Facebook Twitter

საქმე №330210014428216 28 ივლისი, 2015 წელი

№ას-438-417-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. პ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ს-ემ მოპასუხე ნ. პ-ას მიმართ და მოითხოვა:

მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დავალიანების – 19864 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 16000 აშშ დოლარს, საპროცენტო დავალიანება – 2400 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო – 1464 აშშ დოლარს შეადგენდა.

თბილისისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. ნ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ნ. პ-ას ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 18535 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა 16000 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 2400 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო 135 აშშ დოლარს შეადგენდა;

3. ნ. პ-ას ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით 16000 აშშ დოლარის 0.05%-ის გადახდა;

4. ნ. პ-ას ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით 16000 აშშ დოლარის 1.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად 240 აშშ დოლარს შეადგენდა;

5. დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ნ. პ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება: ქ.თბილისში, ე-ს ქ.№--ის მე-4 კორპუსში მდებარე №21 ბინა;

6. ნ. ს-ის მოთხოვნა 2013 წლის 11 აგვიტოდან 2014 წლის 11 თებერვლამდე პირგასამტეხლოს სახით 1329 აშშ დოლარის ნ. პ-ასათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

7. ნ. პ-ას ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 381.58 ლარის ანაზღაურება;

8. ნ. ს-ეს დაუბრუნდა მის მიერ 2014 წლის 10 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1498 ლარის ნაწილი 1047.05 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით:

1. ნ. პ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 11680 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 135 აშშ დოლარის გადახდა;

4. მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ნ. ს-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 11680.00 აშშ დოლარის 0.05%-ის გადახდა 2014 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

5. მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 175.20 აშშ დოლარის ოდენობით 2014 წლის 11 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

6. ნ. ს-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 268.80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 11 მაისს, ერთი მხრივ, ნ. პ-ასა და, მეორე მხრივ, ნ. ს-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, „გამსესხებელმა" ნ. ს-ემ ნ. პ-ას („მსესხებელს") 6 თვის ვადით ასესხა 16000 აშშ დოლარი თვეში 3% სარგებლის გადახდის პირობით. პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ძირითადი თანხის 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. პ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ე-ს ქ.№--ის მე-4 კორპუსში მდებარე №21 ბინა, ფართით – 32.55კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ გადასახდელი ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 480 აშშ დოლარს (16000-ის 3%).

მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კერძოდ, 2012 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, ნ. პ-ას სრულად აქვს გადახდილი 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიწინებული 6 თვის სარგებელი.

მხარეები სადავოდ არც იმ გარემოებას ხდიან, რომ მოპასუხის (აპელანტის) მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში გადახდილია 15 თვის პროცენტის შესატყვისი თანხა, კერძოდ, 6 თვის პროცენტის შესატყვისი თანხა - 2012 წლის 11 მაისიდან – 2012 წლის 11 ნოემბრამდე, ხოლო, 9 თვის პროცენტის შესატყვისი თანხა – 2012 წლის 11 ნოემბრიდან – 2013 წლის 11 აგვისტომდე.

მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის დავას იწვევს საკითხი იმის შესახებ, მოხდა თუ არა 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ (2012 წლის 11 ნოემბერი), მხარეთა შეთანხმებით, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება და აქედან გამომდინარე, აპელანტის მიერ 2012 წლის 11 ნოემბრის შემდეგ გადახდილი 9 თვის პროცენტის ეკვივალენტი თანხა (480x9) 4320 აშშ დოლარი, უნდა ჩაითვალოს ყოველთვიური სარგებლის კომპონენტში თუ ძირი თანხის ნაწილობრივ დასაფარად გადახდილ თანხად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი 2012 წლის 11 მაისს, ერთი მხრივ, ნ. პ-ასა და, მეორე მხრივ, ნ. ს-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაგრძელებას, დადებით შემთხვევაში რა პირობებით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

უწინარესად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელის (ნ. ს-ის) მითითებით, ხელშეკრულების ვადა წერილობით გაგრძელებული არ ყოფილა და მოპასუხის ასეთი ნება ზეპირი ფორმით გამოვლინდა. უფრო მეტიც, 2014 წლის 12 მარტს სასამართლოში შეტანილ წერილობით შუამდგომლობაში მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ მოპასუხემ 2012 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელეს სესხის ძირი თანხა არ დაუბრუნა და არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არ ისურვა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე–2 მუხლზე („სესხის დაბრუნების ვადა"), კერძოდ, მის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მსესხებელი უფლებამოსილია სესხი დააბრუნოს ვადაზე ადრე გამსესხებლის თანხმობით. მხარეები ასევე უფლებამოსილი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა და სავალდებულოა აღნიშნული შეთანხმება სანოტარო წესით გაფორმდეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. ამავე ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ ფაქტზეც მიაქცია, რომ სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლის პირველი ნაწილი ისეთი სანივთო უფლების ნამდვილობისთვის, როგორიც იპოთეკაა, სწორედ სავალდებულო წერილობით ფორმას და გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმებას კანონით დადგენილი წესით ითვალისწინებს.

საქმეში არსებული 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ანალიზით ცხადი გახდა, რომ მხარეებმა ამ გარიგების დადების ნება წერილობით გააფორმეს და გარიგების ნამდვილობა სანოტარო წესით დაამოწმეს. ამასთან, ისინი შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაც იმავე ფორმით მოხდებოდა. მოცემულ საქმეზე წარდგენილი არ იყო მხარეთა მიერ წერილობითი სახით შედგენილი და სანოტარო წესით დადასტურებული შეთანხმება 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადის იგივე პირობებით გარძელების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულების უვადოდ გაგრძელებაზე იგივე პირობებით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების არსებობა არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო ნ. პ-ას შესაგებლეში მითითებული გარემოებით, რომ მას 6 თვის პროცენტის ნაცვლად, ასევე, გადახდილი ჰქონდა 10 თვის პროცენტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მოპასუხის შესაგებლის ერთიანობაში შეფასება, რა დროსაც ცხადი ხდებოდა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით, ხელშეკრულება არ გაგრძელებულა, რის გამოც 6 თვის შემდეგ პროცენტის სახით გადახდილი თანხები ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებად უნდა მიჩნეულიყო.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ამ საკითხთან დაკავშირებით (ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება) ვერც საქმეში განთავსებული ხელწერილი ვერ ადასტურებდა. როგორც ზემოთაც აღინიშნა, 2012 წლის 11 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიწინებული 6 თვის სარგებელის გადახდის გარდა, დგინდებოდა ნ. პ-ას მიერ ნ. ს-ისათვის 4320 აშშ დოლარის (480x9) გადახდის ფაქტიც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხა – 16000 აშშ დოლარი 11680 აშშ დოლარამდე (16000-4320=11680-ს) უნდა შემცირებულიყო.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით დაიდო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მსესხებელ ნ. პ-ას მიერ ამ ვადის შემდეგ განხორციელებული გადახდები ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებად უნდა ჩათვლილიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. პ-ას მიერ ნ. ს-ისათვის გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა 11680 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. პ-ას ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 135 აშშ დოლარის ოდენობით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 11 თებერვლიდან (სარჩელის წარდგენის დღე) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პირგასამტეხლოს ნაწილში აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა ამ კომპონენტის გაანგარიშება შემცირებული ძირითადი დავალიანების თანხიდან, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენდა 11090 აშშ დოლარს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლომ არსებითად გაიზიარა აპელანტის ეს პრეტენზია, თუმცა მიიჩნია, რომ ძირითადი თანხის ასანაზღაურებელი ოდენობა 11680 აშშ დოლარს შეადგენდა და მოპასუხე ნ. პ-ას მოსარჩელე ნ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის – 11680 აშშ დოლარის 0.05%-ის გადახდა 2014 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

რაც შეეხებოდა აპელანტის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იგი იმაში გამოიხატა, რომ, აპელანტის მოსაზრებით, დაუშვებელია ზიანის (მიუღებელი შემოსავლის სახით) ანაზღაურების დაკისრებასთან ერთად, პირგასამტეხლოს დაკისრებაც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში; კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს ზიანის ანაზღღაურების მოთხოვნის უფლებას პირგასამტეხლოსთან ერთად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ის პრეტენზია, რომ მისთვის პირგასამტეხლოსთან ერთად მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრება მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას იწვევს.

მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული ზიანის ყოველთვიურ ოდენობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადი თანხის დასაკისრებელი ოდენობის შემცირების კვალობაზე (16000 აშშ დოლარიდან მცირდებოდა 11680 აშშ დოლარამდე), ეს კომპონენტიც უნდა შემცირებულიყო 240 აშშ დოლარიდან (16000-ის 1.5%) 175.20 აშშ დოლარამდ (11 680-ის 1.5%).

ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა მომხდარიყო 2014 წლის 11 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვდა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-ამ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ პუნქტების გაუქმებას, რომლებითაც მას ძირითადი თანხის სახით 11680 აშშ დოლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 175.20 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა და ძირითად თანხად 11200 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით ასანაზღაურებელ თანხად კი, 87 აშშ დოლარისა და 60 თეთრი განისაზღვროს.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ხელწერილი, საიდანაც ჩანს, რომ კასატორს გადახდილი აქვს 10 თვის და არა 9 თვის პროცენტი როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ნ. პ-ას ზედმეტად 480 აშშ დოლარი დააკისრა.

კაბალურია სასამართლოს მიერ ნ. პ-ასათვის მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად თვეში 1.5%-ის დაკისრება. ამ შემთხვევაში, გონივრული იქნებოდა, თუკი მხარეს ნახევარი, ანუ თვეში 0.75% დაეკისრებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ხელწერილი, საიდანაც ჩანს, რომ კასატორს გადახდილი აქვს 10 თვის და არა 9 თვის პროცენტი, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ნ. პ-ას ზედმეტად 480 აშშ დოლარი დააკისრა.

საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს 2012 წლის 11 ნოემბრიდან – 2013 წლის 11 აგვისტომდე მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 9 თვის პროცენტი - 4320 აშშ დოლარი. ამ თანხაში შედის აგვისტოს სარგებელიც, რაც აღნიშნულია ხელწერილში.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პრეტენზიას მიუღებელი შემოსავლის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას არანაირი დასაბუთება არ წარმოუდგენია, თუ რატომ უნდა შემცირდეს ზიანის ოდენობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. პ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი