საქმე №ას-517-490-2015 2 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შ.ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ქ. (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ შ.მ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.ქ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.მ–სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შ.ს–ის მიმართ შ.მ–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილის („ბმვ 325I“, სახელმწიფო ნომრით IIO-...) მესაკუთრედ ცნობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადოს საქმეთა ოფიცერ ა.კ–ის 31.01.2012წ. №040-3 მიმართვის საფუძველზე შ.მ–ის საგადასახადო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღისგან ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთის გათავისუფლების მოთხოვნით.
შ.მ–მ სარჩელი ცნო, ხოლო სსიპ შ.ს–მა მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა შ.მ–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილის („ბმვ 325I“, სახელმწიფო ნომრით IIO-....) მესაკუთრედ და ქონება გათავისუფლდა შ.მ–ის საგადასახადო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღისაგან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შ.ს–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შ.ს–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2015 წლის 23 აპრილს, 11:00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შ.ს., რომელიც სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი წესით (უწყება კანცელარიას ჩაბარდა 2015 წლის 7 აპრილს), ხოლო გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე მუხლებით, 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ შ.ს–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2014 წლის 25 დეკემბერს და გადაიდო რამდენჯერმე, მათ შორის, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ბოლოს სასამართლო სხდომა დაინიშნა 2015 წლის 23 აპრილს, რომელზეც აპელანტის წარმომადგენელი გამოცხადდა დაგვიანებით, რაც განპირობებული იყო ჩვეულზე მეტი ხნით საავტომობილო საცობში ყოფნით, აღნიშნულის შესახებ ასევე ვერ მოხდა მოსამართლის თანაშემწის ინფორმირება. სასამართლო სხდომაზე მხარე გამოცხადდა 25 წუთის დაგვიანებით. სააპელაციო სასამართლომ საქმე ნაჩქარევად, შ.ს–ის წარმომადგენლის დაუსწრებლად განიხილა და მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნულით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი, რადგან სასამართლომ თავი აარიდა ყველა საპროცესო მხარის მონაწილეობით საქმის განხილვას, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის მასალები და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მიიღო კანონშეუსაბამო განჩინება.
წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის დავების დეპარტამენტის მძღოლის _ ლ.პ–ას მოხსენებითი ბარათი 2015 წლის 23 აპრილს, საგზაო საცობის გამო, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე დაგვიანების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შ.ს–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შ.ს–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, თუმცა იმ მიზეზით, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ვერ წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა, საქმის განხილვა გადაიდო 2014 წლის 25 დეკემბერს. დანიშნულ დროს სხდომა ვერ ჩატარდა და ახალი სხდომის თარიღის შესახებ (2015 წლის 23 აპრილი, 11:00 საათი) აპელანტს ეცნობა სასამართლო უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით გადაცემის გზით, კერძოდ, სსიპ შ.ს–ში უფლებამოსილ პირს უწყება ჩაბარდა 2015 წლის 7 აპრილს;
2015 წლის 23 აპრილს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა სსიპ შ.ს–ის წარმომადგენელი, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ განუხილველად დარჩეს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, როგორც აპელანტის ჯეროვანი ინფორმირების, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობა.
კერძო საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლო სხდომაზე დაგვიანება განაპირობა სატრანსპორტო საცობმა, ხოლო მოსამართლის თანაშემწის წინასწარ ინფორმირება ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, მხარემ წარმოადგინა ამავე სამსახურის მძღოლის მოხსენებითი ბარათი, საცობში ყოფნის გამო, სასამართლო სხდომაზე დაგვინაების შესახებ.
მხარის ამ პრეტენზიათა შესწავლის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების) გაუქმების საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობა, რაც შეეხება მხარის მითითებას დროულად გამოცხადების შეუძლებლობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ იგი ვერც დაუძლეველ ძალად და ვერც საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მოიხმობს საქართვლოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დღეს, ისინი სასამართლო სხდომაზე დროულად ვერ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზით, კერძოდ, სს „... ბ–ის“ კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იურიდიულ დეპარტამენტს ემსახურება და რომლითაც კონკრეტულ შემთხვევაში მგზავრობდნენ ბანკის წარმომადგენლები დაზიანდა, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის (საცობის) გამო, მათ გაუძნელდათ სათადარიგო ტრანსპორტის გამოყენებით დროულად გამოცხადება სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მოსამართლის აპარატის გაფრთხილება სატელეფონო საშუალებით ვერ განახორციელეს, ვინაიდან სატელეფონო კვანძი ხანგრძლივად იყო დაკავებული. ამდენად, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალათ სასამართლოში დროულად გამოცხადებისათვის (სსსკ-ის 233.1 „ბ“ ქვეპუნქტი), რის გამოც მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლო პროცესზე დროულად გამოუცხადებლობა გადატვირთულმა და შეფერხებულმა სატრანსპორტო მოძრაობამ გამოიწვია, საკასაციო სასამართლოს მიერ, მითითებული მუხლების შესაბამისად, ვერ მიიჩნევა შემაფერხებელ გარემოებად და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად. ამასთან, მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას“ (იხ. სუსგ №ას-1051-985-2010, 23 დეკემბერი, 2010 წელი) .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შ.ს–ის კერძო საჩვარი უსაფუძლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური