Facebook Twitter

№ას-573-544-2014 28 ივლისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ-ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-+“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „კ-იამ“ მოპასუხე შპს „პ-+-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე 30013.13 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელს დაუმზადა და გადასცა 230013.13 ლარის ღირებულების საქონელი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლითონის კ-იები). მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 200000 ლარი, შესაბამისად, მას გადასახდელი დარჩა 30013.13 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა დაგვიანებით, რის გამოც მას დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 410895+10710 ლარი. მოპასუხემ გამოიყენა ხელშეკრულების 11.3.4 პუნქტით მინიჭებული უფლება და მოსარჩელეს 30013.13 ლარის მოთხოვნა გაუქვითა თავის მოთხოვნაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „კ-იის“ სარჩელი შპს „პ-+-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა;

2. შპს „პ-+-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30013.13 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ-+-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. შპს „პ-+-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „კ-იის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 2 სექტემბერს შპს „კ-იასა“ და შპს „პ-+“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სტრუქტურული ლითონის სამუშაოებზე №314/1, რომლის 3.2 პუნქტის თანახმად, შპს „კ-იას“ უნდა შეესრულებინა სტრუქტურული ლითონის სამუშაოები დაახლოებით 60 ტონის ოდენობით;

ერთი ტონა სტრუქტურული ლითონის ფასი განისაზღვრა 3333.33 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მთლიანი საორიენტაციო თანხა - 200000 ლარით;

ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად სახელშეკრულებო თანხის ზუსტი განსაზღვრა უნდა მომხდარიყო სამუშაოთა მიღების შემდგომ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, რაც ასახული და დადასტურებული უნდა ყოფილიყო მხარეთა მიერ ფორმა №2-ით; აღნიშნული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 45 კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი იტოვებდა უფლებას გამოეყენებინა ხელშეკრულების 11.3.4 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ხელშეკრულების მთლიანი ოდენობის 1% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულებით სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 198513.13 ლარი. აღნიშნული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2011 წლის 23 მაისს. დაგვიანებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 207 (7+31+31+28+31+30+19=207) დღე. ჯარიმის ოდენობა ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1985 ლარს, დაგვიანებული დღეების მიხედვით ჯარიმის ოდენობა შეადგენს 410 895 (ოთხას ათიათას რვაასოთხმოცდათხუთმეტი) ლარს.

20.03.2011წ. მხარეებს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც შემსრულებელმა ვალდებულება აიღო დამატებითი სამუშაოები შესრულება დაეწყო 2011 წლის 24 მარტს და დაესრულებინა არაუგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა. შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 31500 (ოცდათერთმეტიათას ხუთასი) ლარი. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2011 წლის 19 მაისს. დამატებით შეთახმებაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შეთანხმება ატარებდა დამატებით ხასიათს, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც გამოიყენებოდა 02.09.2010 წ. ხელშეკრულების 11.3.4 პუქტი. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 19.05.2011წ. ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 34 დღე. ჯარიმის ოდენობამ ერთ დღეზე შეადგინა 315 ლარი, პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა კი განისაზღვრა 10710 ლარით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებმა დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი იყო, რომ მენარდემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროს, რის საპასუხოდაც სადაო ხელშეკრულებაში ჩადებული იყო დამკვეთის უფლება გამოეყენებინა ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე გაქვითვის უფლება, კერძოდ დამკვეთის ეს უფლება გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების 11.3.4 პუნქტში. ეს უფლება გამოიყენა აპელანტმა.

სასამართლოს განმარტებით, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელი იყო მაშინაც, როცა ერთერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ იყო დამდგარი, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერდა გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდებოდა მეორე მხარისათვის შეტყობინებით. იმისათვის რომ ვალდებულლება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით შემწყდარიყო, აუცილებელი იყო განსაზღვრული წინაპირობების არსებობა. გაქვითვის პირველი და აუცილებელი წინაპირობა იყო ის, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდა ვალდებულების შესრულება, ე.ი. ორივე ეთმანეთისთვის ერთდროულად კრედიტორიც უნდა ყოფილიყო და მოვალეც. ასევე აუცილებელი იყო, რომ ორივე ეს მოთხოვნა გაქვითვის შესახებ განცხადების გაკეთების მომენტში არსებულიყო. გაქვითვა პრაქტიკულად ნიშნავდა გამქვითავის მოთხოვნის განხორციელებას, გაქვითვისათვის მხარეთა შეთანხმება საჭირო არ იყო, მაგრამ არც ავტომატურად ხდებოდა. ვალდებულების გაქვითვა ხდებოდა მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ გასაქვითი მოთხოვნა - აპელანტის მოთხოვნა უფრო მეტი იყო ვიდრე სარჩელის მოთხოვნა - შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, იქვითებოდა ის მოთხოვნა რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე. ასეთ შემთხვევაში უდავო იყო, რომ იქვითებოდა შპს ,,კოსნტრუქციის” მოთხოვნა.

სასამართლოს მითითებით მენარდის (შპს ,,კ-იის”) მიერ ვალდებულება დაირღვა (სამუშაო არ შესრულდა დადგენილ ვადაში და იგი ამას სადაოდ არც ხდიდა), რის გამოც მეორე მხარეს ანუ დამკვეთს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა ხელშეკრულებითვე მინიჭებული უფლების - გაქვითვის უფლება, რომლის ვადაც დამდგარი იყო. ანუ გაქვითვის უფლება მხარეს შეეძლო გამოეყენებინა ვალდებულების შესრულების დარღვევის შემთვევაში, რაც სახეზე იყო შპს ,,კ-იის” მხრიდან. შესაბამისად იმის გამო, რომ აპელანტ მხარეს ქონდა გაქვითვის უფლება, სარჩელი იყო უსაფუძვლო ანუ მოსარჩელეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ქონდა მოპასუხისაგან მოეთხოვა თანხის დაკისრება, მაშინ როცა მის მიერ მოხდა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რის გამოც ხელშეკრულებაში ჩადებული იყო გაქვითვის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ-იამ“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ შპს „პ-+-მა“ წინასწარი ავანსის სახით ასანაზღაურებელი სამუშაოს ღირებულების 70%, რომელმაც შეადგინა 140000 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 სექტემბრის ნაცვლად გადარიცხა 12 ოქტომბერს, ანუ 37 დღიანი დაგვიანებით. შპს „კ-იამ“ თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ვერ განახორციელა საზღვარგარეთიდან ლითონის შემოტანა, რის გამოც ვერ მოხერხდა სამუშაოს შესრულება შეთანხმებულ ვადაში. კასატორის მითითებით, ვინაიდან ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა არ მომხდარა მოსარჩელის ბრალით, ამიტომ ხელშეკრულებაში ჩადებული გაქვითვის უფლება სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ-იის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ავანსის სახით გადასახდელი 140000 ლარი გადაიხადა 37 დღის დაგვიანებით, სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულება შეთანხმებულ ვადაში. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა, სასამართლოს ურთერთმოთხოვნათა გაქვითვა არ უნდა განეხორციელებინა.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ზემოხსენებულ გარემოებაზე კასატორს (მოსარჩელეს) არ მიუთითებია არც მაშინ, როცა მოპასუხის შესაგებელი ჩაიბარა და არც თავის სააპელაციო შესაგებელში, შესაბამისად, მასზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თუნდაც ავანსის ჩარიცხვა 37 დღის დაგვიანებით განხორციელებულიყო, კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რამდენად განაპირობა ამ ფაქტმა მის მიერ ვალდებულების 241 დღის დაგვიანებით შესრულება.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „კ-იის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1501 ლარის) 70% – 1050.70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ-იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „კ-იას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1501 ლარი, საგადახდო დავალება N..., გადახდის თარიღი – 2014 წლის 18 ივნისი) 70% – 1050.70 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი