საქმე №010210014534479 28 ივლისი, 2015 წელი
№ას-494-468-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. ბათუმის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-ია“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ე-იამ“ ქ.ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება 7 180.97 ლარის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. სს „ე-იას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ქ.ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1436.19 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ე-იამ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით:
1. სს ე-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. სს ე-იას სარჩელი დაკმაყოფილდა;
4. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას სს ე-იას სასარგებლოდ, დამატებით დაეკისრა 5744.78 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიასა და სს ”ე-იას” შორის 2012 წლის 23 აპრილს და 2013 წლის 18 ივლისს გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები №... და №..., რომელთა საფუძველზეც ენერგოკომპანიამ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების მომსახურება ბათუმის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, რაც გულისხმობდა ადმინისტრირების ერთიანი კოორდინირებული და ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით ენერგოკომპანიის აბონენტების მიერ დასუფთავების მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინების უზრუნველყოფას, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
2012 წლის 23 აპრილის №... ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის მაისის თვის მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 25 026,77 ლარი, ხოლო იმავე წლის ივნისის თვის მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 25 014.70 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებული იყო მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განეხორციელებინა შესაბამისი თვის მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. პირველ შემთხვევაში ანგარიშსწორების საბოლოო ვადას წარმოადგენდა 2013 წლის 10 ივლისი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2013 წლის 02 აგვისტო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე შემთხვევაში ანგარიშსწორება არ განხორციელებულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და ზემოხსენებული თანხების გადარიცხვა სს „ე-იასათვის“ მოხდა 2013 წლის 03 და 23 დეკემბერს. ასევე დადგენილი იყო და მხარეებს შორის სადაო არ იყო, რომ 2013 წლის 18 ივლისის №... ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 25 268,64 ლარი, რაც ენერგოკომპანიამ მიიღო 2014 წლის 06 ივნისს.
მხარეები კანონით დადგენილი წესით შეთანხდნენ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ, 2012 წლის 23 აპრილის №... ხელშეკრულების 12.2 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ დაგვიანებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. 2013 წლის 18 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.1 პუნქტით კი ასევე შეთანხმდნენ, რომ ”ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,1%-ის ოდენობით.
მოსარჩელემ ხელშეკრულებების ფარგლებში სრულად შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დაგვინებით, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით გადაურიცხა თანხა მოსარჩელეს, რის გამოც ხელშეკრულების საფუძველზე, შემსყიდველს (ბათუმის მერიას) მოსარჩელის მიერ დაერიცხა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რომელმაც შეადგინა 7 180.97 ლარი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არც გადახდის ვადაგადაცილების დრო და არც ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლის წესი სადავო არ იყო. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
პალატამ მიუთითა, რომ მაგალითად, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა ვადაგადაცილების ყოველი დღისთვის გადაუხდელი თანხის 0,07%-ი იყო. ეს კი ნიშნავდა, რომ სხვა შემთხვევაში კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მხოლოდ, 0,03%-ით აღემატებოდა.
პალატამ ასევე მიუთითა, რომ აპელანტ მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გარდა სხვა სარგებელი არ ქონდა მიღებული. ასევე, ხელშეკრულების მხარე, რომელმაც პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0,1% ანაზღაურება იკისრა, იყო ადმინისტრაციული ორგანო და მან ეს ვალდებულება აიღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმული ნებისა და მისი მოქმედებების მიმართ, სამოქალაქო ბრუნვის სხვა მონაწილეთა მხრიდან არსებობდა განსაკუთრებული ნდობა და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი არ ყოფილა და მისმა ოდენობამ შეადგინა 7180,97 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ სს „ე-ია“ პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს სასამართლო გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, რაც არ უნდა ერქვას დოკუმენტს, იგი სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს;
უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ ქ.ბათუმის მერია სადავო ურთიერთობებში წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის მიმართ არსებობს მომეტებული ნდობა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო განსაკუთრებით უნდა იყოს მოტივირებული სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულთან მიმართებით, კასატორი მიუთითებს, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში ქ.ბათუმის მერია მონაწილეობდა არა როგორც საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, არამედ როგორც კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობის მონაწილე;
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ მოსარჩელეს კუთვნილი ძირითადი თანხა მიღებული აქვს სრულად და ამ თანხის მისაღებად მას არ დაჭირვებია სარჩელის შეტანა. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო 1436.19 ლარი იყო აბსოლუტურად გონივრული და მასზე დამატებით 5744.78 ლარის დაკისრება წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრების საშუალებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორის მოსაზრებით, მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არაა, რომ ვადაგადაცილებით გადახდილი თანხების მთლიანი ოდენობა 75000 ათას ლარზე მეტია, შესაბამისად, მოპასუხისათვის დაკისრებული 7 180.97 ლარი ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი