საქმე №ას-508-482-2015 3 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.შ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.შ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.შ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.შ–ის მიმართ ნოტარიუს მ.ი–ის მიერ მოპასუხის სახელზე 2012 წლის 13 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში ბათილად ცნობისა და გარდაცვლილი შ.შ–ის სამკვიდროს თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.შ. ცნობილ იქნა ქ.საგარეჯოში, ...... მდებარე, მისი პაპის _ შ.შ–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1/2-ის, ასევე, ქ.საგარეჯოში არსებული 2631.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ.ი–ის მიერ გაცემული №....სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილში. ამავე სასამართლოს 2014 წლის 13 აგვისტოს განჩინებით კი, მ.შ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.შ–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ.შ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 (ათი) დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; მიეთითებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს (მისი მიღების თარიღი) ზუსტი დასახელება; კონკრეტულად რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა; მოწინააღმდეგე მხარე, მისი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები; განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სასამართლოში წარედგინა მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 03.02.2015 წელს ჩაბარდა აპელანტის შვილს _ ზ.შ–ს, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითვლებოდა თავად აპელანტისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ.შ–თვის ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 4 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 13 თებერვალს. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მ.შ–მა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ფოსტაში წარადგინა გზავნილი 2015 წლის 14 თებერვალს რომელიც სასამართლოს გადაეცა 2015 წლის 17 თებერვალს.
ამდენად, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მ.შ–ის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.შ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის აღძვრის დროს შ.შ–მა გათვალა ის გარემოება, რომ მისი მოწინააღმდეგე წარმოადგენდა უმწეო, 80 წლის მოხუცს, რომლის მიმართაც არათანაბარ პირობებში იმყოფებოდა და პროცესუალური სანქციების დახმარებით მიაღწევდა მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. საგულისხმოა, რომ სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან მოსარჩელე მეორე რიგის მემკვიდრეა და მას ქონებაზე უფლება წარმოეშობოდა თუ პირველი რიგის მემკვიდრე სახეზე არ იქნებოდა. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მამას სიცოცხლეში სამკვიდრო არ ჰქონდა მიღებული, ხოლო მოპასუხე წარმოადგენს როგორც გარდაცვლილი შ.შ–ის, ისე მოსარჩელის მამის პირველი რიგის მემკვიდრეს. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა რა სანოტარო აქტი, მოსარჩელეს მიაკუთვნა არა მამის, არამედ პაპის სამკვიდროს 1/2.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები, რადგანაც ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა არა აპელანტმა, არამედ მისმა შვილმა, ამასთანავე არ დგინდება შეტყობინების ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარება, კერძოდ, არ არის დაცული უწყების მეორე ეგზემპლარზე ადრესატის ადგილსამყოფელის მითითების წესი. ამასთანავე, უდავოა, რომ მ.შ–სა და ავადმყოფობის გამო მუდმივად შინ იმყოფება, ხოლო უწყების მიმტანი ამ მისამართზე არ გამოცხადებულა. იმ გარემოებას, რომ უწყება არ არის ადრესატის მისამართზე მიტანილი ადასტურებს ისიც, რომ ზ.შ–ის პირადი ნომერი არაა მითითებული, ხოლო შეტყობინებაზე აღნიშნულია, რომ „პირადობა თან არ ჰქონდა“, რაც მოწმობდა შეტყობინების ადრესატის მისამართზე წარუდგენლობას.
რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ზ-ში დაინტერესებული პირი არაა, რადგანაც მან მამის სამკვიდროზე უარი დედისა და არა ძმის სასარგებლოდ განაცხადა, რაც არასწორია, რადგანაც დაგვიანება სულ ზ-შ-ის მიზეზით ხდება.
სააპელაციო სასამართლომ 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 4 თებერვლიდან, ვინაიდან 14 თებერვალი იყო შაბათი, ასაკოვანმა მხარემ სწორედ შაბათს ჩააბარა ფოსტას საჩივარი, რომელიც შესაძლოა შეცდა ვადის გამოანგარიშებაში და მარტივად მიამატა 4 რიცხვს 10 დღე. როგორც მ.შ. თავად განმარტავს, სარჩელი მან 11 თებერვალს იპოვა, 12-ში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და ამავე დღეს გააფორმა მინდობილობა თ.ბ–ის სახელზე, აღნიშნულით დგინდება, რომ გაურკვეველია მისთვის განჩინების გადაცემის თარიღი, რადგანაც დაირღვა შეტყობინების ჩაბარების წესი. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, ემსჯელა ერთი დღით მის მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებაზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, რადგანაც დარღვეულია შეტყობინების ჩაბარების წესი, გაურკვეველია სად და რა ვითარებაში გადაეცა პირს სასამართლოს გზავნილი, საქმეში არსებული ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ შეიძლება ვადის ათვლის საფუძლად იქნას მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ მ.შ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:
სადავოს არ წარმოადგენს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ.შ–მა, რაც სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია სააპელაციო საჩივრად, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორს დაავალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა, ხარვეზის გამოსწორების ვადად განუსაზღვრა 10 დღე, ხოლო განჩინების მე-2 პუნქტით ამომწურავად განუმარტა საპროცესო მოქმედების არაჯეროვანი შესრულების შესაძლო ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე _ ქ.საგარეჯო.
მისამართის სისწორე კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია;
მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო შეტყობინება 2015 წლის 3 თებერვალს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილს _ ზ.შ–ს.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის შეტყობინების გადაცემის დროისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვას და ამ გზით მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე არასწორია.
უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები სარჩელის დაუშვებლობისა თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე საკასაციო პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, რაც შეეხება ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, უწყების (შეტყობინების) უშუალოდ ადრესატისათვის გადაცემად განიხილება მისი ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარება, თუმცა ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მისამართი უნდა იყოს ზუსტი; მიმღები უნდა იყოს ადრესატის ოჯახში მცხოვრები, ოჯახის ქმედუნარიანი წევრი; უწყების მიმღები და ადრესატი სადავო საქმეში არ უნდა წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ უწყება საქმეში მითითებულ მის მისამართზე არ ყოფილა მიტანილი, რადგანაც მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ ზ.შ–ს თან არ ჰქონდა პირადობა ამ მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას არ იძლევა, ხოლო ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია;
პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ ზ–ში მოცემული საქმით დაინტერესებული პირია, რადგანაც, როგორც რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, ზ.შ–მა, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ განაცხადა უარი სადავო სამკვიდროზე, იგი განსახილველი დავის სუბიექტს არ წარმოადგენს, ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც მხარის მოსაზრებას საფუძვლიანს გახდიდა, საქმეში არაა წარმოდგენილი. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული მ.შ–ის მტკიცებაც, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო იგი სულ შინ იმყოფება და შეეძლო უწყება თავადაც ჩაებარებინა, გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზით პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მ.შ–ს შეტყობინების დროულად მიღება სადავოდ არ გაუხდია, სადაც აღნიშნავს, რომ, ასაკის გამო, შესაძლოა მან 4 რიცხვს მიუმატა 10 და ამ სახით გამოთვალა საპროცესო ვადა, სადავო გარემოების სამტკიცებლად ასევე არ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ „11 თებერვალს იპოვა სარჩელი“.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მის მიერ დანიშნული ვადის ერთი დღით გაგრძელებაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კდექსის 65-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობა, სასამართლოზე არაა დამოკიდებული, ასეთ ვითარებაში უნდა არსებობდეს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საპატიო მიზეზი, რომლის თაობაზე სწორედ მხარემ უნდა აცნობოს სასამართლოს და წარუდგინოს იმ საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობას და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს დროულ ინფორმირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი და მართებულად მიიჩნია 2015 წლის 3 თებერვალს შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 4 თებერვალს და ამოიწურა 13 თებერვალს, სამუშაო დღეს _ პარასკევს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტმა დოკუმენტები ფოსტას 2015 წლის 14 თებერველას ჩააბარა რაც უდავოდ მოწმობს სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევას, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორად განმარტების გზით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მ.შ–ის სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე