საქმე №330210114538445 20 ივლისი, 2015 წელი
№ას-565-536-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი/მ თ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ქ-მა“ მოპასუხე ინდ. მეწარმე თ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის საფასურის – 25645,53 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ქ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ი/მ თ. ნ-ეს შპს „ქ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 25 645,53 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ თ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით:
1. ი/მ თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა განმარტებებით, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ბარათით, სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დგინდებოდა, რომ 2011 წლის 29 იანვრიდან 2013 წლის 13 დეკემბრამდე მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მოსარჩელისაგან იძენდა იატაკის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელს;
გამყიდველ შპს „ქ-ის“ მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებული იყო ნასყიდობის საგნის სახეობა და ღირებულება, მიღებული და დადასტურებული ქონდა თ. ნ-ეს;
მოპასუხე ეტაპობრივად იხდიდა შეძენილი საქონლის ღირებულებას, მაგრამ 2012 წლის იანვრის შემდეგ ნასყიდობის საფასურის გადახდა შეწყვიტა;
მოპასუხე ადასტურებდა, რომ ნასყიდობის ფასი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო. ასევე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია საგადასახადო ანგარიშფაქტურებში და სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მიწოდებული საქონლის რაოდენობა და ფასი, თუმცა, 8200.53 ლარის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას უარყოფდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე იმავე საქონელს მოპასუხის ბიზნესკონკურენტებს უფრო დაბალ ფასში აწვდიდა და შესაბამისად 8200.53 იყო ფასთა შორის სხვაობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა არა 17 445 ლარის, არამედ 25 645,53 ლარის დავალიანება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა ნასყიდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებას - მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდას. მოპასუხე თავად ადასტურებდა, რომ ნასყიდობის ფასი წინასწარ იყო შეთანხმებული და იმავე საქონლის მესამე პირისათვის ნაკლებ ფასში მიყიდვა არ წარმოშობდა უკვე შეძენილი საქონლის ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319.2 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს „ქ-ის“ დომინირებული მდგომარეობა ლამინირებული იატაკის მიწოდების ბაზარზე. სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად ნასყიდობის საგნის ფასის დაკლების შემთხვევაში მყიდველს შეეძლო სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა გამყიდველისათვის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მყიდველი ამ უფლებით არ ისარგებლებდა იგი კარგავდა უფლებას გამყიდველისგან მოეთხოვა საქონლის ღირებულების შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მოპასუხეს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლია და პირიქით განაგრძობდა შეთანხმებულ ფასში საქონლის შეძენას. შეთახნებული ფასის მიხედვით კი, დავალიანება შეადგენდა 25 645,53 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ თ. ნ-ემ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ქ-ის“ წინააღმდეგ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა წარადგინა არასრულყოფილი შესაგებელი, კერძოდ, შესაგებლის ფორმაში აპელანტის ადგილზე მოწინააღმდეგე მხარე მიუთითა, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე კი აპელანტი.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ქ-ს“ ბაზარზე დომინირებული პოზიცია ეკავა, მან სხვა მეწარმეებს შეუმცირა პროდუქციის ფასი, ხოლო ი/მ თ. ნ-ეს იგივე დაუტოვა, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 398-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ქ-ის“ წინააღმდეგ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა წარადგინა არასრულყოფილი შესაგებელი, კერძოდ, შესაგებლის ფორმაში აპელანტის ადგილზე მოწინააღმდეგე მხარე მიუთითა, ხოლო ამ უკანასკნელის ადგილზე კი აპელანტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას, ვინაიდან დასახელებული გარემოება წარმოადგენს უმნიშვნელო (მექანიკურ) შეცდომას, რაც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იმ ფაქტზე, რომ შესაგებელი წარდგენილია კანონით დადგენილი ფორმის დაცვით და, ცხადია, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე და ნასყიდობის ფასზე. სააპელაციო სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ოდენობა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს ჰქონდა უფლება მოპასუხისგან მოეთხოვა მიწოდებული საქონლის ღირებულების (შეთანხმებული ფასის) გადახდა.
კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „ქ-ს“ დომინირებული მდგომარეობა უჭირავს ბაზარზე, ამიტომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მას არ მიუთითებია და, შესაბამისად, არც დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატება შპს „ქ-ის“ დომინირებული მდგომარეობა ლამინირებული იატაკის ბაზარზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერ დაკმაყოფილდება ასევე კასატორის შუამდგომლობა ყადაღის გაუქმების თაობაზე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია და კასატორს (მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 25645.53 ლარის გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი/მ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი/მ თ. ნ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი