Facebook Twitter

საქმე №010210014455758 28 ივლისი, 2015 წელი

№ას-446-425-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ტ-ე (წარმომადგენელი კ. ჯ-ა)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ტ-ე, ნ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ტ-ის სარჩელი მოპასუხეების – ნ. ტ-ისა და ნ. ჩ-ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ, 2015 წლის 27 მარტის 12.00 საათის სხდომაზე აპელანტი (რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული) არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

გასაჩივრებული განჩინება დაფუძნებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ტ-ემ.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ, 2015 წლის 27 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა აპელანტის წარმომადგენლის - კ. ჯ-ას დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, კ. ჯ-ა ქუთაისში 12.00 საათზე დანიშნულ სხდომას ვერ დაესწრებოდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კ. ჯ-ა 2015 წლის 27 მარტს 14.00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 აპრილს გაცემული ცნობით, რომელიც კერძო საჩივარს თან ერთვის;

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზი არ დადასტურებულა, რადგან აპელანტის წარმომადგენელმა, ფოსტის მეშვეობით, სასამართლო სხდომის წინა დღეს – 2015 წლის 26 მარტს გააგზავნა განცხადება საქმის განმხილველი მოსამართლის სახელზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 27 მარტს 12.00 საათამდე მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

გასაჩივრებული განჩინებით ა. ტ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 27 მარტს 12.00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი აქტით – ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ, დასტურდება, რომ ა. ტ-ეს ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე (ს.ფ. 175).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის – კ. ჯ-ას გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2015 წლის 27 მარტს ეს უკანასკნელი მონაწილეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რის გამოც იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამავე დღეს 12.00 საათზე დანიშნულ სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება შესაძლებელია მივიჩნიოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საპატიო მიზეზის არსებობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპატიო მიზეზის თაობაზე მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მან დროულად აცნობა სასამართლოს საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მისი განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა და მოსამართლის თანაშემწეს გადაეცა 2015 წლის 27 მარტს 14:00 საათზე, ანუ სხდომის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ (იხ. ს.ფ. 183). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ აცნობა აპელანტმა (ან მისმა წარმომადგენელმა) დროულად სასამართლოს საპატიო მიზეზის თაობაზე. საგულისხმოა, რომ აპელანტმა ერთი თვით ადრე იცოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 27 მარტს 12:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე (იხ. ს.ფ. 175). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ აპელანტის წარმომადგენელს ამ ერთი თვის მანძილზე ეცნობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვა საქმეზე სხდომის დანიშვნის თაობაზე, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ მას მოეთხოვა საქმის განხილვის გადადება სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან მას უკვე ჩაბარებული ჰქონდა უწყება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე. თუ განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო, აპელანტის წარმომადგენელი მაინც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, ცხადია, მას აღნიშნულის შესახებ დროულად უნდა ეცნობებინა სააპელაციო სასამართლოსათვის, ურო მეტიც, მას განცხადებაშიც უნდა მიეთითებინა ამ განსაკუთრებული მიზეზის თაობაზე. როგორც აღინიშნა, არათუ განცხადება, კერძო საჩივარიც კი არ შეიცავს დასაბუთებას ამ თვალსაზრისით. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმის განხილვა ორჯერ გადაიდო და ორივეჯერ აპელანტის მიზეზით, მათ შორის, ერთხელ იმის გამო, რომ აპელანტის წარმომადგენელს სხვა საქმეზე დანიშნულ სხდომაში უწევდა მონაწილეობის მიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი