საქმე №ას-564-535-2015 17 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ე" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ-ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ა. ჯ-ამ" სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ეს" მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ას" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ს-ეს“ დაეკისრა შპს „ა. ჯ-ას“ სასაეგებლოდ 50 555,74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 49 555,74 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ემ".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს „ს-ეს" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს-ე“ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 250 ლარის დაკისრების ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე და მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრება, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს, რაც არ აღემატებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას. შესაბამისად, არ არსებობდა შპს „ს-ეს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ს-ემ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას 1250 ლარის ოდენობით დაკისრებული თანხის ნაწილში, თუმცა მოსამართლემ დავის საგნის ღირებულებად არ მიიჩნია 1250 ლარი და ცალკე გამოყო პირგასამტეხლოს თანხა, 1000 ლარი. საჩივრის ავტორის აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი არ ითვალისწინებს კონკრეტულად რა მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უნდა გასაჩივრდეს, არამედ მასში მითითებულია გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნის ოდენობა, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა 1250 ლარს.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაუქმება, რადგან შპს „ს-ე“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და სრულიად უსაფუძვლოდ დაეკისრა აღნიშნული თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ეს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
გასაჩივრებული განჩინებით შპს „ს-ეს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს, რაც არ აღემატებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას, არ არსებობდა შპს „ს-ეს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ნორმის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის ღირებულება დავის საგნის ღირებულებით განისაზღვრება იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა. ჯ-ას" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ს-ეს“ დაეკისრა შპს „ა. ჯ-ას“ სასარგებლოდ 50 555,74 ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა 49 555,74 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1000 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს-ეს“ დაეკისრა მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 99-104).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ემ“ როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში (იხ. ტ. 1. ს.ფ. 106-114).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარით (აპელანტმა სადავოდ გახადა დაკისრებული პირგასამტეხლო - 1000 ლარი) და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები არ მოიაზრა ძირითადი დავის საგნის შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დავის საგანი არ მოიცავს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში სადავოდ ხდის კერძო საჩივრის ავტორი. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა აპელანტის მეორე მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილებით სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების, მისი მხარეთათვის დაკისრების წესსა და პირობებს, ასევე ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება შპს „ს-ეს“ მიერ გასაჩივრდა როგორც ძირითადი დავის საგნის, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ორივე მოთხოვნის დასაშვებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს-ეს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აპრილის განჩინება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე