინაიდან მას შეეძლო 2014 წლის 3 ოქტომბერს გამოცხადებულიყო როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული ორი ქალაქის გეოგრაფიული დაშორებისა და სასამართლო სხდომისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო მოპასუხის ორივე სხდომაზე გამოცხადება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების თაობაზე მოპასუხემ წინასწარ აცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რაც ამავე ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 16:00 საათზე.

კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი 2014 წლის 3 ოქტომბერს 16:30 საათიდან 17:12 საათამდე მონაწილეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს სწორედ იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მითითებულ დროს დანიშნული იყო სასამართლო სხდომა მოპასუხის მონაწილეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი