საქმე №330210014419173 28 ივლისი, 2015 წელი
№ას-442-421-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ი. მ-ა, ამხანაგობა „გ. 2“
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ფ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. ფ-მა მოპასუხეების – ბმა „გ. 2-ისა“ და ი. მ-ას მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის“ 2013 წლის 2 ივლისის №8 კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ი. მ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, გ-ს ხ-ს მე-7 კორპუსში მდებარე 1.41კვ.მ სათავსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. დ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ბათილად იქნა ცნობილი ბმა „გ. 2-ის“ 2013 წლის 2 ივლისის №8 კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც ი. მ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, გ-ს ხ-ს მე-7 კორპუსში მდებარე 1.41კვ.მ ფართის მქონე სათავსი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ისა“ და ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის" 2013 წლის 2 ივლისის N8 კრების ოქმის საფუძველზე ი. მ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება – თბილისში, გ-ს ხ-ს N7 კორპუსში მდებარე 1.41კვ.მ სათავსი (საკადასტრო კოდი: ...).
სადავო სათავსი არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მფლობელობაში არსებული საგანი.
მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2"-ის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით დადგინდა, რომ 2013 წლის 2 ივლისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება საერთო მფლობელობაში არსებული სადავო სათავსის 1.41 კვ.მ-ის ი. მ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხის განსახილველად არ ჩატარებულა.
მოწინააღმდეგე მხარე დ. ფ-ი, რომელიც სადავო სათავსით სარგებლობდა, ი. მ-ას საკუთრებაში სათავსის 1.41კვ.მ-ის გადაცემის თაობაზე საკითხის განსახილველად კრების ჩატარების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
საქმეზე წარდგენილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის" 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სადავო სათავსის ი. მ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომელზეც მხარეთა-ახსნა განმარტების თანახმად, ხელმოწერები კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით შესრულდა. ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილების საფუძველზე ი. მ-ას სახელზე სადავო სათავსის რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა არ განახორციელა და ამხანაგობამ უკან გამოითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ასეთი საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში პირი ხდება ამხანაგობის წევრი და შესაბამისად, აქვს ხმის უფლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით განსხვავებული კვორუმი არ განისაზღვრება. მრავალბინიანი სახლის სადავო სათავსი არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მფლობელობაში არსებული საგანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლით დადგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვ-ს წესი. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევასა და ჩატარებაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მოცემულ შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ს" წესდება არ მიუღია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მასზე უნდა გავრცელდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი. ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრების მოწვ-ს შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.
საქმეზე დადგინდა, რომ საერთო სარგებლობაში არსებული სადავო სათავსის ი. მ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის" 2013 წლის 2 ივლისის N8 კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა კრების თავმჯდომარე ნ. ე-ი.
მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის" თავმჯდომარე ნ. ხ-ის წერილობითი განმარტებით დადგინდა, რომ საერთო მფლობელობაში არსებული სადავო 1.41კვ.მ სათავსის ი. მ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას 2013 წლის 2 ივლისს კრება არ ჩაუტარებია. ამასთან, დადგინდა, რომ მოწინაარმდეგე მხარე დ. ფ-ი, რომელიც სადავო სათავსით სარგებლობდა, ი. მ-ას საკუთრებაში სათავსის 1.41კვ.მ-ის გადაცემის შესახებ საკითხის განსახილველად კრების ჩატარების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი გარემოება ცხადყოფდა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული კრების მოწვევის, ჩატარების და ხმის მიცემის წესი.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მეხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის’’ 2013 წლის 2 ივლისის №8 კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან ოქმის მიღება ეწინააღმდეგებოდა მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსის საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონით დადგენილ წესს.
რაც შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის" 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იგი სადავო სათავსის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლო მითითებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვერ იმსჯელებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. მ-ამ და ამხანაგობა „გ. 2-ის“ თავმჯდომარე ნ. ხ-მა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
2013 წლის 26 მარტის კრების ოქმის საფუძველზე ი. მ-ამ 2 ივლისის კრების ოქმით ზემოხსენებული ფართი თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღირიცხა. 2013 წლის მარტში ჩატარდა კრება, სადაც ბმა-ს წევრებმა ფაქტობრივად ფართის სარგებლობა დაადასტურეს, აქედან 3 თვეში ი. მ-ამ საჯარო რეესტრს მიმართა, რა დროსაც კრების ოქმი გამოითხოვა და განაცხადი დაარეგისტრირა, თარიღად 2 ივლისი მიუთითა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დარღვეულია 2 ივლისის კრების მოწვ-ს ჩატარების და ხმის მიცემის წესი. კასატორების მითითებით, 2 ივლისს კრება არ ჩატარებულა, ეს თარიღი იმიტომ მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრში ოქმი 2 ივლისს ჩააბარეს;
დ. ფ-ს წყლის გამათბობელი აქვს დამონტაჟებული იმ ფართში, რომლის მართლზომიერი მფლობელიც ი. მ-აა, ეს ფართი კასატორს ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. დ. ფ-მა პროცესზე განაცხადა, რომ იგი მისთვის განკუთვნილი ფართით სარგებლობს და სადავო ფართი დამატებით გააჩნია, არადა დამატებითი ფართი მას ფიზიკურად ვერ ექნება, რადგან მის იდეალურ წილზე მეტს ითხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ასა და ამხანაგობა „გ. 2-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვ-თ, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაებათილებინა სადავო კრების ოქმი, რადგან 2013 წლის 26 მარტის კრების ოქმის საფუძველზე ი. მ-ამ 2013 წლის 2 ივლისის კრების ოქმით სადავო ფართი თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღირიცხა. 2013 წლის მარტში ჩატარდა კრება, სადაც ბმა-ს წევრებმა ფაქტობრივად ფართის სარგებლობა დაადასტურეს, აქედან 3 თვეში ი. მ-ამ საჯარო რეესტრს მიმართა, რა დროსაც კრების ოქმი გამოითხოვა და განაცხადი დაარეგისტრირა, თარიღად 2 ივლისი მიუთითა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დარღვეულია 2 ივლისის კრების მოწვ-ს ჩატარების და ხმის მიცემის წესი. კასატორების მითითებით, 2 ივლისს კრება არ ჩატარებულა, ეს თარიღი იმიტომ მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრში ოქმი 2 ივლისს ჩააბარეს.
საკასაციო სასამართლო კასატორების ზემოხსენებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2-ის" 2013 წლის 2 ივლისის N8 კრების ოქმის საფუძველზე ი. მ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება – თბილისში, გ-ს ხ-ს N7 კორპუსში მდებარე 1.41კვ.მ სათავსი (საკადასტრო კოდი: ...);
სადავო სათავსი არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მფლობელობაში არსებული საგანი;
მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ. 2"-ის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით დადგინდა, რომ 2013 წლის 2 ივლისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება საერთო მფლობელობაში არსებული სადავო სათავსის 1.41 კვ.მ-ის ი. მ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხის განსახილველად არ ჩატარებულა;
მოწინააღმდეგე მხარე დ. ფ-ი, რომელიც სადავო სათავსით სარგებლობდა, ი. მ-ას საკუთრებაში სათავსის 1.41კვ.მ-ის გადაცემის თაობაზე საკითხის განსახილველად კრების ჩატარების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პარეტენზია არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ასეთი საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში პირი ხდება ამხანაგობის წევრი და შესაბამისად, აქვს ხმის უფლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით განსხვავებული კვორუმი არ განისაზღვრება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 2 ივლისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება საერთო მფლობელობაში არსებული სადავო სათავსის 1.41 კვ.მ-ის ი. მ-ას ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ ჩატარებულა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ეს ოქმი ბათილად.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორები თავადაც არ ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 2 ივლისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება არ ჩატარებულა. კასატორების განმარტებით, კრება ჩატარდა 2013 წლის 26 მარტს. კრების თარიღად 2 ივლისი იმიტომ მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრში ოქმი 2 ივლისს ჩააბარეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოა არა 2013 წლის 26 მარტის, არამედ 2013 წლის 2 ივლისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერება, ვინაიდან სწორედ ეს ოქმი დაედო საფუძვლად მოპასუხე ი. მ-ას სახელზე სადავო სათავსის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. მ-ასა და ამხანაგობა „გ. 2-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. რ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ასა და ამხანაგობა „გ. 2-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს – ი. მ-ასა და ამხანაგობა „გ. 2-ს“ დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. რ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის, საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი – 2015 წლის 17 აპრილი) 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი