Facebook Twitter

საქმე №ას-545-517-2015 01 ივლისი, 2015 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ. გ.-ი, ი. გ.-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ც.-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე ძირითად სარჩელში - სს „ს. ბ.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და სააღსრულებო წარმოების შეწყევეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ც.-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: სს „საქართველოს ბ.-ის“, ი. გ.-ისა და თ. გ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. ერთი მხრივ, სს „საქართველოს ბ.-სა“ და მეორე მხრივ, თ. გ.-ისა და ი. გ.-ს შორის 27.02.2006წ.-ს გაფორმებული N..-ა იპოთეკის ხელშეკრულებისა და 14.12.2010წ.-ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N..-ა ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N72-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 69,94კვ.მ ფართის იპოთეკით დატვირთვის ნაწილში; 3. ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე ბ. ც.-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 69,94კვ.მ ფართის ყადაღისაგან გათავისუფლება; 2. ბ. ც.-ის მიმართ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ც.-ის სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე - ბ. ც.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა: ი. გ.-მა და თ. გ.-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბ. ც.-ის სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინებით ი. გ.-ისა და თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ც.-ის სარჩელი ი. გ.-ის, თ. გ.-ის და სს „საქართველოს ბ.-ის“ მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიღებული ი. და თ. გ.-ების წინააღმდეგ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობს მოპასუხისათვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ.-ი და თ. გილიგაშილი არ წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ი. გ.-მა და თ. გ.-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2010წ.-ს ერთი მხრივ, სს „საქართველოს ბ.-სა“ და მეორე მხრივ, ი. გ.-სა და თ. გ.-ს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ი. გ.-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართი. ბ. ც.-მა კი, როგორც ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის მოსარგებლემ 1980 წლიდან მოიპოვა ფართზე სარგებლობის უფლება. ეს ინფორმაცია ბ.-ისათვის ცნობილი იყო ფართის იპოთეკით დატვირთვის დროისათვის. იპოთეკის გაფორმებისა და ფართის იპოთეკით დატვირთვის მომენტში ბ. ც.-ს გააჩნდა დასახელებულ ფართზე სარგებლობის უფლება და მოგვიანებით, მისი ეს უფლება აღიარებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ბ. ც.-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე 69კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.

კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ც.-ის სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ქონების ყადაღისგან გათავისუფლებისა და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ბ. ც.-ისათვის წარმოშობს იმ იურიდიულ შედეგს, როგორიცაა იპოთეკით დატვირთული ბინის, მათ შორის, ბ. ც.-ის კუთვნილი ფართის აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებისათვის კი, ეს ყოველივე ქმნის იმ იურიდიულ მოვალეობას, რომ მათ ბ. ც.-ს უნდა შეუძინონ 69კვ.მ ფართი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

საკასაციო პალატა პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დანაწესზე, რომლითაც რეგულირებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, კერძოდ, კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გამოტანილი გადაწყვეტილება, სახელდობრ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ინსტიტუტი წარმოადგენს იმგვარ პროცესუალურ შესაძლებლობას, რომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით, დაინტერესებულ მხარეს მიეცეს უფლება იდავოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი (საკასაციო პალატის მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკასთან. იხ., 27.03.2014წ.-ის სუსგ №ას-169-159-2014 განჩინება, სუს 01.07.2014წ.-ის №ას-455-430-2014 განჩინება).

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და საპროცესო კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და მათი ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. ც.-მა და მოპასუხეებად დაასახელა სს ,,საქართველოს ბ.-ი", ი. გ.-ი და თ. გ.-ი. სასარჩელო მოთხოვნას კი, წარმოადგენდა: 1. ერთი მხრივ, სს „საქართველოს ბ.-სა“ და მეორე მხრივ, თ. გ.-ისა და ი. გ.-ს შორის 27.02.2006წ.-ს გაფორმებული N..-ა იპოთეკის ხელშეკრულებისა და 14.12.2010წ.-ს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N..-ა ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 69,94კვ.მ ფართის იპოთეკით დატვირთვის ნაწილში; 3. ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე ბ. ც.-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 69,94კვ.მ ფართის ყადაღისაგან გათავისუფლება; 2. ბ. ც.-ის მიმართ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

მოცემულ შემთხვევაში კი, ი. გ.-ი და თ. გ.-ი ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბ. ც.-ის სარჩელი ი. გ.-ის, თ. გ.-ის და სს „საქართველოს ბ.-ის“ მიმართ. გადაწყვეტილების გასაჩივრებისადმი იურიდიულ ინტერესად აპელანტები იმ გარემოებას მოიაზრებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბ. ც.-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე უძრავი ქონებიდან 69,94კვ.მ ფართის მესაკუთრედ. ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონება კი, რომელშიც ასევე შედის ზემოთაღნიშნული 69,94კვ.მ ფართი, სს „საქართველოს ბ.-ის“ სასარგებლოდ მიქცეულია სარეალიზაციოდ თ. გ.-ის სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ეს ყოველივე კი, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ი. გ.-ისა და თ. გ.-ს მომავალში წარმოუშობს ვალდებულებას შეუძინონ და გადასცენ ბ. ც.-ს ანალოგიური მახასიათებლების მქონე ფართი.

კერძო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტები საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ გახდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე ი. და თ. გ.-ების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ როგორც ეს მოცემული საქმის მასალებითაა დადგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია თავად მოსარჩელე - ბ. ც.-ის მიერ. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. ამდენად, მოსარჩელის მართლზომიერი იურიდიული ინტერესის - ქ.თბილისში, ქ.წ.-ის გამზ.N..-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისას არ იქნეს ხელყოფილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 69,94კვ.მ ფართზე ბ. ც.-ის საკუთრების უფლება - მიღწევა, პროცესუალურად შესაძლებელია არა მოპასუხეების, არამედ უშუალოდ მოსარჩელის სამართლებრივად დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სააპელაციო პრეტენზიით. ასე, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, როგორც სამართალწარმოების პროცესში ბ. ც.-ის საკუთრების უფლების დაცვის უალტერნატივო გზა, პროცესუალური თვალსაზრისით, უმართებულოა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი (ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელი) წარმოადგენს იმგვარ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც იცავს სხვისი საკუთრების უფლებას უსაფუძვლო ხელყოფისაგან. ნორმის მიზანია ქონების ნამდვილი მესაკუთრის ინტერესის სამართლებრივი ბალანსის დაცვა მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში, ხოლო ნორმით მინიჭებული უფლების ადრესატად კი, ქონების მესაკუთრე გვევლინება.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობს ი. და თ. გ.-ების მიმართ რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას, მათ არ გააჩნიათ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებამოსილება, რის გამოც, მათი სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ.-ისა და ი. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე