საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ას - 362-344-2015 31 ივლისი, 2015 წელი,
ას - 362-344-2015 ა. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა
საკასაციო საჩივრის ავტორი – ღსს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ა“-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა [შემდგომში - დეპარტამენტი] და ღია სააქციო საზოგადოება „ს-ი“ [შემდგომში კონტრაქტორი] შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება № S... ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 60+000-კმ. 72+230 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაზე (შემდგომში - ძირითადი ხელშეკრულება). ძირითადი ხელშკრულების ფასი განისაზღვრა 5 324 490.65 (ხუთი მილიონ სამას ოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. დეპარტამენტმა მიიღო კონტრაქტორის სატენდერო წინადადება სამუშაოების შესრულების შესახებ [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდგომში სსკ-ის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილი. (იხ. ტ.3, ს.ფ. 26 - 27).
2. სამუშაოს ხასიათიდან და არც ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობდა, რომ კონტრაქტორს პირადად უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება [სსკ-ის 632-ე მუხლი]. შესაბამისად, 2010 წლის 8 ნოემბერს კონტრაქტორმა საქართველოში თავისი წარმომადგენლობის (ფილიალის), „ა-იას“ (შემდგომში - შემკვეთი) მეშვეობით ხელშეკრულება № S... გააფორმა შპს „ა“-თან [შემდგომში - მენარდე] ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საგზაო მონაკვეთის კმ 60+000-კმ. 72+230 განახლების შესახებ (შემდგომში - ქვეკონტრაქტი) და მენარდემ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 60+000 – კმ 72+230 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები [სსკ-ის 629.1 მუხლი] (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-43).
3. ქვეკონტრაქტის 12.6 მუხლის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით მენარდე აღიჭურვა უფლებამოსილებით, შემკვეთისგან მოეთხოვა სამუშაოების საწარმოებლად საჭირო პირობების შექმნა; ამასთან, იგი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, შეეტყობინებინა შემკვეთისათვის მისგან დამოუკიდებელი იმ მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ან შეუქმნიდნენ სამუშაოთა მიმდინარეობას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ან თუ შეუძლებელი გახდებოდა სამუშაოების შემდგომი გაგრძელება. შემკვეთს 24 საათში უნდა გაეცა დასაბუთებული პასუხი.
4. ქვეკონტრაქტის მე-4 თავით, კერძოდ, 22-ე მუხლით, განისაზღვრა ხელშეკრულების ფინანსური პირობები; 22.1. პუნქტით, ქვეკონტრაქტის ღირებულება შეადგენდა 5 200 000 (ხუთი მილიონ ორასი ათას) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
5. ქვეკონტრაქტის 22.3. პუნქტის შესაბამისად, სახელშეკრულებო ობიექტის რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური (კლიმატური) პირობებიდან გამომდინარე, ძირითადი სამშენებლო მასალების (ასფალტობეტონის ნარევი; ბეტონის ემულსია; ინერტ. მასალები; ბეტონისა და რკინაბეტონის ნაწარმი და ასევე სხვა კონსტრუქციები) საწყის წინადადებაში გათვალისწინებულზე გაცილებით დიდ მანძილზე - 80-100 კმ. რთულ რელიეფსა და მძიმე კლიმატურ პირობებში შესაძლო გაძვირებიდან, აგრეთვე საწვავ საცხები მასალებისა და ბიტუმის; სატრანსპორტო ხარჯებისა და ძირითადი საგზაო - სამშენებლო მასალების, ტენდერის ჩატარების პერიოდთან შედარებით (2010 წლის აპრილ - მაისი), ამ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ფასების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შემკვეთი იღებდა ვალდებულებას, მენარდის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვისა და ინჟინრის [შენიშვნა: ქვეკონტრაქტის 30.3. პუნქტით „ინჟინერი“ არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომლის სერტიფიკატები, ინსტრუქციები, შემოწმებები, ტესტირებები და დასრულებული სამუშაოების დამტკიცება სავალდებულო გახდებოდა მენარდისათვის შემკვეთის მიერ მიწოდების შემთხვევაში.იხ.ტ.1, ს.ფ. 41], წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველეყო მენარდის მიერ ამ ფაქტორებით გამოწვეული დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურება (დამატებითი ანაზღაურება), რომელთა მოცულობა და ღირებულება მეტი იქნებოდა დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასა და 22.1 პუნქტში მითითებულ თანხაზე, ამასთან, მხარეები შეთანხმდენენ, რომ დამატებითი სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდებოდა 22.1. პუნქტში მითითებული თანხის (კონტრაქტის ფასის) არა უმეტეს 20 %-ის ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 36).
6. ქვეკონტრაქტის მიხედვით, შემკვეთის მიერ 22.3. პუნქტში გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მენარდე უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა სამუშაოები (ქვეკონტრაქტის 22.4. პუნქტი, ტ.1, ს.ფ. 36-37).
7. 2011 წლის 1 ივნისს გაფორმდა #1 დამატება, რომლითაც შემკვეთმა და მენარდემ 2010 წლის 08 ნოემბრის ქვეკონტრაქტში შეიტანეს ცვლილება/დამატება, კერძოდ, S... ძირითად ხელშეკრულებაზე 2011 წლის 30 მაისს ხელმოწერილი #2 დამატებიდან გამომდინარე, რომელსაც ხელი მოაწერეს შემკვეთმა და ინჟინერმა, გაიზარდა ქვეკონტრაქტის 22.1. მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობა და განისაზღვრა 5 752 167, 48 (ხუთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდარვა თეთრი) ლარით. ასევე ქვეკონტრაქტს დაემატა 22.2.1 მუხლი, რომლის თანახმად, შემკვეთს მენარდისათვოს უნდა წარედგინა სამუშაოს შესრულების საბანკო გარანტია, არანაკლებ ქვეკონტრაქტის 22.1. მუხლით გათვალისწინებული თანხის 5 %-ისა, ობიექტის ჩაბარებამდე დარჩენილი ვადით, ძირითადი ხელშეკრულების შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 65-66).
8. 2011 წლის 01 ივნისის #1 დამატებით, 22.3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „სახელშეკრულებო ობიექტის რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური (კლიმატური) პირობებიდან გამომდინარე, ძირითადი სამშენებლო მასალების (ასფალტობეტონის ნარევი; ბეტონის ემულსია; ინერტ. მასალები; ბეტონისა და რკინაბეტონის ნაწარმი და ასევე სხვა კონსტრუქციები) საწყის წინადადებაში გათვალიწინებულზე გაცილებით დიდ მანძილზე - 80 – 100 კმ-ზე ზიდვიდან გამომდინარე, რთულ რელიეფსა და მძიმე კლიმატურ პირობებში შესაძლო გაძვირებიდან, აგრეთვე საწვავ-საცხები მასალებისა და ბიტუმის; სატრანსპორტო ხარჯებისა და ძირითადი საგზაო-სამშენებლო მასალების, ტენდერის ჩატარების პერიოდთან შედარებით (2010 წლის აპრილ-მაისი), ამ ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ფასების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კონტრაქტორი იღებს ვალდებულებას, ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვისა და ინჟინრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ქვეკონტრაქტორის მიერ ამ ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი ხარჯებისა და შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურება (დამატებითი ანაზღაურება), რომელთა მოცულობა და ღირებულება აღემატება დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასა და 22.1 პუნქტში მითითებულ თანხას, ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 22.1 პუნქტში მითითებული თანხის 20%-ს.“ ქვეკონტრაქტის დანარჩენი პირობა დარჩა უცვლელი.
9. ქვეკონტრაქტიდან გამომდინარე, შემკვეთსა და მენარდეს შორის 2012 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა ფინანსური ვალდებულებების შედარების აქტი N1, ხოლო 2012 წლის 31 დეკემბერს -შედარების აქტი N2 (ტ.2, ს.ფ. 20-25).
10. 2012 წლის 24 ოქტომბერს, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 19 ოქტომბრის # 112-ე ბრძანებით დანიშნულმა დასრულებული საგზაო სამუშაოების მიმღებმა კომისიამ, მიიღო დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ღირებულებით 5 876 658, 13 ლარი (ხუთი მილიონ რვაას სამოცდათექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) დღგ-ს გათვალისწინებით. აღნიშნულ აქტს ხელი მოაწერეს დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და კონტრაქტორის პროექტის მენეჯერმა.
11. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ სამუშაოები განხორციელდა დადგენილ ვადებში: დაწყება - 2010 წლის ნოემბერი, დამთავრება - 2012 წლის ივნისი; აქვე მითითებულია, რომ ობიექტის თავდაპირველი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა - 5 324 490, 62 (ხუთი მილიონ სამას ოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდაათი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით, კორექტირების შედეგად (დანართი შეთანხმება # 2, 30.05.2011) საკონტრაქტო ღირებულებამ შეადგინა 5 876 658, 13 (ხუთი მილიონ რვაას სამოცდათექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი დღგ-ს ჩათვლით, რომელიც მთლიანად იქნა ათვისებული (ტ.1, ს.ფ. 127 - 130).
12. 2012 წლის 24 ოქტომბერს შემკვეთმა მენარდისაგან მიიღო შესრულებული სამუშაო (იხ. მიღება- ჩაბარების აქტი, ტ.3, ს.ფ. 191-193).
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მენარდის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო შემკვეთის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებს 1 725 166, 69 ლარის ფარგლებში, იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 229- 233).
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 12 აგვისტოს სარჩელი აღძრა მენარდემ შემკვეთის წინააღმდეგ, სარჩელის ფასად განსაზღვრა 1 725 166, 69 (ერთი მილიონ შვიდასოცდახუთი ათას ექვსას სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარი და მოითხოვა:
14.1. 08.11.2010 ქვეკონტრაქტის 22.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და მენარდისათვის ფულადი კომპენსაციის 1 150 433, 50 (ერთი მილიონ ასორმოცდაათი ათას ოთხასოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის დღგ-ს ჩათვლით ანაზღაურება;
14.2. 542 345, 07 (ხუთასორმოცდაორი ათას სამას ორმოცდახუთი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემკვეთის (მოპასუხე) მიერ ქვეკონტრაქტის 22.3. პუნქტის შეუსრულებლობისა და სხვა პირობების არადროული შესრულების გამო;
14.3. ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 22 879 (ოცდაორი ათას რვაას სამოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით;
14.4. აუდიტის ჩატარებისათვის გადახდილი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება მოპასუხისათვის;
14.5. სასამართლო დავასთან დაკავშირებული იურისტის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება მოპასუხისათვის - საერთო თანხით 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა მოეხსნა შემკვეთის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებს 1 725 166, 69 (ერთი მილიონ შვიდას ოცდახუთი ათას ექვსას სამოცდაექვსი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის ფარგლებში (ტ.4, ს.ფ. 74-98).
16. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 629-ე, 631-ე, 361-ე, 401-ე, 412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) დროულად არ შეატყობინა შემკვეთს გაზრდილი ხარჯების შესახებ და არ წარუდგინა ქვეკონტრაქტის 22.3 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რის გამოც დაკარგა უფლება მოითხოვოს შემკვეთისაგან ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება (ტ.4, ს.ფ. 94).
17. მენარდემ 2014 წლის 08 აპრილს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტ. 4, ს.ფ. 102-112).
18. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, კერძოდ:
18.1. შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 1 150 433, 40 (ერთი მილიონ ასორმოცდაათი ათას ოთხას ოცდაცამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა;
18.2. შემკვეთს დაეკისრა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის გადახდა;
18.3. მასვე დაეკისრა ექსპერტიზის ჩატარების სანაცვლოდ 28 760 (ოცდარვა ათას შვიდასსამოცი) ლარის გადახდა.
19. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ამ განჩინების 1-12 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდე შემკვეთს სისტემატურად ატყობინებდა ქვეკონტრაქტით ნაკისრი სამუშაოს შესრულების პერიოდში წარმოშობილ სირთულეებს; კერძოდ, 2011 წლის 22 მარტის №3/7 მიმართვაში მენარდე აღნიშნავდა: „კონტრაქტით აღებული სამუშაოს შესრულება და კონტრაქტში აღნიშნული კატეგორიის ქანების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ ბურღვა - აფეთქებით ან ჰიდრო - პნევმატური ჩაქუჩებით. ვინაიდან დასამუშავებელი ქანების მონაკვეთი (თითქმის 3 კმ-ზე მეტ მაძილზე) გადაჰყურებს ქ. ამბროლაურის გზის ქვემოთ მჭიდრო დასახლებებს, ბურღვა - აფეთქებით სამუშაოები გამოირიცხება. ერთადერთი საშუალება რჩება მძიმე ექსკავატორზე დამონტაჟებული ჰიდრო - პნევმატური ჩაქუჩებით მათი დამუშავება, რაც დამატებით ანაზღაურებასთან იქნება დაკავშირებული. განსაკუთრებით პრობლემატურია საგზაო საფარის მოწყობის საკითხი. პროექტით სარეაბილიტაციო მონაკვეთზე განსაზღვრულია 3 ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა“. ქვეკონტრატორი ამავე მიმართვაში უთითებდა ამ ძირითად 3 ტიპზე. მენარდე აღნიშნავდა, რომ პროექტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, დამუშავებული იყო 2009 წლის ბოლოს, დაპროექტების შემდეგ გზამ გადაიტანა ორი ზამთარი და ინტენსიური, მძიმე ტვირთმოძრაობა (რაც კიდევ გაიზრდებოდა რეგიონში ამუშავებული საბადოების ტვირთზიდვით), რის შედეგადაც გზის საფუძველსა და საფარს უკვე მკვეთრი დეფორმაცია ჰქონდა: წარმოქმნილი იყო მრავლობითი (თითქმის 70 %-მდე ორმოები), დეფორმირებული და ამორტიზირებული იყო საფუძვლის დიდი ნაწილი, განვითარებული იყო ”ჯდენები”. მარტის თვეში ადგილზე დათვალიერებამ ცხადყო, რომ საპროექტო ტიპი ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნას” (ტ.1, ს.ფ. 134 -137).
21. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ 2011 წლის 5 აპრილის მიმართვაში შემკვეთი სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ განფასებებზე აცხადებდა პრეტენზიას და აფიქსირებდა ამ განფასებებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს, შემკვეთი წერილში უთითებდა პრობლემების მოწესრიგების შესაძლო ვარიანტებზე (ტ.1, ს.ფ. 138-142).
22. 2011 წლის 30 მაისს დეპარტამენტი, სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი და შემკვეთი, დამქირავებელი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოთა ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოსა და საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს 2011 წლის 27 მაისის №2222 ერთობლივი მოხსენებითი ბარათის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და კონტრაქტის ზოგადი პირობების 36-ე მუხლის 36.1. პუნქტის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებისა და 37-ე მუხლის საფუძველზე, პროექტით გაუთვალისწინებელ სამუშაოთა შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ და კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 552 167.61 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათას ასსამოცდაშვიდი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარით - და მან შეადგინა 5 876 658.13 (ხუთი მილიონ რვაას სამოცდათექვსმეტი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი. შემკვეთისა და მენარდის შეთანხმებით, გაიზარდა ქვეკონტრაქტის 22.1. მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება 5 752 167,48 (ხუთი მილიონ შვიდას ორმოცდათორმეტი ათას ასსამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდარვა) ლარამდე (ტ. 2, ს.ფ. 90-107, ე.წ. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა);
23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 1 ივნისს, მაშინ როდესაც სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებული იყო, გაფორმდა # 1 დამატება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეკონტრაქტში შესულიყო ცვლილება/დამატება და 22.3 პუნქტი ჩამოყალიბებულიყო ახალი რედაქციით (იხ. ამ განჩინების პ. 8).
24. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა საქმეში განთავსებულ მენარდის 2011 წლის 1 სექტემბრის მიმართვაზე შემკვეთისადმი, რომლითაც ატყობინებდა ქვეკონტრაქტის შესრულების პერიოდში შექმნილი პრობლემების შესახებ, უთითებდა სატენდერო დოკუმენტაციაში გამოყენებულ განფასებებზე და აღნიშნავდა, რომ განფასებები არარეალურად შეუსაბამო იყო, რის გამოც შეუძლებელი იყო ობიექტის სატენდერო ფასებით დამთავრება. მენარდე შემკვეთს წერილობით ატყობინებდა, რომ პროექტით, ობიექტზე მთავარი სახეობის: ასფალტობეტონის მზა მასის დამზადება და მიტანა გათვალისწინებული იყო ქუთაისი - ამბროლაურის” საავტომობილო გზის 57 კმ.-ში გათვალისწინებული სოფელ ჭრებალოს ამორტიზირებული ა/ბეტონის ქარხნიდან, რომელიც არ ფუნქციონირებდა. იმის გამო, რაჭის რეგიონი რეკრეაციულ ზონას განეკუთვნებოდა, შეუძლებელი აღმოჩნდა გაზის არარსებობის გამო, რეგიონში მაზუთზე მომუშავე ახალი ა/ბეტონის ქარხნის დამონტაჟება. ერთადერთი ყველაზე უახლოეს მანძილზე განთავსებული გერმანული „ტ” მარკის ასფ/ქარხანა მდებარეობდა ქ.ზესტაფონში, ობიექტიდან 81 კმ-ის მოშორებით. 81 კმ. მონაკვეთიდან 50%-ზე მეტი მთაგორიანი ორი უღელტეხილის არსებობა ართულებდა ტრანსპორტირებას და აძვირებდა ხარჯებს. 2011 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ საგზაო საფარის მოწყობაზე შესრულებული იყო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 2 723 214.84 ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით... საერთო ჯამში, ობიექტზე მთლიანი ფასსხვაობამ შეადგინა 1 220 000 ლარის ფარგლებში”(ტ.1, ს.ფ. 100-103);
25. იმავე შინაარსის შეტყობინებით მენარდემ 2011 წლის 6 სექტემბერსაც მიმართა შემკვეთს (ტ.1, ს.ფ.107-113); საქმის მასალებშია 2011 წლის 22 მარტის, 5 აპრილის, 15 სექტემბრის, 5 ოქტომბრის (ტ.1, შესაბამისად, ს.ფ. 134-137, ს.ფ. 138-142, ს.ფ. 148- 154, ს.ფ. 156- 158), 2012 წლის 24 აპრილის, 26 აპრილის წერილები (ტ.1, ს.ფ. 160-173), 3 მაისის # 43 და 45 წერილები (ტ.1, ს.ფ. 88-91), 6 ივლისის წერილი (ტ.1, ს.ფ. 99), 2013 წლის 17 აპრილის წერილი (ტ.1, ს.ფ.106), 10 მაისის # 71 და #72 წერილები (ტ.1, ს.ფ. 104,105), 17 მაისის წერილი (ტ.1, ს.ფ.93-98); ამ განჩინების მე-20, 21-ე, 23-ე, 24-ე პუნქტებში მითითებული ფაქტების გარდა, მენარდის წერილებში მითითებულია, რომ ქვეკონტრაქტით გაწერილი საავანსო თანხების გადმორიცხვის ვადები ირღვეოდა, კუთვნილი ანაზღაურების ჩამორიცხვა გვიანდებოდა. ამიტომ გამაფრთხილებელი წერილით, სამუშაოს მიმდინარეობის პერიოდში, მენარდემ სამჯერ შეაჩერა 2 თვით და მეტით სამუშაოები, აცნობა შექმნილი ვითარება შემკვეთს (ტ.7, ს.ფ. 262-263).
26. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოაღნიშნული წერილები და მიმართვები და დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ ისარგებლა ქვეკონტრაქტის 12.6 პუნქტით (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) მინიჭებული უფლებამოსილებით, ასევე, სსკ-ის 631-ე მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულებით, შემკვეთს აცნობა და დაუსაბუთა იმ კონკრეტული სირთულეებისა და გადახარჯვების შესახებ, რაც მას სამუშაოთა შესრულებისას შეექმნა;
27. სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ წერილებზე, შეტყობინებებზე, რომლებშიაც წარმოქმნილ პრობლემებზე და გაზრდილ ხარჯებზე იყო საუბარი, მენარდეს შემკვეთისაგან პასუხი არ მიუღია;
28. სასამართლომ მენარდის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულყოფილად შესრულება დადასტურებულად მიიჩნია 2012 წლის 24 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (იხ. ამ განჩინების 10-12 პუნქტები);
29. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების შემდეგ, მენარდემ 2013 წლის 17 მაისს კვლავ მიმართა შემკვეთს და მოითხოვა მის მიერ გადახარჯვით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული ოდენობით, რაც შეადგენდა 1 150 433,50 ლარს, იმის გამო, რომ ქვეკონტრაქტის 22.3 პუნქტით დამატებითი საკომპენსაციო თანხები არ უნდა ყოფილიყო # 1 დამატების 22.1 პუნქტით დადგენილი საზღაურის 20 %-ზე მეტი (ტ.1, ს.ფ. 94 - 98).
30. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დანიშულ საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტის განმარტებას. ექსპერტიზის 2015 წლის 05 იანვრის დასკვნით დადგენილია:
30.1 2010 წლის 8 ნოემბრიდან 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საგზაო მონაკვეთის განახლების შესახებ ქვეკონტრაქტისა და 2011 წლის 1 ივნისის # 1 დამატების ფარგლებში, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ძირითადი მასალების (ასფალტობეტონის ნარევი, ბითუმის ემულსია, ქვიშა - ხრეში, ღორღი, ბითუმი, ბეტონისა და რკინაბეტონის ნაწარმი და ასევე სხვა კონსტრუქციები) ფაქტიურ მანძილზე ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით, ლიმიტირებული დანახარჯებისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 7 488 438,1 ლარს, რაც 1 736 270,62 ლარით აღემატებოდა საქმის მასალებში წარმოდგენილი მენარდისა და შემკვეთის მიერ 2012 წლის 30 ივნისს დამოწმებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ. 60+000 კმ. 72+230 რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების აქტით ნაჩვენებ 5 752 167,48 ლარს;
30.2 წარმოდგენილი კონტრაქტის ფარგლებში ნაჩვენებ, შესრულებულ სამუშაოთა 5 752 167,48 ლარის ღირებულებასა და ექსპერტიზით დადგენილ 7 488 438.1 ლარის ღირებულებას შორის სხვაობამ მეტობით შეადგინა 7488438.1 – 5 752 167,48 = 1 736 270,62 ლარი. სხვაობა ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ ერთეულ სამუშაოთა ღირებულებები სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში და წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტში ნაჩვენები იყო დაბალი ფასებით, ასევე მასალების ტრანსპორტირება ხდებოდა უფრო დიდი მანძილიდან (80-100კმ), ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო საწყის სატენდერო წინადადებაში (22 კმ);
30.3 2010 წლის 8 ნოემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე ადგილი ჰქონდა საწვავ - საპოხი მასალების საბაზრო ფასების ზრდას, რაც შესაბამისად აისახებოდა მასალების დამზადებისა და გადაზიდვის ფასებში;
30.4 მესამე პირის მიერ, ქუთაისი - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 60+000 - კმ 72+230 მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო, ნაწილი სამუშაოების ღირებულებამ სახელშეკრულებო თანხის (5 752 167,48 ლარს) ზემოთ შეადგინა დღგ-ს ჩათვლით 57081,17 ლარი, დღგ-ს გარეშე 48373,87 ლარი. ასევე, სხვა მესამე პირის მიერ საგზაო მონიშვნებზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 77427,84 ლარი, დღგ-ს გარეშე 65616,81 ლარი;
30.5 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მესამე პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების თანხის გამოკლებით, მენარდის მიერ გაწეული გადახარჯვა შეადგენს 1 601 761,61 ლარს (1736 270,62 – 134 509,01 = 1 601 761,61). 5 752 167,48 ლარის 20 % არის 1 150 433,49 ლარი.
31. ექსპერტმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაცია არ იძლეოდა განჩინებაში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას, რის გამოც მან სასამართლოსაგან (შესაბამისად მხარეებისაგან) მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა მასალათა შესყიდვის დოკუმენტები, მტკიცებულებები ზიდვის მანძილების შესახებ და ა.შ. ექსპერტმა მიუთითა იმაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილია შესრულებულ სამუშაოთა აქტები, ფორმა # 2, სადაც სრულყოფილად იყო აღწერილი ყველა ის სამუშაო, რაც შესრულდა და ამას ორივე მხარე აწერდა ხელს. წარმოდგენილ აქტებში მითითებული იყო მეტად დაბალი ფასები. მასალათა ტრანსპორტირების დოკუმენტში ზუსტად იყო მითითებული ის დასახლებული პუნქტები, საიდანაც ხდებოდა მასალის მიტანა. ფასების მომატება დიდწილად სწორედ მანძილის გაზრდამ გამოიწვია (იხ. ექსპერტ მ. კ-ის დაკითხვის ოქმი, ტ.7, საქმის მასალებში განთავსებული კონვერტი კომპაქტ-დისკით, ს.ფ. 174 ).
32. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდე ატყობინებდა შემკვეთს საწვავ - საპოხი მასალების საბაზრო ფასების გაზრდას, რაც შესაბამისად აისახებოდა მასალების დამზადებისა და გადაზიდვის ფასებში. ასევე გამოთქვამდა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მასალების ტრანსპორტირება ხდებოდა უფრო დიდი მანძილიდან (80-100კმ), ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო საწყის სატენდერო წინადადებაში (22 კმ), რაც ასევე დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის განმარტებით.
33. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შემკვეთის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მენარდეს მისთვის არ წარუდგენია დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვა და ინჟინრის თანხმობა გაწეულ გადახარჯვებთან დაკავშირებით, რაც მხარეთა შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა, თავის მხრივ კი, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
34. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და უკვე მიმოხილული არაერთი წერილითა თუ მიმართვით, მენარდე მუდმივად მიმართავდა შემკვეთს, ინფორმაციას აწვდიდა სამუშაოთა მიმდინარეობისა თუ პრობლემების თაობაზე და უსაბუთებდა (მათ შორის ციფრობრივი გაანგარიშებითაც) იმ გასაწევი ხარჯების შესახებ, რაც თავდაპირველ კონტრაქტში არ იყო გათვალისწინებული. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები (წერილები, მიმართვები), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დასაბუთებულ არგუმენტად, მტკიცებულებად (ხარჯთაღრიცხვად), რაზედაც მხარეები 2011 წლის 01 ივნისს დადებული # 1 დამატების 22.2.1. პუნქტით შეთანხმდნენ.
35. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას გამოიყენა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები - სსკ-ის 629(1) და 631(2) მუხლები.
36. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 30 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მენარდის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.7, ს.ფ.215-230).
37. საკასაციო საჩივრის ფასი განისაზღვრა 1 219 953 (ერთი მილიონ ორასცხრამეტი ათას ცხრაას ორმოცდაცამეტი) ლარით.
38. კასატორმა კასაციის საფუძვლებში (მიზეზებში) მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. კასატორმა მიუთითა დარღვევებზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ:
38.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 631-ე და 52-ე მუხლები. მხარეთა ნების გონივრული განსჯის შემთხვევაში, შემკვეთს დროის მცირე მონაკვეთში სამჯერ გაზრდილი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა მენარდის მიერ წინასწარ ბუღალტრულად დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვისა და ინჟინრის შესაბამისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რაც აისახებოდა ასევე შუალედურ სერთიფიკატებსა და შემაჯამებელ 2012 წლის 13 აგვისტოს შედარების აქტში # 1 და 2012 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტში # 2, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია;
38.2. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მენარდის წერილებს კონტრაქტორის სახელზე და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია წერილებში გამოთქმული პოზიციები ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, რომელზეც არც შემკვეთს და არც სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, ინჟინერს, თანხმობა არ მიუცია. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გაანალიზებისათვის უნდა შეფასდეს კონკრეტული მტკიცებულებები - 2010 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებისა (14.6, 17.3, 22.3, 22.4, 23.5 პუნქტები) და 2011 წლის 01 ივნისის # 1 დამატებით შეთანხმებული კონკრეტული პირობები;
38.3. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და უთითებს საქმეზე # ას-888-834-2012;
38.4. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ საინჟინრო ექსპერტიზას და მის საფუძველზე მომზადებულ 2015 წლის 05 იანვრის დასკვნას, ასევე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ნორმების დარღვევით, რამაც გავლენა იქონია შედეგზე; მხარეთა მტკიცების ტვირთის უგულებელყოფით ჩატარებულმა მეორე ექსპერტიზამაც ვერ გასცა პასუხი ძირითად კითხვას, რეალურად რა ხარჯები გასწია მენარდემ ქვეკონტრაქტის ფარგლებში, რაც საბუღალტრო ექსპერტიზის კვლევის საგანია; კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არაწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 102-ე მუხლი, როდესაც მტკიცების ტვირთი კასატორს (შემკვეთს) დააკისრა ნაცვლად მენარდისა, მან დღემდე ვერ დაასაბუთა, თუ რეალურად რა ხარჯები გასწია, ხოლო ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, რატომ იყო შეუძლებელი მათი წინასწარ გათვალისწინება;
38.5. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეფასებაზე, რომ კონკრეტული კვლევები მიზანშეწონილია დაეფუძნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის N230 ბრძანებით დამტკიცებულ „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებებზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითვის წესს“, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა არ ემყარება აღნიშნულ წესს;
38.6 იგივე მოსაზრებებია წარმოდგენილი კასატორის მიერ ახსნა - განმარტების სახით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით 2015 წლის 29 მაისს და უთითებს სუსგ-ზე # ას-888-834-2012; კასატორი თავის განმარტებაში აღნიშნავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მენარდე დამატებით ითხოვს 1 700 00 ლარს ისე, რომ არც დაკვეთის მოცულობა შეცვლილა, არც პროექტის კორექტირება განხორციელებულა, არც ნედლეულის ფასი გაზრდილა, არც მენარდის მხრიდან დადგენილი წესით დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა და მასზე დამკვეთის წინასწარ გაფრთხილება მომხდარა (ტ.7., ს.ფ.273-277);
38.7 2015 წლის 26 ივნისს კასატორმა წარმოადგინა განმარტება საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი საკასაციო საჩივარში და 29 მაისს წარმოდგენილ განმარტებაში აღნიშნულ გარემოებებს იმეორებს, ყურადღებას ამახვილებს, რომ გაზრდილი ხარჯების ანაზღაურებაზე მენარდის მიერ მოთხოვნა დაყენებული იქნა სამუშაოების დასრულების და შემაჯამებელი აქტების გაფორმების შემდეგ.
39. 2015 წლის 15 მაისს საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა მენარდემ (ტ.7., ს.ფ. 246-257), რომლითაც იგი არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს.
40. 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საკასაციო საჩივარი; ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ტ.7, ს.ფ. 238-240).
41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან დავა ეხება ნარდობის ხელშკრულებისას გაზრდილი ხარჯთაღრიცხვის ანაზღაურების წესსა და პირობებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის განმარტებას გულისხმობს და მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად; საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 01 ივლისის განჩინებით მხარეებს ეცნობათ, რომ საქმის ზეპირი განხილვა შედგებოდა 24 ივლისს;
42. 2015 წლის 24 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი განხილვით, მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
44. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძველზე გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მართებულად არის გამოყენებული სსკ-ის 629 (1) და 631(2) მუხლები, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები.
45. სსკ-ის 631-ე მუხლის პირველი ნაწილი, აწესრიგებს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, როდესაც მენარდე მიახლოებით ხარჯთარღიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, ამასთან, მენარდეს შეუძლია მხოლოდ შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახარჯვის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
46. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 631-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: შესაძლებელი იყო თუ არა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის წინასწარ გათვალისწინება.
47. ის გარემოება, რომ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო, დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. ამ განჩინების 4,5,7,8,22,23 პუნქტები) და იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 11 თვის და ქვეკონტრაქტის გაფორმებიდან შვიდი თვის შემდეგ, ინჟინერმა და შემკვეთმა (კასატორი) ხელი მოაწერეს დანართს - #2 შეთანხმებას, კერძოდ, პროექტით გაუთვალისწინებელ სამუშაოთა შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, ცვლილება შევიდა 2010 წლის 16 ივლისს გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში (ტ.2, ს.ფ. 88-108); აღნიშნული ფაქტი უდაოდ ადასტურებს, რომ ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო, რამაც განაპირობა დამატებითი შეთანხმების დადება.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის 2010 წლის 08 ნოემბერს და 2011 წლის 01 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებებით (ორივე ხელშეკრულების 22.3 პუნქტით) განისაზღვრა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში გადახარჯვის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნის პროცენტული ოდენობის ზედა ზღვარი, კერძოდ, შემკვეთმა იკისრა, მითითებული ხელშეკრულებების 22.1. პუნქტით შეთანხმებული საზღაურის არა უმეტეს 20 % -ის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების წინასწარ გათვალისწინება შესაძლებელი იყო, რადგან ქვეკონტრაქტორმა იცოდა, თუ სად და რა სახის, მოცულობის სამუშაოები ჰქონდა შესასრულებელი, უსაფუძვლოა.
49. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 631-ე და 52-ე მუხლები (იხ. ამ განჩინების პ.38.1).
50. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ მენარდე ვალდებული იყო გაწეულ დანახარჯებთან დაკავშირებით, გენერალური კონტრაქტორისათვის (ს/გზების დეპარტამენტი) წარედგინა დასაბუთებული ხარჯთაღრიცხვა და ინჟინრის თანხმობა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პ.4.56, ს.ფ.207, ტ.7).
51. საქმის მასალებშია ინჟინრის 2014 წლის 16 იანვრის # 2-06/187 წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ინჟინერს შემკვეთმა მიმართა თანხმობის მისაღებად, რათა მენარდე აეყვანა. ინჟინერმა შემკვეთს 2010 წლის 25 ნოემბერს მისცა თანხმობა (ქვეკონტრაქტი შემკვეთსა და მენარდეს შორის გაფორმებულია 2010 წლის 08 ნოემბერს); ამავე წერილით დადასტურებულია, რომ შემკვეთს ინჟინრისათვის უნდა წარედგინა ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი, რაც არ გაუკეთებია. წერილით დადასტურებულია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი - ინჟინერი არ იყო ინფორმირემული შემკვეთის მიერ მენარდესთან გაფორმებული ქვეკონტრაქტის კონკრეტულ პირობებზე და მხარეთა ურთიერთვალდებულებებზე. წერილის მიხედვით, შემკვეთს ინჟინრისათვის არ მოუწოდებია ინფორმაცია ქვეკონტრაქტით გათვალისწინებულ დეტალებზე. ინჟინრის წერილში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ინჟინრის წინაშე პასუხისმგებელი იყო შემკვეთი, მიუხედავად იმისა, იგი გადასცემდა თუ არა სამუშაოთა ნაწილს მის მენარდეს და ეს არ ათავისუფლებდა შემკვეთს პასუხისმგებლობისაგან (ტ.4, ს.ფ. 206-207).
52. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს/გ დეპარტამენტთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო მხოლოდ კასატორი (შემკვეთი), ეს უკანასკნელი იყო ვალდებული ინჟინრისათვის წარედგინა ხელშეკრულებით დადგენილი წესით შუალედური გადახდების სერთიფიკატები და სხვა საბუთები, როგორც შესრულებულ სამუშაოთა აღმწერი დოკუმენტაცია, კასატორი (შემკვეთი) ვალდებული იყო ყველა ინფორმაცია თუ გაანგარიშება მიეწოდებინა ინჟინრისათვის, საბოლოოდ დასრულებული ობიექტიც მას ჩაბარდა და ამაში არ მონაწილეობდა მენარდე. შესაბამისად, მენარდე არ იყო ვალდებული მხარე გენერალური კონტრაქტორის წინაშე.
53. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ს/გზების დეპარტამენტი - ინჟინერი არ გამოთქვამს პრეტენზიას აღნიშნულის თაობაზე, რაც დადგენილია საქმის მასალებით (იხ. ამ განჩინების 51-ე პუნქტი), ხოლო ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ აქვს წარმოდგენილი.
54. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ შუალედური გადახდების სერთიფიკატებსა და შედარების აქტებზე ქვეკონტრაქტორს არ დაუფიქსირებია რაიმე პრეტენზია.
55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების 54-ე პუნქტში მითითებული პრეტენზიის წარუდგენლობა ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სასამართლო დაეყრდნო არა ცალკეულ მტკიცებულებას, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე შეაფასა გარემოებები და დაასკვნა, რომ მენარდე შემკვეთს სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდან პირველი პრობლემის შექმნისთანავე, ობიექტზე მუშაობის პროცესში და დასრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდეგაც, სისტემატურად ატყობინებდა, უსაბუთებდა და უყენებდა მოთხოვნას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების ანაზღაურების შესახებ, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნული დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. ამ განჩინების 32-ე, 34-ეპუნქტები).
56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, ვერ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა მოწინააღმდეგის პოზიციის გასაბათილებლად (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი).
57. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომელიც ეხება მენარდის შემკვეთისადმი გაგზავნილ წერილებსა და შეტყობინებებს (იხ. ამ განჩინების პ. 39.2.).
58. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდეს შემკვეთისადმი გაგზავნილ წერილებზე, შეტყობინებებზე, რომლებშიაც წარმოქმნილ პრობლემებზე და გაზრდილ ხარჯებზე იყო საუბარი, პასუხი არ მიუღია (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ. 7. ს.ფ. 199, ამ განჩინების 26,27,34 პუნქტები).
59. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მენარდემ 2010 წლის 08 ნოემბრის ქვეკონტრაქტის 12.6 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა, შემკვეთს აცნობა და დაუსაბუთა იმ კონკრეტული სირთულეებისა და გადახარჯვების შესახებ, რაც მას სამუშაოთა შესრულებისას შეექმნა, რითაც მენარდემ შეასრულა სსკ-ის 631-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკისრებული ვალდებულება (იხ. ამ განჩინების 26-ე პუნქტი).
60. მენარდის მიერ შემკვეთისათვის გაგზავნილი არაერთი შეტყობინების მიღების ფაქტი კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 24 ივლისის სხდომაზეც დაადასტურა და განმარტა, რომ წერილები, შეტყობინებები იყო დაუსაბუთებელი, ისინი მხოლოდ ინფორმაციულად მიიღეს, არ განუხილავთ სათანადო დოკუმენტაციად (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.7, ს.ფ. 219, 220; უზენაესი სასამართლოს 24.07.2015 სხდომის ოქმი);
61. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, კასატორს (შემკვეთს) მენარდისაგან, გადახარჯვის დასაბუთების მიზნით, რაიმე დადგენილი ფორმით დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მოუთხოვია; შემკვეთს, ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის გამო, სსკ-ის 631-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არც ხელშეკრულების შეწყვეტა მოუთხოვია.
62. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას (იხ. ამ განჩინების პ.38.3), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე # ას-888-834-2012) და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ხარჯთარიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც დამკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს)“. უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება მხარეთა შორის შეთანხმებულ მყარ ხარჯთაღიცხვას ეხება (სსკ-ის 629-ე მუხლი), შესაბამისად, იგი არ ეფუძნება სსკ-ის 631-ე მუხლს, რადგან ეს ნორმა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს.
63. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული საინჟინრო ექსპერტიზის თაობაზე (იხ. ამ განჩინების პ. 38.4 და პ. 38.5).
64. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზიები და აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ უთითებს სამართლებრივ საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შეუძლებლობის თაობაზე. კასატორს ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლების რეალიზაციისათვის სააპელაციო სასამართლოში ესარგებლა სსსკ -ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მხარეებს აძლევს უფლებას, წარუდგინონ სასამართლოს კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ მომხდარა მხარეთა მტკიცების ტვირთის თანაბარი გადანაწილების უგულებელყოფა. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, ექსპერტის დასკვნის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მომზადების თაობაზე და ფინანსთა მინისტრის # 230 ბრძანების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ (იხ. ამ განჩინების 30-31 პუნქტები);
65. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი].
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა, როგორც კონსესუალური ხელშეკრულება, მოიცავს არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შედეგს, არამედ სამუშაოს შესრულების მიმდინარეობის პროცესს, რომელშიც ორივე მხარე თანაბარი პასუხისმგებლობით უნდა მონაწილეობდეს იმ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განსახორციელებლად, რაც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ერთმანეთის მიმართ აკისრიათ.
67. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
68. კასატორს ეკისრება გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (იხ. ამ განჩინების პ.40) გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 408- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ღსს „ს-ა“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. ღსს „ს-ა“ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით (საქმე № ას-361-344-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მომხსენებელი ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე