საქმე №330210014550367 20 ივლისი, 2015 წელი
№ას-392-372-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. ც-ი, დ. კ-ე, თ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. დაკმაყოფილდა მ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების - ლ. ც-ის, დ. კ-ის, თ. ბ-ის, უ. ც-ის, ნ. ჩ-ის, დ. კ-ისა და ნ. კ-ის მიმართ;
2. ლ. ც-ის, დ. კ-ის, თ. ბ-ის, უ. ც-ის, ნ. ჩ-ის, დ. კ-ის და ნ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ზ-ის ქ.№...-ში მდებარე №... ბინა და დადგინდა მათი მხრიდან ხელშეშლის აღკვეთა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ც-მა, დ. კ-ემ და თ. ბ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით:
1. ლ. ც-ის, დ. კ-ისა და თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად;
2. აპელანტებს დაუბრუნდათ სააპელაციო საჩივარზე ზ.ბუაჩიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აპელანტების მიმართ ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დენა 2015 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო და ეს ვადა 2015 წლის 16 თებერვალს ამოიწურა. მიუხედავად ამისა, მათ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით – 2015 წლის 17 თებერვალს წარადგინეს.
სამართლებრივად გასაჩივრებული განჩინება დაფუძნებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ც-მა, დ. კ-ემ და თ. ბ-ემ.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს საპროცესო მოქმედების ვადა, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული სამედიცინო ცნობებით დგინდება, რომ თ. ბ-ე 2015 წლის 10 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე ავადმყოფობდა. ამდენად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაშვება ობიექტური საფუძვლით მოხდა, რამაც თ. ბ-ისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელი გახადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ქვითრების წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული ხარვეზი აპელანტებმა შეავსეს, კერძოდ, 2015 წლის 17 თებერვალს მათ სააპელაციო სასამართლოს მიაწოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ის, დ. კ-ისა და თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელანტებს – ლ. ც-ს, დ. კ-ესა და თ. ბ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, მათ დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ამავდროულად, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. ს.ფ. 109-110).
სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2015 წლის 4 თებერვალს გაეგზავნათ ლ. ც-ს, დ. კ-ესა და თ. ბ-ეს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ზ-ის ქ.№..., ბინა №.... კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ ხარვეზის განჩინება ჩაბარდათ 2015 წლის წლის 9 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 16 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. მიუხედავად ამისა, აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებთან ერთად, აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს 2015 წლის 17 თებერვალს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 7-17).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, შესაბამისად, მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი დანიშნულ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ შესრულდა, კერძოდ, ერთ-ერთი აპელანტი - თ.ბ-ე 2015 წლის 10 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე ავადმყოფობდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შერულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს არ უშუამდგომლიათ სააპელაციო საჩივარზე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ, თუმცა ასეც რომ იყოს, მათ მიერ მითითებული გარემოება ვერ განაპირობებს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, რადგან, ჯერ ერთი, კერძო საჩივარზე თანდართულ სამედიცინო ცნობებში საუბარია მხოლოდ აპელანტ თ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რაც არ გამორიცხავდა დანარჩენი აპელანტების – ლ. ც-ისა და დ. კ-ის მხრიდან სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობას და, მეორეც, წარმოდგენილი ცნობებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის განმავლობაში (2015 წლის 10 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე) თ. ბ-ე იმყოფებოდა ავად. მითითებული ცნობებით ირკვევა, რომ თ. ბ-ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ამბულატორიას მიმართა 2015 წლის 16 მარტს (იხ. ს.ფ. 127-130), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის განმავლობაში აპელანტის ავადმყოფობისა და აქედან გამომდინარე, საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი არ დასტურდება.
კერძო საჩივრის ავტორების ერთ-ერთ პრეტენზიას წარმოადგენს ასევე ის, რომ მათ ხარვეზი აღმოფხვრეს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც 2015 წლის 17 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივარი ან საბუთები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ც-ის, დ. კ-ისა და თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი