Facebook Twitter

საქმე №010210014618391

საქმე №ას-574-545-2015 15 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. შ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ.-ა, შ. შ.-ა-რ.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. შ.-ამ და შ. შ.-ა-რ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა, ც. დ.-ესა (ქორწინების შემდგომი გვარი შ.-ა) და ბ. შ.-ას შორის 1994 წლის 9 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების აქტის №13 ჩანაწერის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 1997 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა ი. შ.-ასა და შ. შ.-ა-რ.-ას ბაბუა – ა. შ.-ა. გარდაცვლილი პირის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოსარჩელეების მამამ – ბ. შ.-ამ, რომელიც გარდაიცვალა 1997 წლის 25 ნოემბერს.

ბ. შ.-ას სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღეს მისმა შვილებმა – ი. შ.-ამ და შ. შ.-ა-რ.-ამ.

ი. შ.-ა დაიბადა 1973 წლის 3 ივლისს. მისი მშობლები – ბ. შ.-ა და ა.-თ ჩ.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან.

1985 წლის 7 მარტს ბ. შ.-ა დაქორწინდა ი. ფ.-სთან. მათ ქორწინების განმავლობაში შეეძინათ შვილი – შ. შ.-ა-რ.-ა.

მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ი. ფ.-სთან რეგისტრირებული ქორწინების არსებობის მიუხედავად, 1994 წლის 9 სექტემბერს ბ. შ.-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ც. დ.-ესთან.

მხარის მითითებით, როგორც 1994 წელს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, ასევე, ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი კრძალავს რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან ახალი ქორწინების რეგისტრაციას, შესაბამისად, ბ. შ.-ასა და ც. დ.-ეს შორის 1994 წლის 9 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ბ. შ.-ასა და ი. ფ.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინების არსებობის ფაქტი. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოსარჩელეები ვერ მიიღებენ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს, რადგან 1998 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით ი. შ.-ას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით ც. შ.-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 27 მარტის განჩინებით აპელანტ ც. შ.-ას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

აპელანტმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს, აპელანტმა განმეორებით წარადგინა სააპელაციო საჩივრის ბლანკი, რომელიც კვლავ არ შეიცავდა მითითებასა და დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება ც. შ.-ას სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ასევე არ გამოუსწორებია ხარვეზი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში, რის გამოც ც. შ.-ას სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ც. შ.-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ აპელატს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ვინაიდან ც. შ.-ამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მიუთითა თავისი მოთხოვნა და ის გარემოებები, რის გამოც ითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. ამასთან, სააპელაციო საჩივრით მხარემ იშუამდგომლა, იმ მომენტისათვის შესაბამისი სახსრების უქონლობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა მისი სააპელაციო საჩივარი და არასწორად ჩათვალა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ც.შ.-ას მოსაზრებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. შ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 27 მარტის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ ც. შ.-ას დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

შპს „სკს-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს 2015 წლის 1 აპრილს ც. შ.-ას პირადად ჩაბარდა (ს.ფ. 110).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 2 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 13 აპრილს (2015 წლის 11-12 აპრილი იყო უქმე, არასამუშაო დღეები), თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილს, რაც დასტურდება განცხადებაზე დართული კონვერტით (ს.ფ. 121) და იშუამდგომლა, იმ მომენტისათვის შესაბამისი სახსრების უქონლობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ამავდროულად, აპელანტმა განცხადებას დაურთო სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენდა ც. შ.-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაში იმყოფება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. შ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე