საქმე №330210014632763
საქმე №ას-566-537-2015 15 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ზ. ვ. ა.-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ზ. ვ. ა.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა.-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების – 1 127,59 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ შეიძინა შპს „ზ. ვ. ა.-ის“ მიერ აშენებული უძრავი ნივთი. მოსარჩელე უწევდა მომსახურებას ფართის დაცვასა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ა. ა.-ეს შესაბამისი ანაზღაურება არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი 547,4 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ მოთხოვნას არ დაეთხნმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ზ. ვ. ა.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600,48 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ზ. ვ. ა.-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება, ა. ა.-ისთვის 1127.59 ლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით და საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ზ. ვ. ა.-ის“ სარჩელი ა. ა.-ისთვის 1127.59 ლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600,48 ლარის გადახდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სრულად, ხოლო მისი მოთხოვნაა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. ა.-ისთვის 1127.59 ლარის დაკისრება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, 600.48 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ფასია 527.11 (1127.59 – 600.48) ლარი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, რაც, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ზ. ვ. ა.-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დათქმა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზამოთ შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად, ანუ 1127,59 ლარის ნაწილში გაუქმება და არა 527,11 ლარის ნაწილში, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა.
მხარის მითითებით, საპროცესო ნორმების დარღვევის გარდა მნიშვნელოვანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის არასწორად განმარტების ფაქტი, რაც შპს „ზ. ვ. ა.-ის“ სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ჩვეულებრივი საზღაური შეადგენს 80 ლარს 1კვ.მ-ზე და არა 1,50 ლარს, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვდა და სხვა მოსახლეების მიმართ ჰქონდა განსაზღვრული. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ აძლევს შესაძლებლობას აპელანტს, განხილულ იქნეს მისი ზემოაღნიშნული პრეტენზია, რის შედეგად კომპანიას საფრთხე ექმნება საცხოვრებელი კომპლექსი „თ.-ს“ სხვა მაცხოვრებლებთან მსგავსი დავების წარმოშობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ. ვ. ა.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, თანხის გადახდევინების თაობაზე მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი იმ თანხის ოდენობის შესაბამისად, რომლის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ზ. ვ. ა.-მა“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს „ზ. ვ. ა.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, სარჩელით მოთხოვნილი 1127,59 ლარის ნაცვლად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600,48 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე.
ამდენად, მხარე უფლებამოსილია, სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია, სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ზ. ვ. ა.-ს“ სააპელაციო საჩივრის შეტანა შეეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 1127,59 ლარიდან 527,11 ლარის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენი 600,48 ლარის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რადგან ა. ა.-ეს იგი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განსაზღვრა შპს „ზ. ვ. ა.-ის“ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 527,11 ლარით, რაც ზემოთ დასახელებული ნორმით დადგენილ ოდენობაზე – 1000 ლარზე ნაკლებია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევა, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტება. იმ საკითხზე მსჯელობა, მართებულად განმარტა თუ არა საქალაქო სასამართლომ ესა თუ ის ნორმა, უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა წარმოებაში მიიღებს სააპელაციო საჩივარს. შპს „ზ. ვ. ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი კი, კანონიერად დარჩა განუხილველად და მის საფუძვლებზე არსებითად სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კერძო საჩივარს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ. ვ. ა.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე