Facebook Twitter

№ას-54-49-2015 17 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – კ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ. .... ს-ი’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჯ. .... ს-ის’’ მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2013 წლის 1 მარტს მოსარჩელესა და შპს ,,ჯ. ... ს-ის’’ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კ. კ-ემ სესხის სახით მიიღო 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და იკისრა ვალდებულება 2013 წლის 10 სექტემბრისათვის სრულად დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა ყოველთვიური 3%. გამსესხებლის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ტ. ტ-ის № ..-ში მდებარე სხვენი, ბინა № ..-ის თავზე, სადარბაზო .., ფართი 115 კვ.მ. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......).

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულების 5.13 პუნქტის თანახმად, თუ მის მიერ დარღვეული იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კ-ეს გამსესხებლის სასარგებლოდ ავტომატურად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე, თუმცა არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა სესხის დადგენილ ვადაში დაფარვა, ნოტარიუს დ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 09 ოქტომბერს გაცემულ იქნა №... სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელეს გამოეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

მოსარჩელის აზრით, 2013 წლის 09 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 0,05%-მდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ვინაიდან იგი სრულიად გაცნობიერებულად დაეთანხმა მის ოდენობას და მსესხებლის განცხადება მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების შესახებ არ შეიძლება გახდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს ,,ჯ. .... ს-ის’’ სასარგებლოდ კ. კ-ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა ნოტარიუს დ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (რეგ. №...) მითითებული 10000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 2500 აშშ დოლარით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.12.2013წ. №2/18939-13 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა დ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემული №... სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მდებარე: ქ.თბილისი, ტ. ტ-ის №.., სხვენი ბინა № ..-ის თავზე, სადარბაზო .. ფართი: 115,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ... რეალიზაცია, გაუქმდა ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის - 50000 აშშ დოლარის და სარგებლის - 7300 აშშ დოლარის აღსრულების შეჩერების ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო საჩივრის მიხედვით კი, სადავო იყო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქ კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.3%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 2500 აშშ დოლარამდე.

აპელანტის მოთხოვნაზე - შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში, პალატის აზრით, აპელანტი ვერ ასაბუთებდა, თუ რატომ მიიჩნევდა პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვდა შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 50 000 აშშ დოლარის და სარგებლის - 7300 აშშ დოლარის აღსრულების შეჩერების ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა დ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

საქმის მასალებით ასევე დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა დ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N... სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, რომლის საფუძველზეც ხორციელდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისი, ტ. ტ-ე N.., სხვენი ბინა N..-ის თავზე, სადარბაზო .., ფართი: 115.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ..... რეალიზაცია.

კ. კ-ემ მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა ნაწილობრივ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა თავისივე გადაწყვეტილებით, რაც ამავე გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით საჩივრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „ჯ. .... ს-ის“ უფლება ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება 5 დღიან ვადაში გაესაჩივრებინა და ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გაუქმება მოეთხოვა. საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში სადავო ნაწილში აღსრულების შეჩერების გაუქმება ძირითადი გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად შევიდოდა კანონიერ ძალაში. მოპასუხემ მითითებული უფლებით არ ისარგებლა. პალატამ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხდება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მითითებულ ნაწილში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პრინციპს დაუქვემდებარა და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც ნაწილობრივ გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული პუნქტის კანონიერი ძალა დაკავშირებულია სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით აპელანტის იურიდიული ინტერესი უსაფუძვლოა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს კი წარმოადგენდა უზრუნველყოფის ღონისძიების არსი და მისი გაუქმების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მთელი სააღსრულებო ფურცლის მოქმედება მხოლოდ პირგასამტეხლოს გასაჩივრების პირობებში იქნა შეჩერებული, პალატამ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გაუქმება დაკავშირებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან. სხვაგვარი საპროცესო-სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინების საჩივრის წესით გასაჩივრება და უდავო ნაწილში (ძირითადი თანხა, სარგებელი) ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გაუქმების მოთხოვნა. ამგვარი საჩივრის არარსებობის პირობებში კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა დამოკიდებულია პირგასამტეხლოს თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნას, იმთავითვე, პირგასამტეხლოს შემცირება წარმოადგენდა, შესაბამისად, ვინაიდან ამ მოთხოვნის ფარგლებში მოხდა მთელი სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, ამიტომ აღნიშნული შეჩერების გაუქმება დაკავშირებულია პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ძირითად თანხასა და სარგებელს არ ეხება. აღნიშნულ გარემოებას საჩივრის წარდგენის გზით მოპასუხე უნდა შეცილებოდა. შეცილების არარსებობის პირობებში კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა დამოკიდებული ხდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში აპელანტის იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. კ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით მართებულადაა განსაზღვრული, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. ამიტომ, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოთ მოხმობილი ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისთვის დაკისრება, რაც თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს.

სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამოდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევის მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისთვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს თავის თავში ზიანის ანაზღაურებას.

კასატორის აზრით, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა იქნას დაყვანილი პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

ამ ნაწილში სასამართლომ მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და მართებულად მიუთითა პირგასამტეხლოს თანაზომიერების ფარგლებამდე დაყვანის კრიტერიუმებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოცემული კრიტერიუმები პრაქტიკულად არ გამოიყენა. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განესაზღვრა 1666 აშშ დოლარით და არა 2500 აშშ დოლარით.

პირგასამტეხლოს თანაზომიერების განსაზღვრისთვის აუცილებელია შესაბამისი ანალიზი, რაც სასამართლოს არ მოუხდენია. ამასთან, კასატორის აზრით, შეუძლებელია კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დამტკიცდებოდა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა თბილისის საქლაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება და შეცვლაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

კასატორის აზრით, თუკი სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებისას იხელმძღვანელა იმით, რომ კ. კ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ ეთქვა უარი, მაშინ მას უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაეუქმებინა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად, რაც არ მოახდინა. პირიქით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხევით, ,,სარჩელი დაკმაყოფილდა 90 %-ის ოდენობით’’, უზრუნველყოფის ღონისძიება კი თითქმის მთლიანად გაუქმდა, რასაც ლოგიკური ახსნა არ გააჩნია.

კასატორის აზრით, ამ ნაწილში ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის აშკარა დარღვევას, რასაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით კ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე,

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და ითხოვს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. კერძოდ, მის განსაზღვრას 2500 აშშ დოლარის ნაცვლად 1666 აშშ დოლარით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ კ. კ-ეს (პირადი ნომერი: .....) დაუბრუნდეს გ. წ-ას (პირადი ნომერი: .....) მიერ 2015 წლის 03 თებერვლის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე