Facebook Twitter

საქმე №ას-480-454-2015 17 ივლისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზ.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ც. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ც–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ა–ის მიმართ, 2012 წლის 20 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების _ 11 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება შესრულებული ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ც–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა სესხის თანხის _ 11 000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ა–მა, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ.ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს განემარტა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს, მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ამგვარი მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსათვის. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 550 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა; საპროცესო ვადა განისაზღვრა 7 (შვიდი) დღით და მხარეს ამომწურავად განემარტა ამ მოქმედების განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგები;

საპროცესო ვადის დაცვით კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ ობიექტური მიზეზის გამო ვერ ასწრებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას, შესაბამისად, ითხოვა საპროცესო ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელება;

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით;

საპროცესო ვადის დაცვით კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ზ.ა. იმყოფება კომატოზურ მდგომაროებაში, ნეიროქირურგიის ცენტრში, რის გამოც ვერ ხერხდება თანხის გადახდა, შესაბამისად, განმაცხადებელმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება კასატორის მდგომაროების გაუმჯობესებამდე, ასევე, აღნიშნა, რომ წარმოადგენდა ჰოსპიტალიზაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, თუმცა ამგვარი დოკუმენტი მას სასამართლოში არ წარმოუდგენია;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მხარის ქონებრივი მდგომაროების ამსახველი მტკიცებულებები, 2015 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ხოლო ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 (შვიდი) დღით;

2015 წლის 9 ივლისს ზ.ა–მა კვლავ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განმარტა, რომ, მისი ფიზიკური და მორალური მდგომაროებიდან გამომდინარე, არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგანაც ვალდებულება გააჩნია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე. წარმოდგენილ განცხადებას დაურთო შემდეგი მტკიცებულებები:

ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის ბრძანება;

ბ) თბილისის რეგიონული ცენტრის შედარების აქტი;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა _ ფორმა #IV-100ა.

საკასაციო პალატა კვლავ მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლს და განმარტავს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებისა თუ მისი ოდენობის შემცირებისათვის უტყუარად უნდა დგინდებოდეს მხარის მძიმე ეკონომიკური მდგომაროების არსებობა, რაც ცალსახად გამორიცხავს მის შესაძლებლობას, გადაიხადოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის ბაჟი. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

ამგვარ ლეგიტიმურ შეზღუდვათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა უფლების სასამართლო წესით დაცვის შეზღუდვა არ უნდა გამოიწვიოს მხარის მატერიალურმა მდგომაროებამ, რომელიც განკუთვნადი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს. ამ მტკიცებუბულებების სასამართლოსათვის წარდგენა ევალება უშუალოდ მხარეს.

საკასაციო პალატა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ ისინი ზ.ა–ის მატერიალურ მდგომაროებას არ ადასტურებენ, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ირკვევა მხოლოდ ის, რომ გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები შპს „B.T.S.-ის“ საბანკო ანგარიშზე; შედარების აქტი შეიცავს ინფორმაციას შპს „B.T.S.-ის“ ფინანსურ მდგომაროებაზე 2015 წლის 2 იანვრიდან 9 ივლისის ჩათვლით. რაიმე კავშირი მითითებულ სამეწარმეო სუბიექტსა და კასატორს ასევე საქმის გარმოებებს შორის არ დასტურდება და ასეთზე არც ზ.ა–ს მიუთითებია, რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობას, ირკვევა, რომ ზ.ა. 2015 წლის 11 ივნისს 17:50 საათზე კეფის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობით მიყვანილ იქნა საავადმყოფოში ახლობლის მიერ, სტაციონარიდან გაიწერა ამავე დღეს 18:20 საათზე. ჩაუტარდა ანალგეტიკური მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა, ჰეპარინის მალამოს შეზელა. ამდენად, მითითებული სამედიცინო დოკუმენტით რაიმე პარალელის გავლება საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუძლებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. მითითებული ნორმა თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა ინტერესებს და დაუშვებლად მიიჩნევს ერთი მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებით მეორე მხარის ინტერესების უსაფუძლო შელახვას.

მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის ზ.ა–ს ვადა არაერთხელ მიეცა, რაც დროის საკმაოდ ხანგრძლივ მონაკვეთს შეადგენდა, თუმცა მას ხარვეზი მაინც არ გამოუსწორებია. საპროცესო კანონმდებლობა კი, ითვალისწინებს პროცესუალური ეკონომიის პრინციპს და 391-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით ადგენს საკასაციო სამართალწარმოების მაქსიმალურ ვადებს. საკასაციო პალატა ამ პრინციპის მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს კასატორისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, რომ გაგრძელება 2015 წლის 9 ივლისის განცხადებით აღარაა მოთხოვნილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი (რომელიც ზოგადი ხასიათის ნორმაა და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი, ისე ზემდგომი სასამარლოების მიერ საქმის განხილვაზე), საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ კასატორი დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს საკასაციო სასამართლოს მითითებას, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ, მიუხედავად საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ა–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

2. ზ.ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე