საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-402-382-2015 3 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ხ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა, პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ.ხ-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩნებით ს. ჩ-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 19 ივლისს, ერთი მხრივ, ს. ჩ-ესა და, მეორე მხრივ, ჟ. ხ-ს, ნ. ს-ას, მ. მ-ას, ი. მ-სა და ხ. ა-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ს. ჩ-ემ ჟ. ხ-ისაგან ორი თვის ვადით ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის ოდენობით;
ს.ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს შემცირება და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა, შესრულებით ვალდებულების შეწყვეტის გამო;
პალატამ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტის შესაბამისად (ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების თაობაზე), დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ჩ-ემ 2014 წლის 30 აპრილს, ნოტარიუს ე. შ-ან სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა ჟ. ხ-ისათვის გადასაცემად სესხის ძირითადი თანხა _ 10 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს თანხა _ 330 აშშ დოლარი, სულ _ 10 330 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მითითებული თანხის გარდა, ს. ჩ-ემ ჟ. ხ-ს გადასცა ორი თვის პროცენტი _ 800 აშშ დოლარი.
არ იქნა გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ გარდა მითითებული თანხისა, მას ჟ.ხ-ისთვის დამატებით გადაცემული ჰქონდა 400 აშშ დოლარი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხისთვის დამატებით 400 აშშ დოლარის გადახდის მტკიცების ტვირთი, აპელანტს ეკისრებოდა, რომელმაც სადავო გარემოების დამტკიცება სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ შეძლო.
აპელანტი (მოსარჩელე) მოითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებასა და ხელშეკრულების შეწყვეტას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას ჟ.ხ-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი ჰქონდა 730 აშშ დოლარი (400+330) და პირგასამტეხლოს მის მიერ მოთხოვნილ ოდენობამდე შემცირების შემთხვევაში, გადახდილი თანხა საკმარისზე მეტი აღმოჩნდებოდა იმისთვის, რომ ვალდებულება შესრულებულად ყოფილიყო მიჩნეული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შეამციროს პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა, რომლის აუცილებლობას საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 8 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა პირგასამტეხლო 2013 წლის 12 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 აპრილამდე ყოველდღიურად 15 აშშ დოლარის ოდენობით (ძირითადი დავალიანების 0,15%), რაც მთლიანობაში 3 000 აშშ დოლარს შეადგენდა. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასესხო ურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ ბაზარზე თანაბარი მდგომარეობისა და სტატუსის მქონე პირები _ ფიზიკური პირები; ამასთან, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელია პირგასამტეხლო მოჭრილ პერიოდზე; არც მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა (ძირითადი დავალიანების 0,15%) და არც სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა (3000 აშშ დოლარი), ძირითად დავალიანებასთან მიმართებაში არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. გამომდინარე იქიდან, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვალდებულების შეწყვეტილად მიჩნევის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სრულიად არაარგუმენტირებულად არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე. მხარეთა შორის არსებული სესხის სარგებელი შეადგენს 800 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 720 აშშ დოლარს, ამდენად, პალატამ პირგასამტეხლოს სახით 3 000 აშშ დოლარის გადახდა არასწორად მიიჩნია გონივრულად.
პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, არასწორად არ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 10%-მდე, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელეკრულების შეწყვეტილად აღიარება და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. დავის საგანთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 19 ივლისს ს. ჩ-ესა და ჟ. ხ-ს, ნ. ს-ას, მ. მ-ას, ი. მ-სა და ხ.ა-ის შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ს. ჩ-ემ ჟ. ხ-ისაგან ორი თვის ვადით ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის ოდენობით;
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტის თანახმად (ფულის, ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების თაობაზე), ს. ჩ-ემ 2014 წლის 30 აპრილს, ნოტარიუს ე. შ-ან სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა ჟ. ხ-ისათვის გადასაცემად სესხის ძირითადი თანხა _ 10 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს თანხა _ 330 აშშ დოლარი, სულ _ 10 330 აშშ დოლარი. მითითებული თანხების გარდა, ს. ჩ-ემ ჟ. ხ-ს გადასცა ორი თვის პროცენტი _ 800 აშშ დოლარი, რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას დამატებით 400 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე, აღნიშნული გარემოება მხარემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.
ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 8 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა პირგასამტეხლო 2013 წლის 12 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 აპრილამდე ყოველდღიურად 15 აშშ დოლარის ოდენობით (ძირითადი დავალიანების 0,15%), რაც მთლიანობაში 3 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, არ შეამცირა არაგონივრული ოდენობის პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, სასამართლომ შამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, წარმოადგენს საკანონმდებლო წესით განსაზღვრულ გამონაკლისს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, ჩაერიოს უფლებაში და გადაწყვიტოს მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმების მიზანშეწონილობა, თუმცა, ეს უფლება არ არის შეუზღუდავი და იგი მოითხოვს სასამართლოს მიერ გარემოებების ყოველმხრივ, სრულად გამოკვლევას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა როგორც მხარეთა მდგომაროებას, ისე ვალდებულების მოცულობას, დარღვევის ვადას და მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები. ისეთ ვითარებაში კი, როდესაც პირგასამტეხლოს ნაწილში სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარით განსაზღვრული წინაპირობები (ვალდებულების შეწყვეტა), სააპელაციო პალატამ მხარეს ასევე კანონიერად უთხრა უარი ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების მოთხოვნაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ს. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ. ბ-ის მიერ 2015 წლის 25 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 342 ლარის 70% _ 239,4 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ს. ჩ-ეს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ...., მიმღების ანგარიშის №.....0, სახაზინო კოდი .....) დაუბრუნდეს თ. ბ-ის მიერ 2015 წლის 25 მაისს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 342 ლარის 70% _ 239,4 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე