საქმე №ას-504-478-2015 31 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ.ნ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
კ.ნ–მ მოითხოვა სს „ს.რ–თვის“ საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, ღამის საათებში მუშაობისათვის 400,92 ლარის, ხოლო 2013 წლის 20 თებერვლიდან ყოველთვიურად 88,32 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
სს. ს.რ–მ“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით კ.ნ–ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.09.1999წ. გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 29.10.2013წ. გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ:
5.1.1. კ.ნ. წლების განმავლობაში მუშაობდა სს „ს.რ–ში” ელმავლის მემანქანედ;
5.1.2. მოსარჩელემ სს „ს.რ–ში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას 1998 წლის 22 დეკემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ელმავლის შემოვლისას, ფეხი დაუცდა რკინაბეტონის განძელზე და მიიღო ტრავმა თავის არეში. საწარმოო ტრავმის მიღებას, საწარმოს ბრალთან ერთად, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო კ.ნ–ის გაუფრთხილებლობამ. მოსარჩელემ, მიღებული ტრავმის გამო, 90%-ით დაკარგა პროფესიული შრომის უნარი;
5.1.3. 2003 წელს, განმეორებითი შემოწმებისას მოსარჩელეს დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ, ხოლო პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განისაზღვრა 100%-ით;
5.1.4. კ.ნ–ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში დამსაქმებლის ბრალი განსაზღვრულია 80%-ით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 16.06.2000წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ მართებულია კ.ნ–ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ბრალის ხარისხის 80%-ით განსაზღვრა);
5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.10.2013წ. გადაწყვეტილებით:
5.2.1. კ.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
5.2.2. დაეკისრა სს „ს.რ–ს“, კ.ნ–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 მაისიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1 112.50 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
5.2.3. დაეკისრა სს „ს.რ–ს“, კ.ნ–ის სასარგებლოდ, მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 14 052 (თოთხმეტი ათას ორმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5.2.4. დაეკისრა სს „ს.რ–ს“, კ.ნ–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 მაისიდან, ყოველთვიურად, „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის გადახდა 250 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5.2.5. დაეკისრა სს „ს.რ–ას“, კ.ნ–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 1 მაისამდე პერიოდში მიუღებელი „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის გადახდა 4 315 (ოთხიათას სამასთხუთმეტი) ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5.2.6. დაეკისრა სს „ს.რ–ს“, კ.ნ–ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 მაისიდან მომვლელის თანხის ყოველთვიურად გადახდა 50 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5.2.7. მოსარჩელე კ.ნ–ს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
5.2.8. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩვრა ორივე მხარემ.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2014წ. გადაწყვეტილებით:
5.3.1. კ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.3.2. სს „ს.რ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
5.3.3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.10.2013წ. გადაწყვეტილება სს „ს.რ–თვის“ 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით 1 112.50 ლარის და მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად - 14 052 ლარის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
5.3.4. დაეკისრა სს „ს.რ–ს“ კ.ნ–ის სასარგებლოდ 2013 წლის 1 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1 000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5.3.5. დაეკისრა სს „ს.რ–ს“ კ.ნ–ის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 10 814.62 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
5.3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.10.2013წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5.3.7. გადაწყვეტილების თანახმად დადგინდა, რომ ელმავლის მემანქანის, ანუ იმავე სამუშაო ადგილზე დასაქმებული მუშაკის ხელფასის ოდენობა ბოლოს შეიცვალა 01.12.2012წ. და განისაზღვრა 1 250 ლარით.
5.4. სააპელაციო სასამართლოს 20.02.2014წ. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.10.2014წ. განჩინებით და შესულია კანონიერ ძალაში (ას-279-261-2014), ამდენად, 2012 წლის 1 დეკემბრიდან კ.ნ. იღებდა:
5.4.1· სარჩოს ელმავლის მემანქანის ხელფასის (1250 ლარის) 80%-ის, ანუ 1 000 ლარის ოდენობით;
5.4.2· საპატიო რკინიგზელის დანამატს ელმავლის მემანქანის ხელფასის (1 250 ლარის) 20%-ის, ანუ 250 ლარის ოდენობით;
5.4.3· მომვლელის თანხას ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით;
5.5. სს „ს.რ–ში“ მემანქანის ხელფასი კვლავ 1 250 ლარს შეადგენს, ანუ მისი ოდენობა იგივეა, რაც სააპელაციო სასამართლოს 20.02.2014წ. გადაწყვეტილების მიღებისას.
5.6. წინამდებარე სარჩელით კ.ნ. ითხოვდა:
5.6.1· სს „ს.რ–ს“ დამატებით დაეკისროს ღამის საათების ანაზღაურების სახით ერთიანად 400,92 ლარის, როგორც 2013 წლის 1 მარტიდან 12 თვის განმავლობაში ღამის კომპენსაციის სახით მიღებულ და მისაღებ თანხას შორის სხვაობა;
5.6.2· სს „ს.რ–ს“ დაეკისროს 2013 წლის 20 თებერვლიდან ღამის საათების ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 88,32 ლარის გადახდა.
5.7. სასარჩელო მოთხოვნას კ.ნ. აფუძნებს 02.08.2013წ. ცნობაზე, რომლის თანახმადაც მისი პენსია შედგებოდა სხვადასხვა კომპონენტისაგან, საიდანაც საკუთრივ ყოველთვიური პენსია იყო 388.27, კლასი - 58.24, ღამე - 54.91, დამსახურება 77.65, მომვლელის 10 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ღამის 1 საათის ანაზღურება გაზრდილი ხელფასის პირობებში იყო 1.472, რაც 1 თვეზე, ანუ 60 საათზე შეადგენდა 88,32 ლარს, შესაბამისად, ყოველთვიური განსხვავება შეადგენდა 33,41 ლარს.
5.8. ხაშურის სალოკომოტივო დეპოს უფროსის 30.06.2014წ. წერილის თანახმად, ხაშურის სალოკომოტივო დეპოს 02.08.2013წ. გაცემული ცნობა კ.ნ–ის კუთვნილი სარჩოს შესახებ შედგებოდა საშუალო ხელფასის, კლასის, ღამის საათის, დამსახურებისა და მომვლელის ხარჯების ერთობლიობით. წერილში აღნიშნული იყო, რომ სს „ს.რ–ში“, 29.10.2012წ. ბრძანების თანახმად, მოხდა სახელფასო პოლიტიკის ცვლილება, კერძოდ, ყველა სახელფასო დანამატი გაუქმდა, გაიზარდა სახელფასო სარგოები და ფიქსირებული სახით ელმავლის მემანქანის სარგომ შეადგინა 1 250 ლარი, საიდანაც ხდებოდა კ.ნ–ის სარჩოს გაანგარიშება. რაც შეეხებოდა დანამატს, დადგენილი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით, დასაქმებულს ღამით მუშაობის (ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე) ყოველი საათი დამატებით აუნაზღაურდებოდა საათობრივი სატარიფო განაკვეთის 20%-ის ოდენობით, ხოლო უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოსათვის მიეცემოდა დამატებითი ანაზღაურება ძირითადი ანაზღაურების ზევით 25%-ის ოდენობით. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული ვრცელდებოდა მხოლოდ ფაქტობრივად მომუშავე თანამშრომლებზე, რომლებიც ღამის საათებსა და უქმე დღეებში მუშაობდენ. მემანქანეს, რომელსაც ღამის საათებში არ უმუშავია, დაერიცხებოდა ფიქსირებული ხელფასი. პალატამ მიუთითა სს „ს.რ–ის“ წარმომადგენლის განმარტებაზეც, რომლის თანახმადაც წინა წლებში სახელფასო სარგოები მოიცავდა გარკვეულ კომპონენტებს, რომლებიც წინასწარ ფიქსირებულად იყო განსაზღვრული თითოეული სამუშაო ადგილისათვის. ამჟამად კი, არსებობდა ცალკე თანამდებობრივი სარგო, რომელიც იყო ფიქსირებული და მხოლოდ მაშინ, თუ ფაქტობრივად იმუშავებდა მუშაკი ღამის ან ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, მასზე გაიცემოდა შესაბამისი ანაზღაურება.
5.9. საქმეში წარმოდგენილი სს „ს.რ–ის“ 03.02.2014წ. ბრძანების (შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ) 1.6 პუნქტის თანახმად, ცვლილება შევიდა შინაგანაწესის 11.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით დასაქმებულს ღამით მუშაობის ყოველი საათვისათვის მიეცემოდა დანამატი საათობრივი სატარიფო განაკვეთის 22%-ის ოდენობით. ღამის დროდ ითვლებოდა დროის მონაკვეთი საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე, ხოლო საათობრივი სატარიფო განაკვეთი გამოიანგარიშებოდა სარგოს გაყოფით კონკრეტული თვისათვის ცვლების მიხედვით გრაფიკით გათვალისწინებული საათების ოდენობაზე. აღნიშნული პუნქტი ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სს „ს.რ–ის“ 03.02.2014წ. ბრძანებით რეგულირებული იყო დამატებითი ანაზღაურების გაცემის წესი იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ფაქტობრივად ახორციელებდენ ღამის პერიოდში საქმიანობას, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა სს „ს.რ–ის“ მსჯელობა მასზედ, რომ არ არსებობდა კ.ნ–ის სასარგებლოდ ელმავლის მემანქანის ფიქსირებული ხელფასის საფუძველზე გადაანგარიშებულ სარჩოზე დამატებით ღამის საათების ანაზღაურების გაცემის საფუძველი.
5.10. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე მუხლით, 408-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. სასამართლოს შეფასებით, კ.ნ. უფლებამოსილი იყო, სარჩოს სახით მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. იმ პირობებში, როდესაც იმავე თანამდებობის მუშაკის ხელფასი უცვლელი იყო, სააპელაციო სასამართლოს 20.02.2014წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც სს „ს.რ–ს“ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში დამსაქმებლის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება, ანაზღაურებული იყო კ.ნ–ის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი და აღდგენილი იყო ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. რაც შეეხებოდა ღამის საათების ანაზღაურებას, პალატამ მიიჩნია, რომ დამატებითი ანაზღაურება ღამის მუშაობის გამო გათვალისწინებული იყო იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ფაქტობრივად ახორციელებდნენ ღამის პერიოდში საქმიანობას და არ არსებობდა კ.ნ–ის მიერ მისაღები სარჩოს დაანგარიშებისას ღამის საათების ანაზღაურების გათვალისწინების საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.ნ–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ამავე სასამართლოს 19.11.2014წ. გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომმელიც ემყარებოდა სს „ს.რ–ის“ პოზიციას, თითქოს ღამის საათების დანამატი მიეცემოდათ მხოლოდ ფაქტობრივად მომუშავე ელმავლის მემანქანეებს და ამგვარი დანამატი არ შეიძლებოდა მისცემოდა საწარმოო ტრავმის გამო სარჩოს მიმღებ პირებს, რადგანაც მოპასუხე საზოგადოების დირექტორთა საბჭოს 05.03.2013 წ. დადგენილების 3.7 მუხლის შესაბამისად, ღამით მუშაობის ყოველი საათი ანაზღაურდება საათობრივი სატარიფო განაკვეთის 20%-ით. სს „ს.რ–ის 15.03.2013 წ. #0000322 ბრძანების 1.1 მუხლის საფუძველზე ამგვარი სამუშაოს დამატებითი ანაზღაურება განსაზღვრულია საათობრივი სატარიფო განაკვეთის 20%-ის ოდენობით. მიუხედევად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხემ არ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულება 20%-იანი დანამატის არსებობის თაობაზე იმ მოტივით, თითქოს ყველა დანამატი შედიოდა 1 250 ლარში. ამ დოკუმენტის არსებობა მხარისათვის მხოლოდ სააპელაციო პალატის განჩინების მიღების შემდგომ გახდა ცნობილი.
6.1.2. სარჩელზე დართული ცნობით დასტურდება, რომ სარჩოს თანხაში შემავალი 54,91 ლარი ღამის საათებში მუშაობის ერთი თვის ანაზღაურებას წარმოადგენს, შესაბამისად, სარჩელში სრულყოფილადაა გამოანგარიშებული ღამის საათებში მუშაობის გამო, გასაცემი თანხის ოდენობა, რომელიც ერთ თვეში 88,32 ლარს შეადგენს, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადახდილ სარჩოსთან შედარებით სხვაობა 33,41 ლარია.
6.1.3. სს „ს.რ–ის“ 19.12.2013 წ. #43/63 დადგენილებით ღამით მუშაობის ყოველი საათისათვის განაკვეთი განისაზღვრა 22%-ით, ამდენად, უსაფუძვლოა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ ღამის საათებში მუშაობის გამო დამატებითი ანაზღაურება მხოლოდ ფაქტობრივად მომუშევე მუშაკებზე გაიცემა და არ არსებობს მოსარჩელისათვის სარჩოს გადაანგარიშების საფუძველი.
6.1.4. როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი.
6.1.5. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 20.02.2014 წ. გადაწყვეტილების გამოტანისას არაობიექტურად გაიზიარა მოპასუხე სს „ს.რ–ის“ პოზიცია და არასწორად შეამცირა სარჩოს ოდენობა, ამ გარემოების გათვალისწინებით, კასატორმა იშუამდგომლა მოსამართლეების: თ.ზ–სა და ქ.კ–ს საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე, თუმცა პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ.ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ემყარება იმას, რომ მოთხოვნილი დანამატი გაიცემა ელმავლის მოქმედ მემანქანეზე, რომელიც ფაქტობრივად შეასრულებს ღამის, ასევე დასვენებისა და უქმე დღეებში სამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ თანამდებობაზე მომუშავე პირს მიეცემა ფიქსირებული ხელფასი. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 20.02.2014 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ელმავლის მემანქანის ხელფასი არ გაზრდილა.
1.4. კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის იმ საფუძვლით დაკმაყოფილებას, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მოთხოვნები, რადგანაც ღამის საათებში მომუშავე ელმავლის მემანქანის ანაზღაურება ეკუთვნის არა მხოლოდ სამუშაოს ფაქტობრივად შემსრულებელ მუშაკს, არამედ სარჩოს მიმღებ პირსაც, რაც დადგენილია სს „ს.რ–ის“ მიერ გაცემული, სარჩელზე დართული ცნობით.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.6. საკასაციო პალატა მედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.10.2013 წ. გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომლითაც სს „ს.რ–ს კ.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისრა „საპატიო რკინიგზელის“ დანამატის, ასევე მომვლელის ხარჯის ანაზღაურება; სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.02.2014 წ. გადაწყვეტილებით, ტრავმის მიღებამდე კ.ნ–ის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მომუშავე მუშაკის ხელფასი ბოლოს 01.12.2012 წ. შეიცვალა და განისაზღვრა 1 250 ლარით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 16.06.2000 წ. განჩინებით კი დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომის უნარი შემცირებულია, როგორც დამქირავებლის, ისე მემანქანის ბრალით და სარჩოს ოდენობა განსაზღვრულია ამავე თანრიგის მუშაკის ხელფასის 80%-ით.
1.7. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მტკიცებას, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების არასწორად გაზიარების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ.
1.8. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს.
1.9. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
1.10. ამდენად, სარჩოს ოდენობის გამოანგარიშებისას სააპელაციო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებების არასწორად გაზიარების თაობაზე მხარის პრეტენზია სამართლებრივ საფუძვლიანობასაა მოკლებული, თუმცა, სხვაგვარ ვითარებაშიც კი, პალატა მაინც ვერ გაიზიარებდა კ.ნ–ის მოსაზრებას ღამის, ასევე დასვენების საათებში მომუშავე ელმავლის მემანქანის დანამატის ანაზღაურების თაობაზე, რადგანაც მტკიცებულება, რომელსაც მოსარჩელე თავის პოზიციას ამყარებდა (02.08.2013 წ. ცნობა) არ იძლევა ამგვარი დასკვნის საფუძველს, რამდენადაც ხაშურის სალოკომოტივო დეპოს უფროსის 30.06.2014 წ. წერილის თანახმად, ხაშურის სალოკომოტივო დეპოს 02.08.2013 წ. გაცემული ცნობა კ.ნ–ის კუთვნილი სარჩოს შესახებ შედგებოდა საშუალო ხელფასის, კლასის, ღამის საათის, დამსახურებისა და მომვლელის ხარჯების ერთობლიობით. სს „ს.რ–აში“ 29.10.2012წ. ბრძანებით მოხდა სახელფასო პოლიტიკის ცვლილება. კერძოდ, ყველა სახელფასო დანამატი გაუქმდა, გაიზარდა სახელფასო სარგოები და ფიქსირებული სახით ელმავლის მემანქანის სარგომ შეადგინა 1 250 ლარი, საიდანაც ხდებოდა კ.ნ–ის სარჩოს გაანგარიშება. რაც შეეხება დანამატს, დადგენილი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით დასაქმებულს ღამით მუშაობის ყოველი საათი დამატებით აუნაზღაურდება საათობრივი სატარიფო განაკვეთის 20%-ის ოდენობით, ხოლო უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოსათვის _ ძირითადი ანაზღაურების ზევით 25%-ის ოდენობით. აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ფაქტობრივად მომუშავე თანამშრომლებზე, რომლებიც ღამის საათებში და უქმე დღეებში მუშაობენ. მემანქანეს, რომელსაც ღამის საათებში არ უმუშავია, დაერიცხება ფიქსირებული ხელფასი.
1.11. რაც შეეხება სს „ს.რ–ის“ 03.02.2014წ. ბრძანებას, აღნიშნულით რეგულირებულია დამატებითი ანაზღაურების გაცემის წესი იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ფაქტობრივად ახორციელებენ ღამის პერიოდში საქმიანობას. სწორედ ამ ფაქტზე უთითებდა მოპასუხე 24.02.2015 წ. სხდომაზე, კასატორს ამ გარემოების წინააღმდეგ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, მან განმარტა მხოლოდ ის, რომ მისთვის სააპელაციო პალატის განჩინების გამოტანის შემდეგ გახდა ცნობილი მისი პოზიციის დამადასტურებელი გარკვეული მტკიცებულებების არსებობის თაობაზე, თუმცა კ.ნ–ს არც ეს მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსათვის და არც სარწმუნოდ მიუთითებია მათზე.
1.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების, პრეიუდიციული მნიშვენლობის მქონე ფაქტებისა და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარეოებების ანალიზის საფუძველზე პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ დანამატი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს, სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების შემთხვევაში გასაცემ თანხას წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის თანხის დამატებით დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.
1.13. საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის მიკერძოებულობის თაობაზე, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ განჩინება არ გაუსაჩივრებია, ამასთანავე, არც სარწმუნოდ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც მოსამართლეთა მიკერძოების ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ საკითხზე.
1.14. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვას კ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური