საქმე №ას-416-396-2015 3 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ინდ.მეწარმე ლ.მ., ნ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ნ.ტ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ფ–მა“ მოითხოვა ინდ.მეწარმე ლ.მ–თვის 89 093,75 ლარის დაკისრება;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, ქ.ბათუმში, ...... მდებარე მ. მ–ის უფლებამონაცვლე ნ.მ–ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ფ–მა“, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდ.მეწარმე ლ.მ–ს შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 89 093,75 ლარის გადახდა, აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, განხორციელდა ნ.მ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქ ბათუმში, ...... საკადასტრო კოდით №.......) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 1 ივლისს სს „ნ.ტ–სა“ და ინდ.მეწარმე ლ.მ–ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ინდ.მეწარმე ლ.მ–ს მიენიჭა სს „ნ.ტ–ის“ აგენტისა და მისი სახელით გადახდების მიღების უფლება, კერძოდ, სს „ნ.ტ–ის“ კუთვნილი ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლება, რის შედეგადაც აგენტი, საკუთარი ან იჯარით აღებული გადახდის ტერმინალების საშუალებით, უფლებამოსილი იყო, მიეღო გადახდები სისტემის სახელით და განეხორციელებინა სისტემასთან ანგარიშსწორება. სამაგიეროდ, ინდ.მეწარმე ლ.მ. მიიღებდა განსაზღვრულ საკომისიოს;
5.1.2. სს „ნ.ტ.“ იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მას გააჩნდა საგადახდო ქსელი (საგადახდო პროგრამისა და ტერმინალების სახით) და სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, მომხმარებლისგან იღებდა გადახდებს სხვადასხვა კომპანიების სასარგებლოდ;
5.1.3. 2013 წლის 11 იანვარს სს „ნ.ტ–სა“ და მ.მ–ს (წარმომადგენელი ლ.მ.) შორის გაფორმდა ვალდებულების უზრუნველყოფის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, მ.მ–მ ქალაქ ბათუმში, .... მდებარე საკუთარი უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი №....), იპოთეკით დატვირთა სს „ნ.ტ–სა“ და ინდ.მეწარმე ლ.მ–ს შორის ზემოთ აღნიშნული 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდ.მეწარმე ლ.მ–ის ვალდებულების (11 4640 ლარი) უზრუნველსაყოფად;
5.1.4.2013 წლის 17 იანვარს იპოთეკა აღირიცხა საჯარო რეესტრში;
5.1.5.მოსარჩელის (აპელანტის) ახსნა-განმარტების თანახმად, ვალდებულება წარმოიშვა იმის გამო, რომ ინდ.მეწარმე ლ.მ. შეთანხმებული წესით არ ახორციელებდა სს „ნ.ტ–თან“ (სისტემასთან) ანგარიშსწორებას, მომხმარებლისაგან იღებდა თანხას და, რეალურად, გადახდის ადრესატს (მაგ: მობილური კავშირის ოპერატორს და სხვ.) ამ თანხას არ გადასცემდა, რის გამოც სს „ნ.ტ–ს“ უჩნდებოდა დავალიანება გადახდის ადრესატების მიმართ;
5.1.6. სს „ნ.ტ–მა“ 2014 წლის 25 თებერვალს ინდ.მეწარმე ლ.მ–ის მიმართ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნები დაუთმო შპს „ფ–ს“, რის გამოც, ეს უკანასკნელი საქმეში ჩაბმულ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ;
5.1.7. ქ.ბათუმში, ....... მდებარე უძრავი ნივთი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადავიდა ნ.მ–ის საკუთრებაში, რის შემდეგაც საქმეში მ. მ–ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ნ.მ.
5.1.8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 1 ივლისს დადებული „მომსახურების ხელშეკრულება“ შეიცავდა სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებულ ელემენტებს. ინდ.მეწარმე ლ.მ–მ, გარკვეული გასამრჯელოს („საკომისიო“) გადახდის პირობით, იკისრა ვალდებულება, მიეღო გადახდები (კომუნალური და სხვა დანიშნულების) სხვადასხვა პირებისაგან, ასევე სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების სასარგებლოდ სს „ნ.ტ–ის“ სახელით და მისი ელექტრონული სისტემის გამოყენებით. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები დავობდნენ, შეიძლებოდა თუ არა 2013 წლის 11 იანვრის ხელშეკრულება მიჩნეული ყოფილიყო სს „ნ.ტ–მი“ ინდ.მეწარმე ლ.მ–ის დავალიანების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის თაობაზე, რომ ეს ხელშეკრულება ვერ იქნებოდა მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების ხელშეკრულებად, თუმცა, იგი სავსებით აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 134-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულების მოთხოვნებს: ხელმოწერილი ოყო სს „ნ.ტ–სა“ და მ.მ–ის წარმომადგენელ ლ.მ–ის მიერ, წარმოადგენდა ოფიციალურ საბუთს და მასში მითითებული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება _ ინდ.მეწარმე ლ.მ–ის დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა (11 4640 ლარი). მართალია, გარიგება ხელმოწერილი იყო ფიზიკური პირის _ ლ.მ–ის მიერ, თუმცა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.3 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე, სწორედ ფიზიკურ პირს წარმოადგენს.
5.1.9. მოპასუხე უთითებდა 2013 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების იძულებით დადებაზე, თუმცა, ამ გარემოების დასამტკიცებლად მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც, პალატის შეფასებით, არ იყო საკმარისი, რადგან ეს ახსნა-განმარტება გააქარწყლა მოსარჩელემ საკუთარი ახსნა-განმარტებით, ხოლო რაიმე დამატებითი მტკიცებულება მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ წარუდგენია სასამართლოსათვის.
5.1.10. მოპასუხე ასევე უთითებდა, რომ 2013 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებაში მოხსენებული ნოტარიუსი ნ.რ. არ არსებობს. ეს ხელშეკრულება დამოწმებული იყო საჯარო რეესტრის მიერ და მის საფუძველზე აღირიცხა იპოთეკა. სააპელაციო პალატის დასკვნით, სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლების და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, არსებობდა ამ სანივთო უფლების შესახებ სარეგისტრაციო მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მანამ, სანამ არ დამტკიცდებოდა საწინააღმდეგო. მოპასუხეს კი, მის მიერვე მითითებული გარემოების დასამტკიცებლად, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა (რომელიც ასევე უარყო მოსარჩელემ), რაიმე სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია.
5.1.11. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სარჩელის დაუსაბუთებლობის მოტივად არ მიიჩნია მოპასუხის პრეტენზია, რომ მოთხოვნილი და 2013 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებაში მითითებული თანხები (შესაბამისად - 89 093.75 ლარი და 11 4640 ლარი) განსხვავებული იყო, არსებულზე ნაკლები ოდენობით დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელის უფლებას წარმოადგენდა, ხოლო, ამავე კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას იხილავს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
5.1.12. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით და ვინაიდან ინდ.მეწარმე ლ.მ–ს გააჩნდა ფულადი ვალდებულება სს „ნ.ტ–ის“ მიმართ 89 093.75 ლარის ოდენობით (რომლის გადახდევინების მოთხოვნაც, 2014 წლის 25 თებერვლის მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად გადავიდა შპს „ფ–ზე“), ამ დავალიანების გადახდევინებისათვის იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრეს ინდ.მეწარმე ლ.მ–მ და ნ.მ–მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ისე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ ძირეულად შეცვალა როგორც სარჩელის დავის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძველი, ასევე, სააპელაციო საჩივრის საგანი და მისი მოთხოვნის საფუძველი, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნას ვალის აღიარებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ხოლო მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში შეცვალა მოთხოვნის საფუძველი იმგვარად, რომ მას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა და შეაფასა მხარის ის პოზიცია, რომელიც ქვემდგომ სასამართლოში არ გამოკვლეულა.
6.1.2. სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რადგანაც მოსარჩელის მტკიცება, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმართული იყო 2013 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის აღიარებისაკენ.
6.1.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვალის არსებობის აღიარებას არ ადასტურებდა, ამასთან, უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს გარდა ვალის აღიარებისა, სარჩელში არ მიუთითებია სხვა ფაქტობრივ ფარემოებებზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ კი, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნა.
6.1.4. ურთიერთწინააღმდეგობრივია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები, რამდენადაც მხარეთა შორის არსებული დავის საგანი _ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება არ დასტურდება, შესაბამისად, არც იპოთეკის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნებაა ნამდვილი, რადგანაც მ.მ–ის მიერ ქონების იპოთეკით დატვირთვა ემსახურებოდა ლ.მ–ის ვალდებულების უზრუნველყოფას.
6.1.5. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით უფლება-მოვალეობები წარმოეშვა არა წარმომადგენელ ლ.მ–ს, არამედ მ.მ–ს, თავის მხრივ, ლ.მ., როგორც წარმომადგენელი შეცდომაში იქნა შეყვანილი. აპელანტის მიერ სარჩელზე დართული უზრუნველყოფის ხელშეკრულების სანოტარო აქტი და კასატორების მიერ სასამართლოში წარდგენილი უზრუნველყოფის სადავო სანოტარო აქტი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რასაც სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სადავო ხელშეკრულებთ, აპელანტს საერთოდ არ გააჩნია მოთხოვნის უფლება, რადგან: ა) აღიარებული ვალის უზრუნველსაყოფად იქნა გაფორმებული ხელშეკრულება (რომლის არარსებობის ფაქტს სასამართლოც იზიარებს); ბ) სადავო ხელშეკრულებას არ ერთვის მარწმუნებელ მ.მ–ის მიერ ლ.მ–ზე გაცემული რწმუნებულების უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარი აქტი. ასეთი აქტი ნოტარიუს ნ.რ–ის მიერ არასოდეს გაცემულა და ასეთი ნოტარიუსი არც არსებობს; გ) საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ვალდებულების უზრუნველყოფის იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო აქტით არ დგინდება ამ აქტის ამოქმედების დაწყების ვადები, შესასრულებელი დათქმები და შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის პირობები.
6.1.6. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით იმის მტკიცება, რომ იგი ინდ.მეწარმე ლ.მ–ს უფლებას აძლევდა გადახდები მიეღო საავანსო თანხების გარეშე, რის შემდეგაც კასატორი გადახდებს სწორედ ამ გზით იღებდა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. მოსარჩელის ახსნა-განმარტებას არ შეუძლია შეცვალოს სახელშეკრულებო ურთიერთობით დადგენილი წერილობითი შეთანხმების ფორმა, რომელიც სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ინდ.მეწარმე ლ.მ–სა და მ.მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ემყარება იმ დასკვნებს, რომ მოპასუხე ინდ.მეწარმე ლ.მ–ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება და ეს ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. თავის მხრივ, სასამართლომ იპოთეკის ხელშეკრულება არა ვალის არსებობის აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად, არამედ, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ წერილობით მტკიცებულებად მიიჩნია, რომელიც შეიცავდა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, პალატამ შპს „ფ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულად ჩათვალა, რის გამოც არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
1.3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც იხელმძღვანელა შეცვლილი დავის საგნით, ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოტყუებით დადებულ გარიგებას, ამასთანავე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულება განსხვავდება სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც სახეზე არ იყო ვალის არსებობის აღიარების ფაქტი, სასამართლოს უნდა გაეთავლისწინებინა, რომ არც იპოთეკის ხელშეკრულებაში გამოხატული ნებაა ნამდვილი.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება და ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით მან წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოსარჩელესა და მესამე პირს _ მ.მ–ს შორის. მითითებული მტკიცებულების შესწავლით ირკვევა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელესა და ინდ.მეწარმე ლ.მ–ს შორის 2012 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებულება, რომელიც, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, 114 640 ლარს შეადგენდა. თავის მხრივ, მესაკუთრე წარმოდგენილი იყო ლ.მ–ის მიერ.
1.6. რაც შეეხება მხარეთა მტკიცებას, იპოთეკის ხელშეკრულების მოტყუებით დადების თაობაზე, პალატა, დაუსაბუთებლობის მოტივით აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას ამ სანივთო გარიგებას მოპასუხე მხარე იძულებით დადებულ გარიგებად მიიჩნევდა, საკასაციო სასამართლოში კი, მიუთითა რომ იგი მოტყუებით იქნა დადებული, ეს გარემოება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, თუმცა საპირისპირო ვითარების არსებობის შემთხვევაშიც კი, კასატორთა პოზიციას სასამართლო მაინც ვერ დაეთანხმებოდა, რამდენადაც ცნება „მოტყუებით დადებული გარიგება“ სამართლის საკითხია და იგი მხარის მიერ მითითებული გარემოებებისა თუ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასებას უნდა დაემყაროს. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევისათვის მხარე უნდა მიუთითებდეს იმგვარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე, რომლებიც სადავოდ გამხდარ გარიგებაში გადმოცემული ნების ბათილობას გამოიწვევდა, ამგვარი გარემოებების არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
1.7. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განთვალისწინებულ ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი გარიგებაა და სწორედ ამის გამო წარმოშობს დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლებას. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებას, იგი სრულად შეესაბამება წერილობითი მტკიცებულებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით წაყენებულ მოთხოვნებს.
1.8. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იპოთეკის ხელშეკრულების არასწორად შეფასების თაობაზე, რამდენადაც ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილია როგორც კრედიტორსა და მესამე პირს შორის მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო გარიგების დადების ფაქტი, ისე ამ გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც სამოქალაქო კოდექსის 289-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით გათვალისწინებულ იურიდიული შედეგის დადგომას იწვევს, შესაბამისად, ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მირ, მით უფრო, რომ კასატორებს სანივთო შეთანხმების არსებობა და მის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სადავოდ არ გაუხდიათ.
1.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ინდ.მეწარმე ლ.მ–სა და ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში დადგენილია საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში დატოვების აუცილებლობა. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინებით გათვალისწინებულ იქნა კასატორების შუამდგომლობა, ქონებრივი მდგომაროების გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადავადებული ბაჟის _ 4 454,68 ლარის 30%-ის _ 1 336,404 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ.მეწარმე ლ.მ–სა და ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ინდ.მეწარმე ლ.მ–სა (პ/№....) და ნ.მ–ს (პ/№....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 4 454,68 ლარის 30%-ის _ 1 336,404 ლარის გადახდა.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე