საქმე №330210013348416 23 ივლისი, 2015 წელი
№ას-375-356-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „E--ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“ წევრები: ნ. ე-ა, დ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო გადაცემულის უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „E--მა“ მოპასუხეების: 1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“ წევრების: 2. ნ. ე-ას, 3. დ. გ-ისა და 3. ე. გ-ის მიმართ და მოითხოვა:
1. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4 611 737 აშშ დოლარის დაკისრება;
2. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 461173 აშშ დოლარის დაკისრება;
3. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის – 368938 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „E--სა“ და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ს“ შორის 2012 წლის 2 ივლისს გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „E--მა“ იკისრა ვალდებულება ამხანაგობისათვის გადაეცა ფულადი სახსრები ამ უკანასკნელის მიერ დაწყებული მშენებლობის დასრულების მიზნით. ამავე ხელშეკრულებით ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ინვესტორისათვის გადაეცა აშენებული ფართის 70% ან საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შემდეგ სრულად დაებრუნებინა ინვესტირებული თანხა, ასევე სარგებელი - სუფთა მოგების 70%. მოსარჩელის განმარტებით, მან ამხანაგობას საერთო ჯამში გადასცა 4 611 737 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობას ეკისრებოდა ვალდებულება ინვესტორის მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში ამ უკანასკნელისათვის წარედგინა გადაცემული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამხანაგობამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული ვალდებულება, რის გამოც მან უარი თქვა ხელშეკრულებაზე. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო მას უფლება აქვს მოპასუხეებს მოსთხოვოს ინვესტირებული თანხის დაბრუნება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
მოპასუხეება სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევიათ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ამხანაგობა აპირებს მოსარჩელეს დაუბრუნოს გადაცემული თანხა და სარგებელი სრულად. მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ამიტომ არ არსებობს ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „E--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით:
1. შპს „E--ის“ წარმომადგენლის - ც. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
2. შპს „E--ის“ სარჩელზე მოპასუხე ე. გ-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ამ უკანასკნელის მიმართ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით:
1. მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ, აპელანტ შპს „E--სა“ და, მეორე მხრივ, იმა „კ.-ის“ წევრებს – ნ. ე-ასა და დ. გ-ეს შორის შემდეგი პირობებით:
1.1 ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“ კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შპს „E--სს“ 5 142 110 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხა - 4 611 737 აშშ დოლარი, მასზე დამატებული სარგებელი 10%-ის ოდენობით - 461 173 აშშ დოლარი და შესაბამისი დღგ - 69 200 აშშ დოლარი;
1.2 ზემოხსენებული თანხის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით:
- 2014 წლის 07 ნოემბერს - 300 000 აშშ დოლარი
- 2014 წლის 07 დეკემბერს - 400 000 აშშ დოლარი
- 2015 წლის 17 თებერვალს - 500 000 აშშ დოლარი
- 2015 წლის 07 მარტს - 985 528 აშშ დოლარი
- 2015 წლის 07 აპრილს - 985 528 აშშ დოლარი
- 2015 წლის 07 მაისს - 985 528 აშშ დოლარი
- 2015 წლის 07 ივნისს - 985 528 აშშ დოლარი;
1.3 ზემოხსენებული თანხა ჩაირიცხოს შპს „E--ის“ მიერ მითითებულ ანგარიშზე;
1.4 აიკრძალოს უძრავი ქონების - მდებარე ქ.თბილისში, ქ. კ-ე #62, ქ. რ-ი, ჩიხი II, #18-20, 7235.99 კვ.მ ფართის ნებისმიერი გასხვისება, დატვირთვა, მათ შორის, იპოთეკით დატვირთვა, მორიგების აქტის პირველი და მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
- პირველი სართული 690 კვ.მ;
- მე-3 სართული 209 კვ.მ;
- მე-4 სართული 135 კვ.მ;
- მე-5 სართული 139.4 კვ.მ;
- მე-6 სართული 260 კვ.მ;
- მე-7 სართული 130 კვ.მ;
- მე-8 სართული 120.79 კვ.მ;
- მე-9 სართული 120.79 კვ.მ;
- მე-10 სართული 187.01 კვ.მ;
- მე-11 სართული 378.19 კვ.მ;
- მე-12 სართული 248.19 კვ.მ;
- მე-13 სართული 621.90 კვ.მ;
- მე-14 სართული 751.31 კვ.მ;
- მე-15 სართული 855.90 კვ.მ;
- მე-16 სართული 768.41 კვ.მ;
- მე-3 სართული შუშებიანი 742.6 კვმ.;
- მე-2 სართული კომერციული ფართი 677.5 კვ.მ;
- ავტოსადგომი 200 კვ.მ
ზემოხსენებული ფართები თავისუფალია სამომავლო ვალდებულებებისგან.
1.5 შპს „E--ი“ იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების გამო კ-ის 62-ში მდებარე შპს „E--ზე“ რიცხული ფართები 660 კვ.მ, 162 კვ.მ, 1184 კვ.მ, 178 კვ.მ გადააფორმოს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“ სახელზე თანხის სრულად ჩარიცხვისთანავე;
2. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება;
3. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან/და წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე 2015 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2015 წლის 19 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „E--ის“ დირექტორმა დ. გ-მა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“ მოვალედ მითითება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით შპს „E--ის“ დირექტორ დ. გ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობები ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება ისეთი უსწორობები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტექნიკური ხარვეზით ან კიდევ არითმეტიკული შეცდომები ციფრებში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელში ადგილი არ ჰქონდა ისეთ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებდა, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მორიგება დამტკიცდა შპს „E--სა“ და იმა „კ.-ის“ წევრებს – ნ. ე-ასა და დ. გ-ეს შორის. ამ განჩინებაზე 2015 წლის 25 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მოვალეებად მიეთითნენ ნ. ე-ა და დ. გ-ე, როგორც იმა „კ.-ის“ წევრები, ვინაიდან მორიგება სწორედ ამხანაგობის წევრებსა და „E--ს“ შორის დამტკიცდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „E--მა“.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალეებად მითითებული არიან მხოლოდ ნ. ე-ა და დ. გ-ე, რაც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. სასამართლოს მიერ ასეთი სახით სააღსრულებო ფურცლის გამოწერა გაუგებარია, ვინაიდან დადგენილია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა შპს „E--ის“ სარჩელისა გამო იმა „კ.-ის“, მისი წევრების ნ. ე-ას, ე. გ-ის და დ. გ-ის მიმართ, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების თაობაზე. ამავდროულად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „კ.-ის“ ქონებას. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „ე-ს“ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე უარი არ უთქვამს ამხანაგობის, როგორც მოპასუხის მიმართ სარჩელზე და საქმეში არ მოიპოვება ამხანაგობის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება სარჩელზე უარის თქმის გამო. მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შესრულება ამხანაგობა „კ.-ს“ დაეკისრა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის მორიგება იმგვარად დამტკიცდა, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-მა“ იკისრა ვალდებულება, შპს „E--ს“ გადაუხადოს 5142110 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „E--ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული საპროცესო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე გასწორებას ექვემდებარება განჩინებაში დაშვებული უსწორობები ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, ამასთან, საუბარია ისეთი სახის უსწორობებზე, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორებას, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მოვალის გრაფაში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“ მოვალედ მითითებას.
საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ, პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (კანონის ანალოგია). ცხადია, რომ გარკვეული შეცდომები სააღსრულებო ფურცელშიც შეიძლება იქნეს დაშვებული (მაგალითად, შეცდომები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღში, კრედიტორის ან მოვალის მისამართში, მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებში, ასევე სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის ან მოვალის არასწორად მითითება ან საერთოდ მიუთითებლობა და ა.შ.). ნათელია, რომ ასეთ შემთხვევებში წარმოიშობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწრობის გასწორების აუცილებლობა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, უნდა გასწორდეს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში არ იყო დაშვებული ისეთი უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი ითვალისწინებს, კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამავე სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მორიგება დამტკიცდა შპს „E--სა“ და იმა „კ.-ის“ წევრებს – ნ. ე-ასა და დ. გ-ეს შორის, შესაბამისად, ამ განჩინებაზე 2015 წლის 25 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალეებად მიეთითნენ ნ. ე-ა და დ. გ-ე, როგორც იმა „კ.-ის“ წევრები.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სააპელაციო პალატამ მოვალედ არ მიიჩნია ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მოსაზრებას, ვინაიდან მორიგების დამტკიცების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის სუბიექტებს, კერძოდ, აღნიშნული აქტის მიხედვით, ერთის მხრივ, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“, მისი წევრები - ნ. ე-ა და დ. გ-ე, ხოლო, მეორეს მხრივ, შპს „E--ი“ მორიგდნენ გარკვეული პირობებით. მორიგების აქტს ხელს აწერენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“ წარმომადგენელი ი. ხ-ე, რომელსაც მინდობილობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ საქმე დაასრულოს მორიგებით (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 251), ამხანაგობის წევრები - ნ. ე-ა და დ. გ-ე, ასევე შპს „E--ის“ წარმომადგენლები. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“ არ წარმოადგენს მორიგების აქტის მხარეს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის შინაარსს, კერძოდ, აღნიშნული აქტის მიხედვით, სწორედ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-მა“ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს შპს „E--სს“ 5 142 110 აშშ დოლარი. გარდა ამისა, შპს „E--ის“ (კრედიტორის) ზემოხსენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ს“ აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების - მდებარე ქ.თბილისში, ქ.კ-ე #62, ქ.რ-ი, ჩიხი II, #18-20 - 7235.99 კვ.მ ფართის ნებისმიერი სახით გასხვისება, დატვირთვა, მათ შორის, იპოთეკით დატვირთვა, მორიგების აქტის პირველი და მე-2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის მითითებულმა საშუალებამ ჩაანაცვლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“ არის შპს „E--ის“ (კრედიტორის) როგორც პირადი მოვალე, ასევე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრეც, შესაბამისად, ეს უკანასკნელი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცელში შეტანილი უნდა ყოფილიყო როგორც შპს „E--ის“ (კრედიტორის) მოვალე.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.-ის“, როგორც მოვალის, მიუთითებლობა ფაქტობრივად აღუსრულებელს ხდის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილებების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. ამავე კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შესარულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოება არ დაიწყება, თუ პირი, რომლის საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არ არის დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორ შპს „E--სს“ უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს #1683 ბრძანებით ირკვევა, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალეებად მითითებული პირების - ნ. ე-ასა და დ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ამასთან, ვინაიდან ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“ სააღსრულებო ფურცელში დასახელებული არ არის მოვალედ, აღმასრულებელი მოკლებულია შესაძლებლობას, სააღსრულებო წარმოების პროცეში მის მიმართ განახორციელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ამხანაგობის სახელზე აღრიცხულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინების იძულებითი აღსრულება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ამ განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“ დასახელებული არ არის მოვალედ. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „კ.“ გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის მიხედვით წარმოადგენს შპს „E--ის“ მოვალეს, ამიტომ ეს უკანასკნელი სააღსრულებო ფურცელში შეტანილი უნდა ყოფილიყო როგორც შპს „E--ის“ (კრედიტორის) მოვალე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „...“ და მ-ე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ხოლო 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „E--ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი