Facebook Twitter

საქმე №..40210014550647

საქმე №ას-507-481-2015 1 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. ჯ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ჯ.-ის მიმართ 10 000 ლარის დაბრუნების შესახებ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ქ. გ.-ში ბინის შეძენის მიზნით გადასცა 10 000 ლარი. ო. ჯ.-ემ შეიძინა ქ. გ.-ში შ.-ის გზატკეცილ ..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს ჰქონდა მოტეხილი ფეხი და არ შეეძლო გადაადგილება. მას ეგონა, რომ მოპასუხემ, შეასრულა მისი დავალება და მოსარჩელის სახელზე შეიძინა და გააფორმა ბინა, თუმცა 2013 წელს ნ. შ.-ასათვის გახდა ცნობილი, რომ ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოპასუხის სახელზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისმა დამ – ნ. შ.-მა სადავო 10 000 ლარი გადასცა საჩუქრად, იმ მიზნით, რომ ო. ჯ.-ეს ეყიდა ბინა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებდა ნ. შ.-ი. მან მადლიერებით მიიღო საჩუქარი და შეიძინა ბინა, სადაც მის შვილთან ერთად ცხოვრობდა მოსარჩელე. დავალების არსებობისას საჭირო გახდებოდა სათანადო მინდობილობის გაფორმება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ჯ.-ეს ნ. შ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა. შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მხარეები არიან და-ძმა. ნ. შ.-მა ო. ჯ.-ეს გადასცა 10 000 ლარი. ფულის გადაცემის მიზანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა. 2012 წლის 5 ოქტომბერს ო. ჯ.-ემ გადაცემული თანხით შეიძინა ქ.გ.-ში, შ.-ის №.. გზატკეცილის №.. კორპუსის №.. და №..ა ბინები. შეძენილ ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე მოპასუხის ქალიშვილთან ერთად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა. ნ. შ.-ი სარჩელში უთითებს, რომ მხარეთა შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოპასუხეს გადასცა 10 000 ლარი, რათა ამ უკანასკნელს მოსარჩელისთვის შეეძინა ბინა, ხოლო მოპასუხემ თავისი შესაგებელი დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. შ.-მა მას 10 000 ლარი გადასცა საჩუქრად იმ მიზნით, რომ ო. ჯ.-ეს თავისთვის ეყიდა ბინა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებდა ნ. შ.-ი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა, არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერ საფუძველი, თუმცა მოთხოვნათა კონკურენციის პრინციპიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა გამოკვლეულ უნდა იქნეს მოთხოვნის სახელშეკრულებო საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის, 709-ე, 715-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა თანხის გადაცემის ფაქტი და გადაცემის მიზანი, ხოლო სადავოა, ვისთვის უნდა მომხდარიყო ბინის შეძენა (ვის საკუთრებად უნდა აღრიცხულიყო შეძენილი ბინა).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

კონკრეტულ შემთხვევაში დავალების ხელშეკრულების ფაქტობრივი საფუძვლების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რომ გადაცემული თანხით მოპასუხეს ბინა მისთვის უნდა შეეძინა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაამტკიცა ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე შესაძლოა, განხორციელდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპასუხე დაამტკიცებს მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ო. ჯ.-ე უთითებს მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ნ. შ.-მა ო. ჯ.-ეს 10 000 ლარი საჩუქარად გადასცა, ამ უკანასკნელის მხარეზეა, რაც მოპასუხემ კვალიფიციურად ვერ განახორციელა. იმ პირობებში, როდესაც ნ. შ.-ი წარმოადგენს ცხინვალიდან დევნილ 86 წლის ქალბატონს, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს ობოლი შვილიშვილები, სააპელაციო პალატამ მოპასუხისთვის 10 000 ლარის ჩუქების ფაქტი სარწმუნოდ არ ჩათვალა, მით უმეტეს, რომ სადავო ბინაში შეძენიდან ცხოვრობს მოსარჩელე.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა მხრიდან სათანადოდ ვერ განხორციელდა სახელშეკრულებო საფუძვლების მტკიცება, გამოკვლეულ უნდა იქნეს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგ.-ც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ, რაც გამოირიცხება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნ. შ.-მა ო. ჯ.-ეს გადასცა 10 000 ლარი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, ო. ჯ.-ე გადაცემული 10 000 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიღებული უკან უნდა დააბრუნოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. ჯ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება, რომლითაც კასატორი ვალდებულები იყო, ნ. შ.-ებისთვის შეეძინა ბინა. ასეთი დავალების არსებობისას უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი მინდობილობა, რაც არ განხორციელებულა.

მხარის მითითებით, სააპელაციო პალატას უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხა გადასცა საჩუქრად იმ პირობით, რომ ო. ჯ.-ე შეიძენდა ბინას, სადაც მოსარჩელესთან ერთად იცხოვრებდა კასატორის ქალიშვილი. აღნიშნული პირობა მოპასუხემ შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ დავალების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ო.ჯ.-ეს უნდა დაკისრებოდა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა ეწინააღმდეგება მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, როდესაც უთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის მიხედვით, რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მინდობილი მოქმედების შესასრულებლად მიიღო და არ გამოიყენა ამისთვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით ო. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები არიან და-ძმა. ნ. შ.-მა ო. ჯ.-ეს გადასცა 10 000 ლარი. ფულის გადაცემის მიზანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის შეძენა. 2012 წლის 5 ოქტომბერს ო. ჯ.-ემ გადაცემული თანხით შეიძინა ქ.გ.-ში, შ.-ის №.. გზატკეცილის №.. კორპუსის №.. და №..ა ბინები. შეძენილ ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე მოპასუხის ქალიშვილთან ერთად.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისთვის გადაცემული სადავო თანხის დაბრუნების კანონიერებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2015 წლის 3 ივნისის საქმე №ას-360-342-2015).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური