Facebook Twitter

საქმე №820210014429117 10 ივლისი, 2015 წელი

№ას-324-309-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ა., ი. და მ. დ-ები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების იპოთეკისაგან განთავისუფლება, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა., ი. და მ. დ-ებმა მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს:

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების – 941კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებრივი ტვირთისგან განთავისუფლება და რეგისტრირებულ მონაცემებში სათანადო ცვლილებების შეტანა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით:

1. ა. დ-ის, ი. დ-ისა და მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებრივი ტვირთისგან გათავისუფლდა მოსარჩელეების – ა., ი. და მ. დ-ების თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება: ხ-ში, სოფელ გ-ში მდებარე 941კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სათანადო ცვლილებები განხორციელდა რეგისტრირებულ მონაცემებში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ა., ი. და მ. დ-ებს და განსახილველ საქმეზე მესამე პირს – რ. დ-ს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში, თანასაკუთრებაში გააჩნდათ 1236კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 22.21.08.017.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე მოსარჩელე ა., ი. და მ. დ-ების თანასაკუთრებაში არსებული 1236კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., საგადასახადო სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს მოთხოვნის საფუძველზე, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ა. დ-ის შვილის, ინდმეწარმე რ. დ-ის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების გამო.

საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად, შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), 2010 წლის 30 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადასახადის გადამხდელის – ინდმეწარმე რ. დ-ის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, რაც სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საგადასახადო ინსპექციას ნება დაერთო, რეალიზებული ყოფილიყო მითითებული ქონება მხოლოდ რ. დ-ის კუთვნილი წილის ნაწილში.

მოსარჩელეთა მოთხოვნით, თანასაკუთრებაში არსებული 1236კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, საკადასტრო კოდით 22.21.08.017, გაიმიჯნა რ. დ-ის კუთვნილი წილი 294კვ.მ მიწის ნაკვეთი, რასაც მიენიჭა ცალკე საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...). მოსარჩელეების საკუთრებაში დარჩა 941კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა 13 ნომერი ...).

მოსარჩელეთა საკუთრებაში დარჩენილ 941კვ.მ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...), გამიჯვნის შემდეგ გადაჰყვა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, ვინაიდან გამიჯვნამდე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით მთლიანი ქონება დაიტვირთა.

განმცხადებლების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკისგან კუთვნილი წილის გათავისუფლების თაობაზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორებად არ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა, ხოლო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეთა განცხადება დატოვა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ თანასაკუთრებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაცია მათი გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა.

მხარეთა განმარტებებით და საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდათ, შესაბამისად, როცა არ არსებობდა საგადასახადო ვალდებულება, არ არსებობდა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით დატვირთვის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლით და გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთხელ განმარტებული და განვრცობილია კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების შინაარსი (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370 გადაწყვეტილება).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის №3-294/10 ბრძანებით დადასტურდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ინდმეწარმე ,,რ. დ-ის” ყადაღადადებული ქონების, კერძოდ ხ-ის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1265კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 135.55კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობის რ. დ-ის საკუთრებაში არსებული წილის ღია აუქციონის წესით რეალიზაციის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით იმთავითვე განისაზღვრა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფლება სადავო ქონებასთან მიმართებით და არსებული დავალიანების ამოღების შესაძლებლობა მხოლოდ რ. დ-ის საკუთრებაში არსებული წილის ღია აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

მხარეთა განმარტებითა და საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 29 ივლისის №... ამონაწერით დადგინდა, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შეტყობინების საფუძველზე, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე ა., მ., ი. დ-ებისა და რ. დ-ის თანასაკუთრებაში არსებული მთლიანი ქონება. რ. დ-ისა და მოსარჩელეთა წილის გამიჯვნის შემდეგაც მოსარჩელეთა კუთვნილი ქონებას გადაჰყვა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. (2013 წლის 6 აგვისტოს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან №... და №...). ამავდროულოად, მხარეთა განმარტებით და საქმის მასალებით დადასტურდება, რომ მოსარჩელე ა., ი. და მ. დ-ებს რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნდათ. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ა., ი. და მ. დ-ების საკუთრების უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით საკუთრების თავისუფლად სარგებლობის უფლების შეზღუდვა მათი კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გარანტირებული უფლებების ხელყოფას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

ა., ი. და მ. დ-ებისა და გადამხდელის, რ. დ-ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე 1236კვ.მ მიწის ნაკვეთი. გაყოფის შედეგად აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა დაყოფილიყო ¾ წილის მოსარჩელეებისათვის, ხოლო ¼ წილის შესაბამისი მიწის ნაკვეთის რ. დ-ისათვის (გადამხდელისათვის) გამოყოფით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთი 927კვ.მ-ს უნდა შეადგენდეს,თუმცა მათ საკუთრებაში 941კვ.მ დარჩა, რომელზეც გავრცელდა რ. დ-ის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეებისა და მესამე პირის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საზიარო უფლება ისე უნდა გაუქმებულიყო, რომ მესამე პირის - რ. დ-ისათვის გადაცემული მიწის ფართი ზუსტ შესაბამისობაში ყოფილიყო მის 1/4 წილთან, კერძოდ, მოსარჩელეებს საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 927კვ.მ და არა 941კვ.მ ფართი. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში აღმოჩნდა რ. დ-ის კუთვნილი წილის ნაწილი, შესაბამისად, მას გადაჰყვა საგადასახადო იპოთეკის უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა არ გულისხმობს ამ საგნის მხოლოდ რაოდენობრივად ტოლ ნაწილებად დაყოფას. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში არსებული განსხვავება, მთლიანი ფართის (საზიარო საგნის) ზომის გათვალისწინებით, არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საზიარო საგნის დაყოფა მოხდა არაერთგვაროვან ნაწილებად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას განსახილველი დავის ადმინისტრაციულ დავად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან მოცემული დავის საგანია არა საბიუჯეტო დავალიანების მქონე პირის (მოვალის), არამედ მესამე პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან განთავისუფლება. ამასთან, მოსარჩელეები არ მოითხოვენ ადმინისტრაციული აქტის (საგადასახადო იპოთეკის გამოყენების შესახებ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 01.08.2008წ. ადმინისტრაციული აქტის) ბათილად ცნობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი