საქმე №ას-488-462-2015 31 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ.ლ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. და ზ.ა. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.ლ–ამ მოითხოვა ზ. და მ.ა–ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელი კუთვნილი შენობის იმ ნაწილის გამოთხოვა, რომელიც თვითნებურად აქვთ მიტაცებული მოპასუხეებს, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება, საკუთარი ხარჯებით მოიყვანონ შენობა იმ მდგომაროებაში, როგორც ეს მითითებულია საჯარო რეესტრის მონაცემებში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებით ლ.ლ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გაადწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ 2014 წლის 28 ივლისიდან ლ.ლ–ას აღარ გააჩნდა საკუთრებაში ქალაქ ფოთში, ..... მდებარე უძრავი ნივთიდან (208 მ2 მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით) რაიმე ქონება, რადგან ამ მისამართზე მდებარე შენობაში არსებული, ლ.ლ–ას კუთვნილი მთელი ქონება, იძულებით აუქციონზე შეიძინა კარლო გოგოლმა.
5.1.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უპირველეს პირობას წარმოადგენს ის, რომ ნივთი, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მფლობელობიდან, ეკუთვნოდეს მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, მოსარჩელეს, კანონით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულებით (კერძოდ: ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა შესაბამისად, წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას უძრავი ნივთის უფლებრივ-სამართლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, მესაკუთრის ვინაობის დასადგენად) არ დაუდასტურებია, რომ ქონება, რომლის მოპასუხეთაგან გამოთხოვასაც იგი სარჩელით მოითხოვდა, მის საკუთრებაში იმყოფებოდა, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ლ–ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ გ–ის სახელზე რეგისტრირებული ფართი წარმოადგენს სხვას, მხოლოდ სადავო ფართისა და ამ უკანასკნელის ზომები დაემთხვა ერთმანეთს. კ.გ–მა ფართი აუქციონზე შეიძინა, ხოლო წინამდებარე დავის საგანი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.
6.1.2. სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის შუამდგომლობა და საჯარო რეესტრიდან გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია, ასევე უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ რეალურად ეს ფართები არ არის ერთი და იგივე. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. კასატორის განმარტებით, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს ასევე უნდა დაედგინა ადგილზე დათვალიერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ.ლ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ემყარება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სავალდებულო წინაპირობების არარსებობას, კერძოდ იმას, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადავო ფართზე საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი.
1.3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი, მხარე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლოს არ გამოუთხოვია მტკიცებულებები, არ დაუნიშნავს ექსპერტიზა და არ ჩაუტარებია ადგილზე დათვალიერება სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.5. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, როგორც მტკიცებულებათა გამოთხოვის, ისე ექსპერტიზის დანიშვნისა თუ ადგილზე დათვალიერების საპროცესო მოქმედების ჩაუტარებლობის თაობაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული შუალედური განჩინებების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო საჩივრით არ მოუთხოვია, საპირისპირო ვითარებაშიც კი, ამავე კოდექსის 103-ე და 162-ე მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარე, მხარეს არ დაუსაბუთებია სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნისა თუ სხვა საპროცესო მოქმედების განხორციელების აუცილებლობა.
1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამ კუთხით არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან, რომლის თანახმადაც, „ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ებები: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი, 2013 წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას ლ.ლ–ას საკასაციო საჩივარი.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მზია დანელიას მიერ ლ.ლ–ას სახელით 2015 წლის 27 მაისს N451 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ლ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ.ლ–ას (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. დ–ს მიერ ლ.ლ–ას სახელით 2015 წლის 27 მაისს N451 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური