Facebook Twitter

საქმე №010210014543689 28 ივლისი, 2015 წელი

№ას-539-512-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ბ-ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ქ.ბ-ომ“ მოპასუხე ნ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1815 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ქ.ბ-ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ნ. ჩ-ეს შპს „ქ.ბ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1815 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით:

1. ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ჩ-ე ,,ქ.ბ-ოში” მკურნალობდა 2011 წლის 21 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. ამ ფაქტს არც ნ. ჩ-ე უარყოფს;

მის მკურნალობაზე გაწეულმა ხარჯმა 1815 ლარი შეადგინა. მხარეებს შორის სადაო სწორედ ეს არის. ნ. ჩ-ეს მკურნალობის საფასური სამედიცინო დაწესებულებისთვის არ გადაუხდია. აღნიშნული მან არც სააპელაციო საჩივარში უარყო, მაგრამ განმარტა, რომ მოსარჩელის წინაშე არანაირი ვალდებულება არ უკისრია.

ს.ფ. 14-ზე წარდგენილია სამედიცინო მომსახურების გაწევაზე პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა, რომელსაც ხელს აწერს პაციენტის – ნ. ჩ-ის შვილი ლ. თ-ე. დასახელებული მტკიცებულებით დგინდება, რომ შპს ,,ქ.ბ-ოში” ნ. ჩ-ეს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა, რომლის ღირებულებამ 1815 ლარი შეადგინა.

სააპელაციო საჩივარში არც აპელანტი უარყოფდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ჯ. მ-მა ვერ დაადასტურა რა თანხა გადაუხადა მოსარჩელეს ნ. ჩ-ის მკურნალობისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს ,,ქ.ბ-ოს” სარჩელის მოთხოვნების დასაბუთებულობა სასამართლომ სწორად შეამოწმა სახელდობრ სახელშეკრულებოსამართლებრივი ვალდებულებების ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ შპს ,,ქ.ბ-ოში” ნ. ჩ-ეს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა, რომლის ღირებულებამ 1815 ლარი შეადგინა. ნ. ჩ-ეს მკურნალობის საფასური სამედიცინო დაწესებულებისთვის არ გადაუხდია.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) განმარტება ჯ. მ-ის მიერ მისი მკურნალობის ხარჯის გადახდის თაობაზე. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, მკურნალობის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოპასუხემ წარმოადგინა მოწმის ჩვენება, რაც სასამართლომ სწორად არ გაიზიარა, რადგან სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თანხის გადახდის დადასტურება უნდა მოხდეს შესაბამისი ქვითრით და არა მოწმის ჩვენებით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ არსებობდა წერილობითი მტკიცებულება, ს.ფ. 14-ზე წარდგენილი პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელზეც ხელს აწერდა პაციენტის ნ. ჩ-ის შვილი ლ. თ-ე. ხსენებული მტკიცებულების ნამდვილობა სადავო არ გამხდარა, ამასთან, მეორე მხრივ, არსებობდა მოწმე ჯ. მ-ის ჩვენება, რომელიც ზუსტად ვერ იხსენებდა, თუ რა თანხა გადაუხადა ნ. ჩ-ის მკურნალობისათვის მოსარჩელეს. მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მხედველობაში მისაღები იყო შემდეგი ფაქტორები: მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას – თანმიმდევრულობა, თავდაჯერებულობა, რეაქციები კითხვების დასმის დროს – მოწმის ჩვენების შინაარსის შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან.

სააპელაციო სასამართლომ, მოწმე ჯ. მ-ის ჩვენება მოცემულ საქმეზე მტკიცებულებად ვერ მიიჩნია, რადგან თვითონ აპელანტიც უთითებდა, რომ მისი ჩვენება ზუსტი არ იყო, იგი ვერ იხსენებდა, რა თანხა გადაიხადა ნ. ჩ-ის მკურნალობისათვის, მხოლოდ იმას განმარტავდა, რომ თანხა რომ არ გადახდილიყო, ნ. ჩ-ეს საავადმყოფოდან არ გაწერდნენ.

ჩვეულებრივ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წერილობით მტკიცებულებაში ასახული გარემოებები, ს.ფ. 14-ზე წარდგენილი პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელსაც ორივე მოდავე მხარე აწერდა ხელს, მისი შინაარსი სადავო არ იყო და რომლითაც დგინდებოდა, რომ შპს ,,ქ. ბ-ოში” ნ. ჩ-ეს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა, რომლის ღირებულებამ 1815 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზარა მოწმის ჩვენება სადავო ფაქტის დასადასტურებლად (გადაიხადა თუ არა მკურნალობის თანხა ნ. ჩ-ემ და არებობს თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფულადი ვალდებულება). რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას, რომ მხარეებს შორის ვალდებულება არ არსებობდა და შესაბამისად, მოსარჩელეს ნ. ჩ-ის მიმართ არ ჰქონდა მოთხოვნის უფლება, ამის საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ს.ფ. 14-ზე წარდგენილ პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობაზე სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელზეც ხელს აწერდა პაციენტის ნ. ჩ-ის შვილი ლ. თ-ე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მტკიცებულებით დგინდებოდა, რომ შპს ,,ქ. ბ-ოში” ნ. ჩ-ეს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა, რომლის ღირებულებამ 1815 ლარი შეადგინა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოპასუხეს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან შპს ,,ქ.ბ-ოში” მოთავსების შემდგომ, უფლებამოსილ პირს – საავადმყოფოს წარმომადგენელს, ნ. ჩ-ესა და მის წარმომადგენელ ლ. თ-ეს შორის სამედიცინო მომსახურების გაწევის და შესაბამისად საფასურის გადახდაზე არანაირი გარიგება არ შემდგარა, სადაც გაწერილი იქნებოდა ხელშემკვრელი მხარეების უფლება-ვალდებულებები;

სასამართლომ გაითვალისწინა საავადმყოფოს მიერ წარდგენილი მტკიცებულება – სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №..., რითაც კასატორი ნ. ჩ-ე და მისი შვილი ლ. თ-ე თანახმა იყვნენ, ნ. ჩ-ეს გასწეოდა მკურნალობა, თუმცა მკურნალობის ღირებულების გადახდაზე მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღიათ, რადგან თავად ნ. ჩ-ის, მისი შვილის და ქმრის მკურნალობისათვის გაწეული ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება აიღო ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენაში დამნაშავე პირის, გ. მ-ის ძმამ, ჯ. მ-მა, რაც მან დაადასტურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი მოწმის სახით დაკითხვის დროს და განმარტა, რომ მან მოსარჩელეს გადაუხადა მოპასუხის მკურნალობის ხარჯები. სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, მას მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან მასა და მოსარჩელეს შორის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება არ დადებულა.

საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორი თავად აღნიშნავს, რომ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №...-ის მიხედვით, კასატორი და მისი შვილი - ლ. თ-ე თანახმა იყვნენ, კასატორს გასწეოდა მკურნალობა, თუმცა მკურნალობის ღირებულების გადახდაზე მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღიათ, რადგან თავად კასატორის, მისი შვილისა და ქმრის მკურნალობისათვის გაწეული ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება აიღო ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენაში დამნაშავე პირის, გ. მ-ის ძმამ, ჯ. მ-მა.

კასატორის ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორსა და სამედიცინო დაწესებულებას (მოსარჩელეს) შორის დაიდო ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კასატორი მიიჩნევს, რომ მას მოსარჩელესთან ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება არ დაუდია, მაგრამ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ანაზღაურება შეთანხმებულად ითვლება, ვინაიდან სამედიცინო მომსახურეობის გაწევა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. კასატორი არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც მას სამედიცინო მომსახურეობის ანაზღაურების გარეშე მიღების უფლებას ანიჭებდა. ამასთან, შესაძლებელია, რომ ანაზღაურების ოდენობა არც იყოს შეთანხმებული, მაგრამ ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ანაზღაურებას მოითხოვს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ტარიფების მიხედვით, შესაბამისად, შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი.

რაც შეეხება კასატორის განმარტებას იმის შესახებ, რომ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელის წინაშე იკისრა მესამე პირმა და შეასრულა კიდეც ეს ვალდებულება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ კასატორმა (მოპასუხემ) ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მოპასუხეს გაუწია 1815 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურეობა, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეს (შემკვეთს) მოსთხოვოს შეთანხმებული საზღაური, ანუ 1815 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ჩ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. თ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი – 2015 წლის 13 მაისი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი