საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ივლისი, 2015 წელი,
№ას-562-533-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ--ო ჯ--ი, ვ--გ ხ--ი, რ--ნ ხ--ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ--ა მ--ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 30 სექტემბერს მ--ა მ--მ, გ--ი ხ--ს 20 000 აშშ დოლარი ასესხა მხარეთა შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად დამოწმდა [სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1----3, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „შემდგომში სსკ-ის“, 623,624-ე მუხლები]. სესხისათვის პროცენტი [სარგებელი] ყოველთვიურად შეადგენდა 5%-ს. მისი დაბრუნების ვადა კი, ერთი თვით, 2010 წლის 30 ოქტომბრამდე, განისაზღვრა. ვადის გადაცილების შემთხვევაში, შეთანხმება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.17%-ს გადახდას [სსკ-ის 625-ე, 400-ე 417-418-ე მუხლები]. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელ, გ--ი ხ--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ც--ის ქ. #--ში, საკადასტრო კოდი #--. იპოთეკა რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში [სსკ-ის 286, 289-ე მუხლები]. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს. გ--ი ხ--მა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება - დადგენილ ვადაში არ დააბრუნა სესხ; გ--ი ხ--ი გარდაიცვალა 2011 წლის 3 მარტს. მის უფლებამონაცვლეებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, წარმოადგენენ: დ--ო ჯ--ი, ვ--გ ხ--ი და რ--ნ ხ--ი. ისინი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრეები, იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრეებად კანონით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი . [სსკ-ის 1336-ე, 1328-ე, 1421-ე, 1433-ე მუხლები]; მემკვიდრეებმა მიღებული აქტივის ფარგლებში არ გადაიხადეს აწ გარდაცვლილი გ. ხ--ის ვალი [სსკ-ის 1484-ე მუხლი]; მ--ა მ--მ სარჩელი აღძრა დ--ო ჯ--ის, ვ--გ ხ--ისა და რ--ნ ხ--ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის აწ გარდაცვლილი გ--ი ხ--ის ვალის, ძირითადი თანხის - 20000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 24 000 აშშ დოლარის, დაკისრება. მან ასევე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის, მდებარე თბილისში, ც--ის ქ. #--, საკადასტრო კოდი #--, იძულებითი რეალიზაცია [სსკ 301-ე მუხლის პირველი ნაწილი]; მოპასუხეებმა წარადგინეს როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი. მათი აზრით, მ--ა მ--ემ კანონით დადგენილ ვადაში, ექვს თვეში, არ წარუდგინა მოთხოვნა მემკვიდრეებს. ამის გამო, მან დაკარგა მოთხოვნის უფლება [სსკ 1488-ე მუხლი]. გარდა ამისა, მოთხოვნის ნამდვილობის შემთხვევაშიც, იგი ვერ განხორციელდება, რადგანაც გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და მათ უფლება აქვთ უარი თქვან შესრულებაზე [სსკ-ის 144.1]. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, მ--ა მ--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 20000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 5828,57 აშშ დოლარის გადახდა, მოთხოვნილი 24 000 დოლარის ნაცვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი და პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა ოთხჯერ. დაკისრებული თანხის დაკმაყოფილების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე თბილისში, ც--ის ქ. #---ში, საკადასტრო კოდი #--) იძულებითი რეალიზაცია [სსკ-ის 301-ე მუხლი]; თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ--ო ჯ--მა, ვ--გ ხ--მა, რ--ნ ხ--მა. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა პ.9-ში მითითებულ ანალოგიურ გარემოებებს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადას. პალატამ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია. აპელანტმა დ--ო ჯ--მა თავის განმარტებაში დაადასტურა ის გარემოება, რომ კრედიტორებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები იმთავითვე ჰქონდათ და გ--ი ხ--ის გარდაცვალების შემდეგ ისინი ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ მათთან სახლში და ითხოვდნენ ვალის დაბრუნებას. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით. სსკ 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მ--ეს მოთხოვნა უნდა წარედგინა იმ მემკვიდრეებისათვის, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. დადგენილია რომ, მოპასუხეები 2013 წლის 6 დეკემბერს დარეგისტრირდნენ გ--ი ხ--ის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად. მ--ა მ--ემ კი სარჩელი უფრო ადრე, 2013 წლის 23 სექტემბერს, წარადგინა სასამართლოში, რომელიც დატოვებულ იქნა განუხილველად. მის მიერ ხელმეორედ, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში წარდგენილი სარჩელი კი მიღებული იქნა წარმოებაში 2014 წლის 27 მარტს. შესაბამისად, სსკ 140-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება 2013 წლის 23 სექტემბრიდან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა აპელანტის მითითება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის დასრულებიდან, 2010 წლის 1 ნოემბრიდან, სამი წლის ვადაში, 2013 წლის 23 სექტემბერს, წარადგინა [სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით 2013 წლის 1 ნოემბერს გადიოდა ხანდაზმულობის ვადა], რომელიც დატოვებული იქნა განუხილველად. მის მიერ ხელმეორედ, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, წარდგენილი სარჩელი კი მიღებული იქნა წარმოებაში 2014 წლის 27 მარტს. შესაბამისად, სსკ-ის 140-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება 2013 წლის 23 სექტემბრიდან; სააპელაციო პალატის დასკვნით, საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ 420-ე მუხლი და სწორად შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 24 000 აშშ დოლარიდან 5828,57 აშშ დოლარამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 01 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ--ო ჯ--მა, ვ--გ ხ--მა, რ--ან ხ--მა. საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. კასატორებს დაკისრებული პირგასამტეხლო (5828,57 აშშ დოლარი) მიაჩნიათ უსაფუძვლოდ და დიდ ოდენობად. საქართველოს უზენასი სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით დ--ო ჯ--ის, ვ--გ ხ--ისა და რ--ნ ხ--ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ--გ ხ--ის, რ--ნ ხ--ისა და დ--ო ჯ--ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელეად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა; საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ იხ. საქმე ას-176-157-2014 მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ 24 000 აშშ დოლარიდან 5828,57 აშშ დოლარამდე შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი; ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ--გ ხ--ის, რ--ნ ხ--ის და დ--ო ჯ--ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 651,14 ლარის 70%-455,80 ლარი.სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ--გ ხ--ს, რ--ნ ხ--ა და დ--ო ჯ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ვ--გ ხ--ს, რ--ნ ხ--სა და დ--ო ჯ--ს დაუბრუნდეთ დ--ო ჯ--ის მიერ (პირადი #--) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (651,14 ლარი, საგადასახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 2015 წლის 16 ივნისი, კორ სტანდარტ ბანკი) 70% – 455,80 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი