№ას-550-522-2014 28 ივლისი, 2015 წელი
ას-550-522-2014-ბ-ია თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ბ-ია“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.“, ა. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნასყიდობის ფასის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ბ-იამ“ მოპასუხეების – შპს „კ.სა“ და ა. ს-ის მიმართ და მოითხოვა:
მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 12925.30 ლარის, აგრეთვე, 2013 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 14 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ბ-იას“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. შპს „კ.სა“ და ა. ს-ეს შპს „ბ-იას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12925.30 ლარის გადახდა. მათვე დაეკისრათ 2013 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს ანაზღაურება 14 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 539 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 719 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „კ.მ“ და ა. ს-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. შპს „კ.ს“ და ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ბ-იას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4. შპს „კ.ს“ შპს „ბ-იას“ სასარგებლოდ დაეკისრა 6869.4 ლარის გადახდა;
5. შპს „კ.ს“ შპს „ბ-იას“ სასარგებლოდ დაეკისრა 1890 ლარის გადახდა;
6. შპს „კ.ს“ დაეკისრა ყოველდღიურად 7 ლარის გადახდა, 2013 წლის 8 ივნისიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
7. შპს „კ.ს“ და ა. ს-ეს შპს „ბ-იას“ სასარგებლოდ დაეკისრათ 565.37 ლარის გადახდა;
8. შპს „კ.ს“ შპს „ბ-იას“ სასარგებლოდ დაეკისრა 509.75 ლარისს გადახდა;
9. შპს „კ.ს“ შპს „ბ-იას“ სასარგებლოდ დაეკისრა 679 ლარის გადახდა;
10. შპს „ბ-იას“ ა. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 410.54 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ბ-იასა” და შპს ,,კ.ს” შორის 2011 წლის 25 ივლისიდან არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ შპს ,,კ.” შპს ,,ბ-იასგან” პერიოდულად იძენდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალებს.
2011 წლის 12 სექტემბერს მხარეებმა დადეს ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებაც, რომლის თანახმად, მყიდველს შეეძლო შეეძინა საქონელი გამყიდველისგან და მისი ფასი ერთი თვის ვადაში გადაეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მყიდველი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
მითითებული ხელშეკრულების დადების შემდგომ, შპს ,,კ.” მოსარჩელისგან იძენდა საქონელს, თუმცა – მის ფასს არ იხდიდა, რის გამოც 2012 წლის 2 მაისს შპს ,,კ.ს” დირექტორმა ა. ს-ემ შეადგინა განცხადება ვალის აღიარების შესახებ, სადაც მიუთითა, რომ შპს ,,კ.ს” დავალიანება 2012 წლის 2 მაისის მდგომარეობით შპს ,,ბ-იას” მიმართ 8585.83 ლარს შეადგენდა. ა. ს-ემ, შპს ,,კ.სთან ერთად, ამ თანხის გადახდაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა 2012 წლის 20 დეკემბრამდე იკისრა, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდით.
მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა ფაქტობრივად 2012 წლის 11 სექტემბერს შეწყდა, როდესაც შპს ,,კ.მ” ბოლო გადახდა განახორციელა 250 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ, დაფიქსირდა შპს ,,კ.ს” დავალიანება შპს ,,ბ-იას” მიმართ 7434.77 ლარის ოდენობით.
შპს ,,კ.მ”, 2012 წლის 2 მაისიდან 2012 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, შპს ,,ბ-იას” 6869.4 ლარი გადაუხადა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეთა შორის ხელშეკრულება, ხოლო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა – გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ გამყიდველმა (მოსარჩელემ) ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მყიდველს (მოპასუხეს) 7434.77 ლარის ღირებულების ქონება გადასცა, მაგრამ მყიდველს მისი ფასი არ გადაუხიდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა შპს ,,კ.ს” მიმართ მითითებული თანხის მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 891-ე და 895-ე მუხლებზე ა. ს-ეს, როგორც თავდებს, სოლიდარული პასუხისმგებლობა შეიძლებოდა დაკისრებოდა მხოლოდ 565.37 ლარის გადახდის ნაწილში, რადგან დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ა. ს-ემ სოლიდარული თავდებობა იკისრა მოსარჩელის წინაშე, შპს ,,კ.“ მოსარჩელისათვის 6869.4 ლარი ჰქონდა გადახდილი, შესაბამისად, ეს თანხა უნდა გამოკლებოდა სარჩელში დაფიქსირებულ ძირითად თანხას და დარჩენილ სხვაობაზე – 565.37 ლარზე სოლიდარულ მოვალეებად მიჩნეულ უნდა ყოფილიყვნენ ა. ს-ე და შპს ,,კ.”.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია პირგასამტეხლოს გადახდევინებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ა. ს-ესა და შპს ,,ბ-იას” შორის წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არ არსებობს. ამდენად, შპს ,,კ.ს” მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო ა. ს-ათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება გამოირიცხა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ.სთვის” გადასახდელად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შემდეგნაირად უნდა გამოთვლილიყო:
ა. დადგინდა, რომ სარჩელში მითითებული ძირითადი თანხა – 7434.77 ლარი – დავალიანებად დაფიქსირდა 2012 წლის 11 სექტემბერს. ამ თანხის 0.1% 7.43 ლარს შეადგენდა.
ბ. 2012 წლის 11 სექტემბრიდან 2013 წლის 8 ივნისამდე 270 დღე იყო გასული.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
დ. ამ ნორმის და განსახილველი საქმის გარემოებების (მათ შორის – იმ გარემოების, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ზუსტი დაანგარიშება 2012 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდისათვის შეუძლებელი იყო) გათვალისწინებით, გონივრული იქნებოდა, რომ შპს ,,კ.ს” მიერ ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 7 ლარით განსაზღვრულიყო.
ე. 2012 წლის 11 სექტემბრიდან 2013 წლის 8 ივნისამდე გასული 270 დღე იყო გასული; შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის შპს ,,კ.ს” მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო 1890 ლარს (270 X 7 = 1890-ს) შეადგენდა, ვინაიდან დავალიანების თანხა დღემდე გადაუხდელია, შპს ,,კ.” ვალდებული იყო – პირგასამტეხლო ეხადა დავალიანების სრულად დაფარვამდე, ე.ი. – ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 7 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-იამ“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ა. ს-ის, როგორც თავდების, სოლიდარული პასუხისმგებლობა არ უნდა შემცირებულიყო შპს „კ.ს“ მიერ გადახდილი 6869.4 ლარით, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოადგენდა არა ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული თანხის ნაწილს, არამედ ვალის აღიარების შემდეგ მოპასუხის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულებას. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ს-ისათვის თავდებობის თანხის შემცირების ნაწილში და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება თავდებისათვის პასუხისმგებლობის სრულად დაკისრებასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-იას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორის მოსაზრებით, ა. ს-ის, როგორც თავდების, სოლიდარული პასუხისმგებლობა არ უნდა შემცირებულიყო შპს „კ.ს“ მიერ გადახდილი 6869.4 ლარით, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოადგენდა არა ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული თანხის ნაწილს, არამედ ვალის აღიარების შემდეგ მოპასუხის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2012 წლის 2 მაისიდან 2012 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, შპს „კ.მ“ 6869.4 ლარი გადაუხადა შპს ,,ბ-იას“. დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეძენილი საქონლის ღირებულებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 6869.4 ლარით მართებულად შეამცირა ა. ს-ის სოლიდარული პასუხისმგებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ-იას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (343 ლარის) 70% – 240.10 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ-იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – შპს „ბ-იას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (343 ლარის, საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი – 2015 წლის 16 მაისი) 70% – 240.10 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი