საქმე №ას-466-445-2015 15 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ლ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ.-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ.-ას მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე უძრავი ქონების მოპასუხე ნ. ლ.-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრე მ. ლ.-ასათვის გადაცემა.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში (ს/კ:..) მდებარე საჯარო რეესტრში მ. ლ.-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე და საშუალებას არ აძლევს მოსარჩელეს ისარგებლოს თავისი საკუთრებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში (ს/კ:..) მდებარე უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მ. ლ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, მ.-ის ქუჩა #57-ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ:.. (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 დეკემბრის დასკვნის დანართი ნახაზის მიხედვით: N1 ოთახი - 13,09 კვ.მ; N2 ოთახი - 12,72 კვ.მ; N3 ოთახი - 8,82 კვ.მ; N4 ოთახი - 9,08 კვ.მ; N5 ოთახი - 2,40 კვ.მ; N6 ოთახი - 3,58 კვ.მ და სარდაფი - 6,10 კვ.მ) გამოთხოვილ იქნა ნ. ლ.-ას უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ. ლ.-ას.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ.-ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 მარტის განჩინებით ნ. ლ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია და საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე 40კვ.მ ფართზე (შენობა-ნაგებობა N1) (ს/კ:...) რეგისტრირებული იყო მ. ლ.-ას საკუთრების უფლება, რომლის საფუძველს წარმოადგენდა: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა N2-177, დამოწმების თარიღი: 17.11.1999, საკუთრების უფლების მოწმობა N..., დამოწმების თარიღი 17.11.1999 (ს.ფ. 13, ტ. 1).
ასევე დადგენილ იქნა, რომ 1975 წლის 11 მაისს გაცემული N... ორდერის მიხედვით, ნ. ბ.-ს ასულ ლ.-ას ქ. თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში გადაეცა 13კვ.მ ფართი (საქმის მასალების თანახმად, იგი შემდგომ ამოეწერა ამ ბინიდან), ხოლო N...ორდერის მიხედვით, თ. ბ.-ს ძე ლ.-ას ოჯახს (მეუღლე მ. ლ.-ა და ორი შვილი) ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში გადაეცა 21კვ.მ ფართი (ს.ფ. 10, 114, ტ. 1). 1992 წლის 06 აგვისტოს, თ. ლ.-ას და N38 საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, თ. ლ.-ას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე ოთხი ოთახი: საცხოვრებელი 34კვ.მ, სასარგებლო ფართი 40კვ.მ, დახმარე ფართი 6კვ.მ, სარდაფი 5კვ.მ (ს.ფ. 93, 94, ტ. 1). კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით დადგენილ იქნა, რომ 1999 წლის 20 თებერვალს გარდაცვლილი თ. ბ.-ს ძე ლ.-ას სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლემ - მ. ლ.-ამ. სამკვიდრო ქონება შედგება ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე ოთხი ოთახისაგან, საცხოვრებელი 34კვ.მ, დახმარე ფართი 6კვ.მ, სარდაფი 5კვ.მ (ს.ფ. 85).
მოპასუხემ სადავოდ გახადა ორდერითა და პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოსარჩელის საკუთრებაში გადასული ფართების ოდენობა, რაც არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 დეკემბრის დასკვნაზე, რომლის მიხედვით კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით N.. და საკუთრების უფლების მოწმობით N.. მ. ლ.-ას სახელზე ირიცხება ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ოთხი ოთახი საცხოვრებელი ფართით 34 კვ.მ, სასარგებლო ფართი 6 კვ.მ (სულ საერთო ფართი ჯამში 40 კვ.მ) და სარდაფი 5 კვ.მ. რეალურად, ოთხი ოთახის საცხოვრებელი ფართი ჯამში ნაცვლად 34კვ.მ-ისა შეადგენს 43,71კვ.მ-ს (მათ შორის, არის 13,09კვ.მ ფართის მქონე N1 ოთახი, რომელიც კითხვაში ნახსენებია, როგორც ნ. ლ.-ას მფლობელობაში არსებული ფართი), რომლის გამოკლებით მ. ლ.-ას სარგებლობაში რჩება სამი ოთახი (ნახაზზე N2, N3 და N4) ჯამში საცხოვრებელი ფართით 30,62კვ.მ. და დახმარე ფართით 5,98კვ.მ. (სულ, საერთო ფართი 36,60კვ.მ, ნაცვლად 40კვ.მ.-ისა და სარდაფი 6,10კვ.მ) აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი N1 ოთახის ფართი შეადგენს 13,09კვ.მ-ს, N2 ოთახის ფართი შეადგენს 12,72კვ.მ-ს, N3 ოთახის ფართი შეადგენს 8,82კვ.მ-ს და N4 ოთახის ფართი შეადგენს 9,08კვ.მ-ს, დახმარე ფართი - 5,98კვ.მ-ს და სარდაფის ფართი 6,10 კვ.მ-ს (ს.ფ. 132-135). დასკვნის მიხედვით ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო ცდომილებას ფართებში, რაც განსახილველი დავისათვის არ წარმოადგენდა ნ. ლ.-ას უფლების დადგენისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას.
სააპელაციო სასამართლომ ნ. ლ.-ა არ მიიჩნია სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თუ, სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლს 18 მაისის N2/606 გადაწყვეტილებით თ. ლ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ლ.-ა გამოსახლდა ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და შესახლდა ქ. თბილისში, ვაზისუბნის მე-3 მ/რ მე-20 კორპუსში მის სახელზე რიცხულ ბინაში. ნ. ლ.-ას შეგებებული სარჩელი ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე სარგებლობის უფლების მოპოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით.
აღნიშნული გადაწყვეტილებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1975 წელს გაიცა ორდერი ნ. ლ.-ას სახელზე და ნ. ლ.-ას 1985 წელს გამოეყო ბინა. ბინის მიღებასთან დაკავშირებით ნ. ლ.-ა ამოეწერა მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე სადავო ფართიდან (ს.ფ. 37-41, ტ.1).
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის, რის გამოც აპელანტის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები არ იქნა გაზიარებული. ამასთან, აღინიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით მოსარჩელესაც დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები, რაც მისი მხრიდან ამ დრომდე არ შესრულებულა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლს 18 მაისის N2/606 გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებებიდან, განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არ დაკმაყოფილდა ნ. ლ.-ას შეგებებული სარჩელი ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე სარგებლობის უფლების მოპოვების შესახებ და იგი გამოსახლდა აღნიშნული ბინიდან. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 1998 წლის გადაწყვეტილებით უკვე განისაზღვრა ნ. ლ.-ას უფლებრივი სტატუსი სადავო ფართთან მიმართებით. კერძოდ, ნ. ლ.-ამ დაკარგა სადავო უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით (იხ., სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები), რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და სწორად დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ.-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ არ ხდის, რომ 40კვ.მ ფართზე ვრცელდება მოსარჩელის საკუთრების უფლება, თუმცა არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე სადავო 40კვ.მ ფართში შედის ნ. ლ.-ას სარგებლობაში არსებული 13კვ.მ ფართი. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ფართი მდებარეობს ე.წ.იტალიურ ეზოში, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკადასტრო ნახაზის გარეშე და შეუძლებელია მისი ფაქტობრივი მდებარეობის დადგენა. შესაბამისად, გაუგებარია როგორ დაადგინა სააპელაციო სასამართლომ რომ 40კვ.მ ფართი მოიცავს ნ. ლ.-ას სარგებლობაში არსებულ 13კვ.მ ფართს.
კასატორის მითითებით საქმის განმხილველი სასამართლო დაეყრდნო 1998 წლის აღუსრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და არ დაუსაბუთებია თუ რომელ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით განახორციელა აღნიშნული.
კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2.2 პუნქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით საქმეში წარმოდგენილი 1975 წლის 11 მაისს გაცემული N... ორდერის მიხედვით, ნ. ბ.-ს ასულ ლ.-ას ქ. თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში გადაეცა 13კვ.მ ფართი, ხოლო N... ორდერის მიხედვით, თ. ბ.-ს ძე ლ.-ას ოჯახს (მეუღლე მ. ლ.-ა და ორი შვილი) ქ. თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში გადაეცა 21კვ.მ ფართი (ს.ფ. 10; 114). შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია თუკი თ. ბ.-ს ძე ლ.-ას ოჯახს გადაეცა 21 კვ.მ ფართი როგორღა გადაიქცა იგი 40კვ.მ ფართად ხოლო ერთი ოთახი ოთხ ოთახად.
კასატორის მითითებით საქმის განმხილველმა სასამართლომ არ შეაფასა, რომ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 13 დეკემბრის დასკვნის მიხედვით მ. ლ.-ას საკუთრებაშია 43,71კვ.მ საცხოვრებელი ფართი, დამხმარე ფართი და სარდაფი, რომელიც საერთო ჯამში მნიშვნელოვან ცვლილებას იძლევა ორდერს, პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და საჯარო რეესტრის ამონაწერთან შედარებისას (ვრცლად იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები ტ.2.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე სადავო 40კვ.მ ფართში შედის ნ. ლ.-ას სარგებლობაში არსებული 13მ2 ფართი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, რომელთა საბოლოო შეფასება 105-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სამოსამართლო უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი). ამ ჩანაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე 40მ2 ფართზე (შენობა-ნაგებობა N1) (ს/კ:...) რეგისტრირებულია მ. ლ.-ას საკუთრების უფლება, რომლის საფუძველს წარმოადგენს 17.11.1999წ.-ს გაცემული N2-177 კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და 17.11.1999წ.-ს გაცემული N2-176 საკუთრების უფლების მოწმობა.
ასევე, საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.12.2013წ.-ის N... დასკვნა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა კითხვა იმის შესახებ თუ: რამდენს შეადგენდა რეალურად მ. ლ.-ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ფართი და რამდენს შეადგენდა ნ. ლ.-ას მიერ დაკავებული ფართი.
ასევე, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობითა (N..) და საკუთრების უფლების მოწმობით (N...) მ. ლ.-ას მიერ მიღებულ ფართში შედის თუ არა ნ. ლ.-ას მფლობელობაში არსებული 13მ2 ფართი.
წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობისა (N..) და საკუთრების უფლების მოწმობის (N..) მიხედვით მ. ლ.-ას სახელზე ირიცხება ქ.თბილისში, მ.-ის ქუჩა N57-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ოთხი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 34მ2, სასარგებლო ფართი 6მ2 (ჯამში 40მ2 ) და სარდაფი 5მ2. რეალურად, ოთხი ოთახის საცხოვრებელი ფართი ჯამში ნაცვლად 34მ2-ისა შეადგენს 43,71მ2-ს (მათ შორისაა 13,09მ2 ფართის მქონე N1 ოთახი, რომელიც კითხვაში ნახსენებია, როგორც ნ. ლ.-ას მფლობელობაში არსებული ფართი). 13,09მ2 ფართის გამოკლებით მ. ლ.-ას სარგებლობაში რჩება სამი ოთახი (ნახაზზე N2, N3 და N4) საცხოვრებელი ფართით 30,62მ2 და დახმარე ფართით 5,98მ2 (ჯამში, 36,60მ2 ნაცვლად 40მ2-ისა და სარდაფი 6,10მ2). აზომვების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი N1 ოთახის ფართი შეადგენს 13,09მ2 -ს, N2 ოთახის ფართი შეადგენს 12,72მ2-ს, N3 ოთახის ფართი შეადგენს 8,82კვ.მ-ს და N4 ოთახის ფართი შეადგენს 9,08მ2-ს, დახმარე ფართი შეადგენს 5,98მ2-ს და სარდაფის ფართი - 6,10მ2-ს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მართებულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობისა (N...) და საკუთრების უფლების მოწმობის (N...) საფუძველზე საჯარო რეესტრში მ. ლ.-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართი მოიცავდა ნ. ლ.-ას ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ 13მ2 ფართს. რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც გააქარწყლებდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ნ. ლ.-ას არ წარმოუდგენია. მარტოოდენ კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ცდომილება ფართებს შორის, გავლენა ვერ ექნება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო 13მ2 ფართის მქონე N1 ოთახზე ნ. ლ.-ას სარგებლობის უფლების მართლზომიერების გამორიცხვის მიზნებისათვის, რადგან საქმე შეეხება მ. ლ.-აზე რეგისტრირებულ ფართებსა და რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ დოკუმენტებში არსებულ უმნიშვნელო ცდომილებას.
ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და სწორად დააკმაყოფილა მ. ლ.-ას სარჩელი, რადგან ნ. ლ.-ამ მის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ (13მ2) ფართზე სარგებლობის მართლზომიერება ვერ დაადასტურა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც შეეხება სხვისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის სამართლებრივ ასპექტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ ნ. ლ.-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ.-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ. ლ.-ას დაუბრუნდეს მ. მ.-ის მიერ 2015 წლის 25 მაისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე