Facebook Twitter

№ას-433-412-2015 27 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. გ-ემ სარჩელი აღძრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით ქ. ქუთაისის ვიცე მერის ი. ჯ-ას დავალებით შეასრულა ქ. ქუთაისში ... საჯარო სკოლის საცურაო აუზის გასახდელების შენობის სარემონტო სამუშაოები, ღირებული 25629.75 ლარად. აღნიშნული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით ირიცხება სახელმწიფო საკუთრებად, თუმცა გაწეული ხარჯი მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია მისთვის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე არ დგინდება სარემონტო სამუშაოების გაწევის ფაქტი, არ იკვეთება რამდენად გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება 2012 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისის თვის ჩათვლით და სახელმწიფო იღებს თუ არა ამ გზით რაიმე შემოსავალს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 17656.30 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. გ-ის წარმომადგნელის გ. ჭ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა: სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაინიშნა 2015 წლის 21 იანვარს 12 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით - აპელანტი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მ. ტ-ს ტელეფონის მეშვეობით, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - სასამართლო უწყების მეშვეობით.

დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 21 იანვრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი მ. ტ-ი, რომელსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე სასამართლოსათვის არ უცნობია. მას არც რაიმე შუამდგომლობა წარმოუდგენია სხდომის გადადების თაობაზე.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის, თ. გ-ის წარმომადგენელმა გ. ჭ-ემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მოსაზრება, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მ. ტ-ს 2014 წლის 29 დეკემბერს, 15 საათზე ტელეფონის მეშვეობით ეცნობა 2015 წლის 21 იანვარს 12 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ, ასევე განემარტა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. დადგენილია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნა აპელანტის წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. საპატიო მიზეზად საჩივრის ავტორმა მიუთითა წარმომადგენლის გათავისუფლება თანამდებობიდან, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როდესაც სასამართლო ვალდებულია, მხარის გამოუცხადებლობა ჩათვალოს საპატიოდ.

ის გარემოება, რომ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2015 წლის 8 იანვრის №..... ბრძანებით სააგენტოს წარმომადგენელი, მ. ტ-ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვერ მიიჩნევა მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. პალატამ აღნიშნა, რომ 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 8 იანვრამდე მ. ტ-ს ჰქონდა შესაძლებლობა და დრო ეცნობებინა მისი მარწმუნებელი სააგენტოსათვის პროცესის დღის დანიშვნის შესახებ, რათა სააგენტოს ჰქონოდა იმის შესაძლებლობა სხვა თანამშრომელი გამოეშვა პროცესზე. შესაბამისად, თუკი მან მარწმუნებელ ორგანიზაციას არ აცნობა პროცესის შესახებ, ეს გარემოება ვერ მიიჩნეოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

ამასთან, პალატამ დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო არაა ვალდებული სააგენტოში მიმდინარე საშტატო ცვლილებს ადევნოს თვალყური.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრება, რომ რადგან სააგენტომ გაასაჩივრა გადაწყვეტილება ეს მიუთითებდა დავის მიმართ მისი იურიდიული ინტერესის არსებობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრება არ მიუთითებს დავის მიმართ ინტერესის არსებობაზე. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურებს პროცესის ჩანიშვნასთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რისი დაცვაც მხარებს ევალებათ. შესაბამისად, მხარე საპროცესო კანონმდებლობით ვალდებულია პროცესზე გამოცხადდეს, მისცეს სასამართლოს ახსნა-განმარტება და ა.შ. ხოლო თუკი ვერ ცხადდება, აცნობოს ამის შესახებ სასამართლოს, რაც მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 21 იანვარს გამართულ მთავარ სხდომაზე არ მომხდარა. ამდენად, მხოლოდ მითითება, რომ გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სახეზეა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები კი (მ. ტ-ის სამსახურიდან გათავისუფლება და დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა), არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებას. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, როგორც პირველმა, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე და 979-ე მუხლები, არ გაითვალისწინა რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რის გამოც წინამდებარე დავა უნდა მოწესრიგებულიყო ვალდებულებითი სამართლისა და ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი ნორმებით.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო არსებობდა სააპელაციო საჩივარზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. რადგან აპელანტ მხარეს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლო ვალდებული იყო გადაემოწმებინა ხომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან სხვა ისეთი საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ასეთი ობიექტური მიზეზი კი ნამდვილად გააჩნდა სააგენტოს - თანამშრომელი, რომელიც სატელეფონო შეტყობინებით იქნა ინფორმირებული სასამართლოს მიერ, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ სააგენტოსთვის არ უცნობებია სასამართლოში მიმდინარე დავის თაობაზე სასამართლო სხდომის თარიღი.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაბამისი ეტაპიდან საქმის განხილვის შესაძლებლობას ითვალისწინებს შემთხვევა, როდესაც საჩივრის განხილვის დროს დადგინდება, რომ მოთხონის დაკმაყოფილება იურიდიული თვალსაზრისით არ იყო გამართლებული.

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე სააგენტოს მიერ არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა თ. გ-ის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დამტკიცებულად ჩათვლიდა, აპელანტ მხარეს გააჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ ქუთაისის მერიასა და თ. გ-ეს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც განხორციელდა ქუთაისის მე-... საჯარო სკოლის საცურაო აუზის გასახდელების შენობის სარემონტო სამუშაოები, ქონების მესაკუთრის თანხმობისა და ამ უკანასკნელის მხრიდან დავალების, ან სხვა სახელშეკრულებო თუ კანონისმიერი საფუძვლის არსებობის გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამასთანავე, ვინაიდან კანონი არ მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებისათვის წერილობითი ფორმას, ეს ხელშეკრულება შეიძლება, დაიდოს ზეპირადაც.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე სასამართლომ ცალსახად დაადგინა თ. გ-ის მიერ ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის მიერ განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ფაქტი (თ. გ-ეს მიმოწერა ჰქონდა ქ. ქუთაისის მერთან, სარემონტო სამუშაოებს ზედამხედველობდა მერიის სამსახურის არქიტექტურის სამსახური, სამუშაოების დასრულების შემდეგ თ. გ-ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა ქ. ქუთაისის მერს და წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2012 წლი 13 ივლისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, შემდგომი რეაგირებისათვის) ვალდებულება მენარდისათვის გაწეული სარემონტო ხარჯის ანაზღაურებისა, ორივე ინსტანციის სასამართლომ რატომღაც შემკვეთის ნაცვლად, უსაფუძვლოდ გამდიდრების ნორმებზე აპელირებით სწორედ სააგენტოს დააკისრა, რაც კასატორის აზრით, პირდაპირ ეწინააღმდგება როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ ნორმათა მოთხოვნებს, ასევე სამოქალქო კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესს, რომლის თანახმადაც, მესამე პირის სასარგებლოდ დადებულად ჩაითვლება ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ხელშეკრულების მონაწილე. ამ ჯგუფის ხელშეკრულებათა დამახასიათებელი თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირს უფლებები წარმოეშობა მისი აქტიური მონაწილეობისა და დაინტერესების გარეშე და დაუშვებელია ხელშეკრულება დაიდოს მესამე პირის საზიანოდ. ამასთანავე, ხელშეკრულების მხარეებს არა აქვთ უფლება დადონ ისეთი შეთანხმება, რომელიც რაიმე ვალდებულებას დააკისრებს მესამე პირს ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც 2015 წლის 11 მარტის განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება და საკასაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 21 იანვარს, 12:00 საათზე (იხ. ს.ფ. 143-144).

სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მ. ტ-ს უწყება ჩაბარდა ტელეფონის მეშვეობით 2014 წლის 29 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 145), ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს, თ. გ-ეს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2014 წლის 30 დეკემბერს.

2015 წლის 21 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.

საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა.

როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ისე საკასაციო საჩივრის შესწავლით უდავოდ დასტურდება, რომ მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, მხარე მიიჩნევს შემდეგს:

,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” 2015 წლის 8 იანვრის №..... ბრძანებით სააგენტოს წარმომადგენელი, მ. ტ-ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ სააგენტოსთვის არ უცნობებია სასამართლოში მიმდინარე დავის თაობაზე სასამართლო სხდომის თარიღი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლის მ. ტ-ის თანამდებობიდან განთავისუფლება და ის გარემოება, რომ მას სააგენტოსთვის არ უცნობებია სასამართლოში მიმდინარე დავის თაობაზე, ვერ მიიჩნევა ორგანიზაციის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საკმარის საფუძვლად.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს ორგანიზაციის თანამშრომელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ აღნიშნული თანამშრომლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური (საპატიო) მიზეზებით, აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ საკუთარი უფლებების სხვა თანამშრომლის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს, თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა განეხორციელებინა კონტროლი გათავისუფლებული თანამშრომლის გამგებლობაში არსებულ საქმეებზე და აღნიშნული პირი ჩაენაცვლებინა სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლით.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ აპელანტის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა თ. გ-ის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება იურიდიული თვალსაზრისით არ იყო გამართლებული.

პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც არეგულირებს აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (სააპელაციო მოპასუხე), მაგრამ არ გამოცხადდა აპელანტი (სააპელაციო მოსარჩელე), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად არსებობისას: პირველი - აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (სააპელაციო მოპასუხემ) უნდა იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მეორე - არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ასევე არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

ზემოაღნიშნული გარემოება, შესაძლებელია ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებოდა აპელანტი და არ გამოცხადდებოდა მისი მოწინააღმდეგე მხარე. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას (სსკ-ის 387.2-ე და 230-ე მუხლები). იმ შემთხვევაში კი, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება თავად აპელანტი, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არც მთლიანად საქმეს სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და არა საქმის მასალების მიხედვით.

ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. შესაბამისად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე