საქმე №330210014527930 20 ივლისი, 2015 წელი
№ას-355-337-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ას სარჩელი მოპასუხე ნ. ნ-ის მიმართ ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ 1054.03 ლარის დაკისრების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. ნ-მა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა იყოს არა ის, რომ მან ვალდებულება შეასრულა და მ. ჯ-ას 1054 ლარის ოდენობით თანხა გადასცა (როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა), არამედ სარჩელი იმ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ნ. ნ-ს მ. ჯ-ასათვის ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი ნ. ნ-ისათვის თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დასახელებული გადაწყვეტილება არ იყო მიღებული ნ. ნ-ის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობდა მოპასუხისათვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ნ-ი არ წარმოადგენდა იმ პირს, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრება შეეძლო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ნ-მა ვერ უზრუნველყო წყლის მილის ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნება, რაც მ. ჯ-ას კუთვნილ ბინაში წყლის ჩადინების მიზეზია. კერძო საჩივრის ავტორისათვის გაურკვეველია სასამართლოს მიერ ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რამდენადაც სასამართლომ საბოლოოდ მოსარჩელე მ. ჯ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
საქმის განხილვის დროს საქალაქო სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინებით ზიანის დადგომისას ნ. ნ-ი თავის საკუთრებაში არსებულ ფართში არ ცხოვრობდა და ეს ფართი მას გაქირავებული ჰქონდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი წყლის ჩადინება ნ. ნ-ის საცხოვრებელ ფართში არსებული მილის გაუმართაობით მოხდა, ამ უკანასკნელისათვის თანხის დაკისრება არ შეიძლებოდა, რადგან იგი ფიზიკურად იქ არ ცხოვრობდა და მის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა. კონკრეტულ შენთხვევაში, სასამართლო განხილვიზე ბინის დამქირავებელი უნდა მიწვეულიყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია იმ გარემოების დასადგენად, რომ წყლის ჩადინება სწორედ ნ. ნ-ის კუთვნილი ფართიდან მოხდა. საკითხის ამგვარად შეფასება არასწორია, ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ მიყენებული ზიანი უშუალოდ ნ. ნ-ის ბინიდან გადინებული წყლის ან აღნიშნულ ბინაში არსებული მილის გაფუჭების შედეგია. ექსპერტიზის დასკვნით ასევე არ დგინდება იმ ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც საბოლოოდ ნ. ნ-ს სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა. ნ. ნ-მა თანხა გადაიხადა არა იმის გამო, რომ მ. ჯ-ას ზიანი მიაყენა, არამედ – სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე. ამდენად, თუკი სასამართლოს მ. ჯ-ას სარჩელზე უარს ეტყოდა უსაფუძვლობის მიზეზით, მაშინ ნ. ნ-ს უფლება ექნებოდა მ. ჯ-ასათვის მოეთხოვა ზიანი სააღსრულებო წარმოებიდან და უსაფუძვლო სარჩელიდან გამომდინარე. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. ჯ-ას სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა უარის საფუძველს ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ სადავო თანხა ანაზღაურებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე (მოგებული მხარე) ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების დაუშვებლობის თაობაზე არაერთხელ განმარტა საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებებში (იხ. სუსგ-ებები, 07.09.2009წ., საქმე #ას-710-1011-09, 24.05.2010წ., საქმე #ას-334-311-2010), კერძოდ, მითითებულ განჩინებებში განმარტებულია შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლით ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველს: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილი და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში უნდა აისახოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძვლად დადებული ფაქტების არსებობა-არარსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე. მხარის მოთხოვნის იურიდიულ ბედს განსაზღვრავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლადაც სწორედ იგი წარიმართება. სამოტივაციო ნაწილი ვერ მიექცევა აღსასრულებლად, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის, როგორც ამ გადაწყვეტილების საფუძვლის გაუქმებით, საფუძველი გამოეცლება სარეზოლუციო ნაწილსაც. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის სისწორე თუ უსწორობა, რომელშიც ასახულია გადაწყვეტილების მოტივები, ვერ გასაჩივრდება სარეზოლუციო ნაწილისგან განყენებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება სარეზოლუციო ნაწილისაგან დამოუკიდებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი